ბათუმის საფეხბურთო სტადიონს სავარაუდოდ „ანაგი“ ააშენებს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონს, სავარაუდოდ, კომპანია „ანაგი“ ააშენებს.  კომპანიამ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით შპს „სტადიონის“ მიერ გამოცხადებულ  ელექტრონულ ტენდერში ფასი 99 მილიონ 448 549 ლარამდე დაწია. შესყიდვის ბიუჯეტი 101 მილიონ  700 000 ლარი იყო.

ელექტრონული ტენდერის სამივე რაუნდი დასრულდა, რომლის შემდეგაც პროცედურა შემსყიდველის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დოკუმენტაციის შემოწმებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც ხელშეკრულება გაფორმდება.

ტენდერის დასრულებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ:

„რამდენიმე წუთის წინ რეგიონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტის მშენებლობის ელექტრონული ტენდერი დასრულდა. ტენდერი შედგა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპი, რომლის შემდეგაც გაირკვევა ვინ არის გამარჯვებული. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ კი დაიწყება ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესი – პროექტი, რომელსაც საზოგადოება ასეთი დიდი ინტერესით ელოდება“.

შპს „ ანაგი“  1995 წელს დაფუძნებული სამშენებლო კომპანიაა, კომპანიის ასივე პროცენტს ფლობს ნანა აროშიძე. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის ზაზა გოგოტიშვილის მეუღლეა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი