38 ათასი ლარი ბათუმში ესტაკადის მშენებლობის ეტაპების ექსპერტიზისთვის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მშენებლობის ეტაპების საექსპერტო შეფასებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 38 ათასი ლარია.

„საექსპერტო შეფასების მიზანია მშენებლობის განხორციელების ეტაპების შეფასება უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველყოფისათვის… ექსპერტი, მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულებისას, ახდენს მშენებლობის პროცესის მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის საექსპერტო შეფასებას… საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი,“ – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.

ესტაკადის მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის ეტაპებია:

  • მიწის სამუშაოები (მაგ.: მიწის ვაკისის, თხრილების, არხების, ჭების მოწყობა);
  • ხაზობრივი ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები;
  • როსტვერკის მოწყობის სამუშაოები;
  • მილსადენის ან საკაბელო და სხვა სადენების მოწყობის სამუშაოები;
  • ბურჯებისა და საყრდენების მოწყობის სამუშაოები;
  • მალების მოწყობის სამუშაოები;
  • საფარის, ფენილის ან ლიანდაგის მოწყობის სამუშაოები;
  • ხაზობრივი ნაგებობის გამოსაცდელი სამუშაოები;
  • კეთილმოწყობის სამუშაოები.

მშენებლობის ეტაპების ვადები კი, სანებართვო პირობებით უნდა დაზუსტდეს.


ესტაკადის სამშენებლო სამუშაოებს ცალკე ტექნიკურ ზედამხედველობას კომპანია „ოიკო ჯგუფი“ გაუწევს, რომელთანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 137 ათას ლარზე ხელშეკრულება მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გააფორმა.

ესტაკადა კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტ“-მა უნდა ააშენოს. მშენებლობაზე ხელშეკრულება სამინისტრომ, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, 14 მილიონ 370 ათას ლარზე გააფორმა.

ზედამხედველი და მშენებელი კომპანიები სამინისტრომ ტენდერით შეარჩია

ბათუმში, პორტის მიმდებარედ, ესტაკადა 2018 წლის 20 სექტემბრამდე უნდა აშენდეს.

არის თუ არა ესტაკადის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული? –  „კავკასუს როუდ პროჯექტ“-ის დირექტორის, ლევან ტრაპაიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ესტაკადის მშენებლობისთვის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, იმ პროექტებთან მიმართებაში, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს, მშენებლობის დაწყებისთვის საჭიროა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი ბრძანება – მშენებლობის შეთანხმების შესახებ. ესტაკადის შემთხვევაში ასეთი ბრძანება ჯერ გამოცემული არ არის და ის მომზადების ეტაპზეა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com