ლაშა დეკანაძეს სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა – „ბათუმის აქციის საქმე“

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულ ლაშა დეკანაძეს მოსამართლე ლევან გელოვანმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ერთადერთი ბრალდებული იყო, ვინც ამ საქმეზე დაკავებულებიდან წარდგენილი ბრალი არ აღიარა. მას სხვა 18 დაკავებულის მსგავსად, პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში დასდო ბრალი.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალს კვალიფიკაცია შეუცვალა და უფრო მსუბუქი მუხლით გაასამართლა. ჯგუფური ძალადობის ნაცვლად მოსამართლემ ლაშა დეკანაძეს ხულიგნობის მუხლით შეუფარდა სასჯელი. ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.

ლაშა დეკანაძე გამოძიებამ 12 მარტს ადმინისტრაციული წესით დააკავა და სასამართლომ ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. რამდენიმე დღეში ლაშა დეკანაძე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

ლაშა დეკანაძის ადვოკატი, დავით ჯაფარიძე წინა სასამართლო სხდომებზე აღნიშნავდა, რომ ამ საქმეში არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ლაშა დეკანაძის ბრალეულობას. ადვოკატის მტკიცებით, პროკურატურამ 300-მდე პირი დაკითხა, მაგრამ პოლიციელების გარდა ვერავინ თქვა, რომ ლაშა დეკანაძემ ესროლა ქვები პოლიციელებს. დავით ჯაფარიძემ მთავარი აქცენტი ტელევიზიების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებზე გააკეთა, სადაც არ ჩანს ლაშა დეკანაძის მხრიდან ძალადობა.

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულ 18 პირს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების შემდეგ გაუფორმა.

ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვიაც. მათ მასობრივი ძალადობის ორგანიზებას ედავება გამოძიება. დანაშაულს არც ეს ორი ბრალდებული აღიარებს. მათ საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი