მთავარი,სიახლეები

რა გეგმები აქვს ივანიშვილს ბათუმის „იახტკლუბთან“ დაკავშირებით

21.11.2017 • 4489
რა გეგმები აქვს ივანიშვილს ბათუმის „იახტკლუბთან“ დაკავშირებით

ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს.

დეტალური პროექტი, თუ რა იგეგმება იახტკლუბის, ბათუმის ნავსადგურისა და „ჭაჭის თაუერის“ ადგილზე და მათ მიმდებარედ, ჯერ არ არსებობს.

„იახტკლუბის განვითარების პროექტი გულისხმობს 4 კალენდარული წლის ვადაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იახტ-კლუბის ექსპლუატაციაში გაშვებასა და ამოქმედებას. კერძოდ: იახტ-კლუბის მოწყობა და მისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა [მათ შორის წყალგაყვანილობისა და ელექტრო კომუნიკაციების მოწყობა], ასევე იახტ-კლუბის მომსახურეობისთვის აუცილებელი სადგურის მოწყობა, ტექნიკური სერვისის ოფისისა და იახტების განსათავსებელი ე.წ. მშრალი დოკის მშენებლობა და ა.შ. ასევე მიმდებარე ტერიტორიის განვითარება და მოქცევა ერთიან პროექტში“, – მოგვწერეს „სილქ როუდ ჯგუფიდან“.

„იახტკლუბი“

„იახტკლუბის“ მიმდებარედ არსებული ტერიტორია „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაშია. ჯგუფი საკუთრების მიმდებარე ტერიტორიებსაც ითხოვს.

იახტკლუბის განვითარებასთან დაკავშირებით „სილქ როუდში“ აცხადებენ, რომ „პროექტი [რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „საპარტნიორო ფონდი“ დააფინანსებს – ავტ.] ხელს უწყობს რეგიონში იახტინგის/საწყალოსნო სპორტის განვითარებას, ასევე საზღვაო სფეროში განათლების მქონე პირების დასაქმებასა და დატრენინგებას, ხელს უწყობს რეგიონში განსხვავებული პროფილისა და მაღალშემოსავლიანი ტურიზმის ზრდას და იძლევა აღმოსავლეთ შავ ზღვაში პატარა, მაგრამ ხარისხიანი იახტ კლუბის სახით ტურიზმისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნის შესაძლებლობას“.

რამდენად აისახება ამ პროექტის განვითარება რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე?

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ტურისტულად ძალიან მიმზიდველი ობიექტი და მისი განვითარება აუცილებელია. ამ ფორმით მისი ყოფნა არ არის სწორი, ჩათვალეთ არის დაკონსერვებული, ინოვაცია, წინსვლა არ ეტყობა. მხარს ვუჭერთ იმას, რომ იყოს პროგრესირებადი, ჩაიდოს უფრო მეტი თანხა და დაინტერესდეს უფრო მეტი ადამიანი. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაცოცხლოთ ზღვისპირა ზოლი და ამისთვის ისეთი ობიექტები როგორიც არის „იახტკლუბი“ არის ერთ-ერთი გამორჩეული ამ კუთხით. შესაბამისად, ამ პროექტს და ნებისმიერ მსგავსს, რომელიც იქნება ორიენტირებული განვითარებაზე, მივესალმებით“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა.

მოიაზრება თუ არა ამ პროექტის ფარგლებში ბათუმის ნავსადგურისა და პორტის აკვატორიის განვითარებაც – ანუ იახტკლუბის გაფართოება პორტისა და მიმდებარე ტერიტორიის ფარგლებში?

ბათუმის იახტკლუბი და პორტი

„ჩვენი ინფორმაციით, აჭარის ეკონომიკის სამინისტროში არის რამდენიმე წინადადება შესული დაინტერესებული მხარეების… გაყიდვაზე არ მიდის ლაპარაკი, ლაპარაკი არის იჯარით გადაცემაზე და ამ ბიზნესის განვითარებაზე იახტკლუბის ტერიტორიაზე. რაც შეეხება პორტს და ა.შ. ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს და ჩემი ინფორმაციით არც იგეგმება“, – აცხადებს სულხან ღლონტი.

„არსებული გეგმით გათვალისწინებულია მხოლოდ იატხკლუბის მიმდებარე და მომიჯნავე ტერიტორიების განვითარება და მოქცევა ერთიანი პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი არ მოიცავს ბათუმის ნავსადგურისა და პორტის აკვატორიას“, – მოგვწერეს „სილქ როუდ ჯგუფიდან“. მათივე ინფორმაციით, „ამ ეტაპზე პროექტი მოსამზადებელ ფაზაშია, მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და არქიტექტურული კონცეფციის დაზუსტება. მშენებლობა 2018-ში დაიწყება და 2020-ში დასრულდება“.

ბათუმის ე.წ. იახტკლუბს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“ მართავდა. მიმდინარე წლის 13 სექტემბერს კი „ბათუმის ნავსაყუდელის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა ქონება და ის აჭარის საკუთრებად დარეგისტრირდა.

საუბარია ბულვარსა და ნავსადგურს შორის არსებულ 3211 კვ/მ ტერიტორიასა და ნავსაყუდელის ნაგებობაზე, რომელიც მთლიანობაში 923 კვ/მ-ია.

„ბათუმის ნავსაყუდელში“ გვითხრეს, რომ ტერიტორია ნავსაყუდელთან ერთად ინვესტორს უნდა გადაეცეს. თუ ვის და რა ფორმით ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„იახტკლუბის“ მიმდებარედ 10 226 კვ/მ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში უკვე აქვს შეტანილი.

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს კი საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში გადასცა 1736 კვ/მ ტერიტორია, უშუალოდ ნავმისადგომის ნაწილი „იახტკლუბთან“.

მიწის ნაკვეთი „იახტკლუბის განვითარების მიზნით“ აჭარის მთავრობას გადასცა ბათუმის მერიამაც. „იახტკლუბის მიმდებარედ მერიის საკუთრებაში არსებული მიწის მცირე ნაკვეთი გადავეცით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. რაც შეეხება ჭაჭის თაუერს, მისი გასხვისება არ იგეგმება“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

ჭაჭის თაუერის გარდა, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით „იახტკლუბთან“ მერიის საკუთრებაშია 7 038 კვ/მ ტერიტორია, რომელიც თაუერსა და ნავსადგურის შენობას შორის მდებარეობს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიწის ნაკვეთები და „იახტკლუბი“ გასხვისებული ან იჯარით გადაცემული ამ დროისთვის არ არის.

ჭაჭის თაუერი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: