მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მიწის რეგისტრაცია უფასოდ კიდევ 7 თვე გაგრძელდება

21.11.2017 • 5460
მიწის რეგისტრაცია უფასოდ კიდევ 7 თვე გაგრძელდება

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2016 წლის პირველ აგვისტოს დაიწყო, შვიდ თვეში დასრულდება. ორკომპონენტიანი პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც  საპილოტეა და მიწის სისტემურ რეგისტრაციას გულისხმობს, მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო  და ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 12 გეოგრაფიულ არეალში [11 სოფელსა და ერთ მუნიციპალიტეტში] ხორციელდება.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, მასშტაბებიდან გამომდინარე ყველაზე მეტ მიწის ნაკვეთს სახელმწიფო სისტემურად შუახევის მუნიციპალიტეტში დაარეგისტრირებს. როგორ მიმდინარეობს მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა, რა ქმნის ბარიერებს და რა სახის პრობლემები იკვეთება – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, პაპუნა უგრეხელიძეს ესაუბრა.

ბატონო პაპუნა, როგორ მიმდინარეობს მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა? რამდენი სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა?

სისტემური რეგისტრაციისთვის შერჩეულ 12 საპილოტე არეალში, მათ შორის შუახევის მუნიციპალიტეტშიც,  ამ დროისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც დაიწყება აზომვითი სამუშაოების განხორციელება, რაც შეეხება მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის სპორადულ ნაწილს, მოქალაქეების მიერ ინდივიდუალური მომართვიანობის საფუძველზე, 2016 წლის 1-ელი აგვისტოდან დღემდე, 17 ნოემბრის მონაცემებით, 300 000-ზე მეტი სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეების დაინტერესება საკმაოდ გაზრდილია.

სახელმწიფო პროგრამით, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა სახის მომსახურება უფასოა, მათ შორის მიწის აზომვითი სამუშაოები, თუმცა ამზომველი კომპანიები მოქალაქეებს აზომვით სამუშაოების განხორციელებაში თანხას სთხოვენ, არის თუ არა შერჩეული კომპანიები, რომლებსაც აზომვითი სამუშაოების ვალდებულება აქვთ?

საამზომველო საქმიანობა სახელმწიფოს ხელში არ არის, სახელმწიფომ დაადგინა აზომითი სამუშაოების სავარაუდო ფასი, გამოთქვა მზადყოფნა და მისცა კომპანიებს შესაძლებლობა, რომ მიწის რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ამზომველ კომპანიებს შესრულებული სამუშაოების საფასურს გადაუხდის.

იმ შემთხვევაში, თუ ამზომველი კომპანიის მიერ აზომილი მიწის ნაკვეთი ვერ დარეგისტრირდება, სახელმწიფო თანხას არ ჩაურიცხავს კომპანიას?

პროგრამის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მხოლოდ დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფინანსდება აზომვითი საქმიანობა.

თქვენ ახსენეთ, რომ 300 000 – ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, რაც შეეხება აზომვით საქმიანობას, სულ რამდენი აზომვითი ნახაზი დაფინანსდა?

17 ნოემბრის მონაცემებით 170 000 აზომვითი ნახაზია სუბსიდირებული.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2018 წლის ზაფხულში სრულდება, ხომ არ გადაიწევს ვადა?

თუ მოსახლეობის მხრიდან იქნება მოთხოვნა, რომ რეფორმა გაგრძელდეს და შესთავაზოს ის შეღავათები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ პროექტი.

რა რაოდენობის თანხა ჩაიდო პროგრამის განსახორციელებლად და რომელი სახელმწიფო უწყება ახდენს სუბსიდირებას?

ეს არის სხვადასხვა უწების  მიერ სუბსიდირებული პროექტი, აზომვითი ნახაზების სუბსიდირებას ეკონომიკის სამინისტროს  ქონების მართვის სააგენტო ახორციელებს, სააგენტომ ნახაზების სუბსიდირებაზე უკვე 10 მილიონზე მეტი ლარი  გადაიხადა. უშუალოდ საპილოტე პროექტს, რომელიც მიწის სისტემურ რეგისტრაციას გულისხმობს 12 არეალში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

თუ ამზომველი კომპანიები აზომვითი საქმიანობის განხორციელებისთვის მოქალაქეებს თანხას მოსთხოვენ, შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს ქრთამად?

თავს შევიკავებ მკაცრი შეფასებიგან, ვინაიდან  ეს არის კერძო სექტორი, კერძო ბაზარი და თუ ამზომველი კომპანია მოქალაქეს თანხას მოსთხოვს აზომვით საქმიანობაში, მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ აზომვით საქმიანობას სახელმწიფო აფინანსებს და ისეთი კომპანია შეარჩიოს, რომელიც თანხას არ მოსთხოვს.

2012 წელს წინასაარჩევნოდ გაცემული მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები  დღეს პრობლემებს ხომ არ ქმნის მიწის რეგისტრაციისას? მიწების დასარეგისტრირებლად ისევ ის მოქალაქეები თუ მოგმართავენ ხელმეორედ?

2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული 550 000 – მდე ამონაწერი დღეს მიმდინარე პროგრამის ყველაზე პრობლემური ნაწილია. ხელაღებით ვერ გავაუქმეთ ის დოკუმენტები, რომლებიც თავის დროზე ერთი ხელის მოსმით გაიცა და რომელსაც არანაირი სამართლებრივი დასაბუთება არ ჰქონდა. როცა მოქალაქე ასეთი დოკუმენტებით მოგვმართავს, ინდივიდუალურად განვიხილავთ და ინდივიდუალური გადაწყვეტილება გამოგვაქვს, გავაუქმოთ თუ არა იმ დროს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

550 000 გაცემული ცნობიდან რამდენი გაუქმდა?

100 000 – ზე მეტი გაუქმდა, რადგან აღმოჩნდა, რომ არ იყო სწორად გაცემული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: