ბიულეტენზე ზოგმა სამკუთხედი უნდა დასვას, ზოგმა ოთხკუთხედი – საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები შუახევში

შუახევის ახალარჩეულ საკრებულოს ორი დღე დასჭირდა, რომ თავმჯდომარე აერჩია. მმართველი გუნდის მიერ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, გუშინ, 21 ნოემბერს დასახელებულ გიორგი დავითაძის კანდიდატურას, თანაგუნდელებმა მხოლოდ დღეს დაუჭირეს მხარი.

ჯერ კიდევ კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატი სოსლან ზოიძეს „ნაციონაოლური მოძრაობის“, რომელსაც თანამდებობის პირების ასარჩევად ფარული კენჭისყრის შედეგები ორ წევრთან ერთად უნდა დაეთვალა, აცხადებდა, რომ პარლამენტარები და სუსის წარმომადგენლები ინდივიდუალურად შეხვდნენ შუახევის საკრებულოს მმართველი პარტიის წევრებს და გიორგი დავითაძის არჩევას აიძულეს. აქვე საკრებულოს წვერი დასძენდა, რომ დეპუტატებს ბიულეტენზე ნიშნულები გაეკეთებინათ, რითაც მათი იდენტიფიცირება მოხდებოდა.

ფოტო: აჭარის ტელევიზია

ამ განცხადებიდან რამდენმე საათში შუახევის საკრებულომ თანამდებობის პირები აირჩია, სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან ორი არ დაესწრო, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი ორმა დეპუტატმა განაცხადა.

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი დავითაძის კანდიდატურას კენჭისყრაში მონაწილე 20 წევრიდან ყველამ დაუჭირა მხარი, აქედან 19 „ქართული ოცნების“ წევრია, ერთი – „ევროპული საქართველოს“.

ხმის დამთვლელი კომისიის წევრი, სოსლან ზოიძე ამბობს, რომ ბიულეტენებზე ნიშნულები იყო გაკეთებული, ხოლო მისი მოთხოვნა, გაბათილებულიყო ნიშნულებიანი ბიულეტენები არ დაკმაყოფილდა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია წინასწარ გავაცხადე, რომ არ მომხდარიყო კენჭისყრაში მონაწილების იდენტიფიცირება და მათი ნების კონტროლი, თუმცა გაჟღერებული ინფორმაციის მიუხედევად ბიულეტენებზე ნიშნულები მაინც გააკეთეს, კენჭისყრაში, სადაც 20 დეპუტატი მონაწილეობდა ნიშნულები 16 ბიულეტენზე იყო გაკეთებული, წინასწარ იცოდნენ ვის რა ნიშნული უნდა გაეკეთებინა ბიულეტენზე. მოვითხოვე ნიშნულებიანი ბიულეტენების გაბათილება, თუმცა ჩემი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ნიშნულები საკრებულოს თანამდებობის პირების ასარჩევად გამართულ ყველა კენჭისყრის ბიულეტენს ჰქონდა გაკეთებული“, – ამბობს სოსლან ზოიძე და დასძენს, რომ „ამის ამსახველი ფოტომასალა არ მაქვს, თუმცა ვაჩვენე ტელევიზიის ჟურნალისტებს გადაეღო ეს ფაქტი“.

კომისიის წევრის თქმით, ბიულეტენებზე კანდიდატის გასწვრივ რიგითი ნომერი სხვადასხვა ფორმის ფიგურებით იყო შემოხაზული.

შუახევის საკრებულოს უხუცესი წევრი ნოდარ ქარცივაძე, რომელიც საკრებულოს მსვლელობას ხელმძღვანელობდა და რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე და მმართველი პარტიის თავმჯდომარეა შუახევში, ბიულეტენების ნიშნულების გაკეთებას არ ადასტურებს.

„ჩემი ბიულეტენი მე თვითონ შემოვხაზე და ისე შემოვხაზე როგორც მე მინდოდა, სხვებმაც ისე გააკეთეს, როგორც მათ სურდათ, ნიშნული არ გამიკეთებია. არ გაგვჭირვებია საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, შესვენება გამოვაცხადეთ და დღეს ავირჩიეთ თავმჯდომარე, გუშინ შესვენება გამოვაცხადეთ, შორს ცხოვრობენ ჩვენი დეპუტატები, გავუშვით და დღეს ჩავინიშნეთ სხდომა“, – ამბობს საკრებულოს უხუცესი წევრი.

რატომ ვერ აირჩია შუახევის საკრებულომ თავმჯდომარე გუშინ და რატომ ვერ მოიპოვა მმართველი გუნდის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა – გიორგი დავითაძემ თანაგუნდელების მხარდაჭერა, პარტიის წევრებს კითხვაზე პასუხი არ აქვთ. დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ გუშინ გამართულ კენჭისყრაზე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ზოგი საუბარს  საერთოდაც თავს არიდებს.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა, მირიან აბაშიძემ თქვა, რომ გუშინ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი: „პრობლემა არ არსებობს“.

„არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, რატომ არ დაუჭირეს მხარი, ამის მიზეზი არ არსებობს, არც კონკრეტული პასუხი, გუნდი კიდევ ერთხელ შეიკრიბა, იყო შიდა პარტიული საუბრები, თუ მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ არ არის კონკრეტული მიზეზი დასახელებული“, – აცხადებს მმართველი პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი ფატი ჭაღალიძე.

სუს-ის ჩარევაზე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, ფატი ჭაღალიძე ამბობს, რომ მსგავსი ჩარევები არ ყოფილა: „შიდა გუნდური პროცესი იყო, არანაირი სუსი და კუდის ჩართვა არ ყოფილა, უბრალოდ, გუნდს კი ჰქონდა შეხვედრა, მაგრამ ეს იყო მუნიციპალიტეტის დონეზე შიდა განხილვები“.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ვახტანგ ზოიძე აირჩიეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი