მთავარი,სიახლეები

საჯარო რეესტრი სანავიგაციო სისტემის დამუშავებას იწყებს

23.11.2017 • 2386
საჯარო რეესტრი სანავიგაციო სისტემის დამუშავებას იწყებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სანავიგაციო სისტემის დამუშავებას იწყებს. სააგენტო ციფრული კარტოგრაფირების სისტემური, ტექნიკური აპარატის გამოყენებას რამდენიმე დღეში დაიწყებს. საველე წესით შეგროვებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საჯარო რეესტრი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დაამუშავებს და გეომონაცემებს საერთაშორისო სანავიგაციო კომპანია TomTom – ს მიაწვდის. ეს კომაპანია მონაცემებს ელექტრონული რუკების ინტერნეტ და მობილურ აპლიკაციებში, ასევე  ავტომობილების ბორტკომპიუტერებსა და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავს.

ციფრული კარტოგრაფირების აპარატი სააგენტომ 335 000 ლარად  შეისყიდა. იგი ჯიპიეს სისტემითაა აღჭურვილი და სივრცეში ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეუძლია. ხუთკამერიანი აპარატი ავტომობილის თავზე თავსდება და 360 გრადუსით მონაცემებს ციფრული სახით აფიქსირებს.

„ავტომობილმა, რომელზეც აპარატი განთავსდება, გადაღებისას საათში 40-50 კილომეტრი უნდა იმოძრაოს. ერთი გავლით აპარატურა გადაიღებს შენობა-ნაგებობების  ფასადურ მდგომარეობას, გზისა და საგზაო ინფრასტრუქტურას, ელექტრობოძებს, მწვანე ნარგავებს… აპარატი აღიქვამს 20-30 მეტრის მანძილზე ყველაფერს, მაგრამ აქ  გასათვალისწინებელია დაფარულობისა და მხედველობის დონე. თუ ხშირი მწვანე ნარგავებითაა დაფარული კონკრეტული მონაკვეთი, მის უკან მხედველობა არ იქნება, შესაბამისად, შესაძლებელია ქუჩის ორივე მხარის გადაღება. სპეციალისტები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ გადაღება, გადამზადდებიან და ამის შემდეგ დავიწყებთ გადაღების პროცესს. გადაღებული მასალა კი მოგვცემს ღირებულ მასალას გზათა ქსელის, საგზაო ნიშების ციფრული კატალოგის შესაქმნელად, რაც საშუალებას გვაძლევს, ადგილმდებარეობა დავათვალიეროთ კომპიუტერიდან,“ – ამბობს საჯარო რეესტრის სანავიგაციო სისტემის პროექტის კოორდინატორი, გიორგი პეტრიაშვილი.

პროექტის კოორდინატორის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველ ეტაპზე ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალების მონაცემებს დაამუშავებს, რომლის ბაზაზე საგზაო ნიშნების ციფრული კატალოგი შეიქმნება.

„პირველ ეტაპზე ცენტრალური მაგისტრალების ზუსტი აღწერა განხორციელდება. ჩვენ კომპანია „ტომტომს“ უნდა მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც ტრანზიტს უზრუნველყოფს. ქვეყანაში შემოსულმა ტურისტებმა თავისუფლად უნდა შეძლონ გადაადგილება, შემდეგ ეტაპობრივად მოხდება გადაღებები სხვადასხვა მიმართულებით, შეიძლება გადავიღოთ ძველი თბილისი, პარალელურად გავაკეთოთ მუზეუმების მონაცემები, ამ კუთხით სამუშაო ბევრია… მნიშვნელოვანია ისიც, რომ მონაცემები ქალაქის მერიამ შეიძლება გამოიყენოს ურბანული განვითარებისთვის, დაგეგმარებისთვის, ელექტროკომპანიებმა კი – ელექტროხაზებისთვის,“ – ამბობს გიორგი პეტრიაშვილი.

ეროვნული სანავიგაციო სისტემის პროექტის ფარგლებში დამუშავებული მონაცემების გამოყენებას სხვადასხვა უწყება შეძლებს. პირველ ეტაპზე დამუშავებული მასალა პერიოდულად განახლდება.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: