2013 წლიდან გაჩერებული კანონი მომხმარებელთა უფლებებზე – მიმართვა პარლამენტსა და მთავრობას

30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის მიღებას სთხოვს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტსა და მთავრობას, კანონის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მიღებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ჯერ კიდევ 2013 წელს იყო მზად, თუმცა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მისი ინიცირება 2015 წელს შეძლო.

„2016 წლის მარტში კანონპროექტის პირველი მოსმენით ერთხმად მიღების მიუხედავად, კომიტეტმა პროექტი გამოითხოვა, რაც მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობის შედეგი იყო. მას შემდეგ მიმდინარეობს კანონპროექტის დამუშავება, მაგრამ მისი ხელახალი განხილვა და მიღება დღემდე ვერ მოხერხდა,“ – ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

მესამე სექტორის შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა და სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმები ჩამორჩება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას: მომხმარებლისათვის რთულია შელახული უფლებების აღდგენა და ზიანის ანაზღაურება; სასამართლოს გარდა, არ არსებობს სახელმწიფო უწყება, რომელსაც  მომხმარებელი მიმართავს; გაყიდული პროდუქციის გარანტიის პირობები, ხშირ შემთხვევაში, უარესია პროდუქტის მწარმოებლის მიერ დაწესებულ პირობებზე; მომხმარებელი არ არის დაცული ხელშეკრულების უსამართლო პირობებისაგან, შეცდომაში შეყვანისაგან და სხვა.

ამავე თემაზე:  რა უნდა გავითვალისწინოთ ნივთის შეძენისას

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი