სიახლეები

ქობულეთის გამგებელი: აპრილის თვეში ხელფასი 6 ათასი ლარი ავიღე

20.04.2015 • 2279
ქობულეთის გამგებელი: აპრილის თვეში ხელფასი 6 ათასი ლარი ავიღე

 

რეზო ხარაზი
რეზო ხარაზი

„ქობულეთის საკრებულოსა და გამგეობაში აპრილის თვეში ხელფასებსა და პრემიებში გაიცა 220 ათასზე მეტი ლარი. საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი არ ჩამორჩნენ ერთმანეთს და აიღეს 8-8 ათასი ლარი. ჩვენი ინფორმაციით, იგივე მდგომარეობაა სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ჩვენ მივმართავთ  პრემიერ-მინისტრს და არჩილ ხაბაძეს. ჩვენ გვაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ერთ თვეში მიღებულ 8 ათას ლარიან შემოსავალზე, რამდენად ადეკვატურია მათი შემოსავლები არსებულ რეალობასთან“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ რეზო ხარაზი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის გამგებლობის კანდიდატი იყო.

 

სულხან ევგენიძე
სულხან ევგენიძე

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მას აპრილის თვეში 8 ათასი ლარის შემოსავალი არ მიუღია. „ყველა მუნიციპალიტეტმა საშობაო და სარვამარტო პრემია გასცა, მე არ გამიცია. მე სააღდგომოდ გავეცი. რაც შემეხება პირადად მე – აპრილის თვეში მივიღე კვარტალური დანამატი – 2 ათასი ლარი, სააღდგომო პრემია – 2 ათასი ლარი და ცხადია ხელფასი –  2 ათასი ლარი. სააღდგომოდ 100%-იანი პრემია მიიღო ყველა თანამშრომელმა. სხვა თვეებში დამსახურების მიხედვით იღებენ. ხელფასები არის ძალიან დაბალი, ამიტომ ჭირს ამ ხელფასებზე კვალიფიციური კადრების დაქირავება“, – ამბობს სულხან ევგენიძე.

 

სულხან ევგენიძე ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ურჩევნია მის მიერვე გაცემულ პრემიებს მიხედოს, როცა ის ხელისუფლებაში იყო.

სულხან ოქროპირიძე
სულხან ოქროპირიძე

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე არ აზუსტებს თუ რა თანხა აიღო აპრილის თვეში შემოსავლის სახით. „არ დამიჯამებია, ჩვეულებრივ ავიღე ხელფასი, პრემია და პრემია“, – უთხრა მან „ბათუმელებს“ და დასძინა: – „რაც შეეხებე საპრემიო პოლიტიკას ქობულეთში, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, წელს მხოლოდ ერთხელ გაიცა პრემია, დანარჩენი როგორც არის. წელს მხოლოდ ერთხელ ვაპირებთ სადღესასწაულო პრემიის გაცემას, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ გვაქვს პრემიის გაცემის უფლება“.

 

სულხან ოქროპირიძე პრემიების საკითხზე გარკვეულ რჩევებს აძლევს ნაციონალურ მოძრაობასაც:  „ჩვენთან არის ნაციონალური მოძრაობის ორი ფრაქცია. არც ერთ მათგანს არ უთქვამს პრემიის აღებაზე უარი… ზოგადად, მათ მიერ აღებულ პრემიებს და მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას გადახედონ… რამდენს იღებდნენ მე ნამდვილად არ დავინტერესებულვარ, მაგრამ იგივე პოლიტიკას აგრძელებდნენ, რაც იყო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: