შუახევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი დავითაძე აირჩიეს

მმართველი გუნდის მიერ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გუშინ დასახელებულ გიორგი დავითაძის კანდიდატურას, თანაგუნდელებმა დღეს დაუჭირეს მხარი.

დღეს, 21 ნოემბერს, საკრებულოს სხდომას შუახევში, 24 წევრიდან ორი არ ესწრება, ხოლო ორმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

გიორგი დავითაძემ კენჭისყრაში მონაწილე საკრებულოს 20 წევრიდან ყველას მხარდაჭერა მიიღო. აქედან 19 „ქართული ოცნების“ წევრია, ერთი – „ევროპული საქართველოს“.

მმართველი გუნდის მიერ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე არჩეული დაბის მაჟორიტარი, გიორგი დავითაძე, ტარიელ ებრალიძის გამგებლობის დროს დაბის რწმუნებული იყო.

შუახევის საკრებულოს სხდომა გრძელდება.


გიორგი დავითაძე 20 ნოემბრის სხდომაზე საკრებულომ თავმჯდომარედ ვერ აირჩია. მას გუშინ მხოლოდ 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

დღეს, სხდომის დაწყებამდე, შუახევის საკრებულოს პარტია  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სოსლან ზოიძემ განაცხადა, რომ გუშინ საღამოდან დღემდე, პარლამენტარები და სუსის წარმომადგენლები ინდივიდუალურად ხვდებოდნენ შუახევის საკრებულოს მმართველი პარტიის წევრებს და გიორგი დავითაძის არჩევას აიძულებდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი