პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები

 

პირველი აფთიაქის დაგეგმილი ნგრევის შეჩერება 13 აპრილის მდგომარეობით იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სულ რაღაც ორი წლის წინ სხვა ძეგლების გადარჩენისთვის თავად იბრძოდნენ. ახლა ისინი საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ და შესაბამისი კოლექტიური სახელიც ჰქვია – ხელისუფალი. მათ, თავიანთი წინამორბედის მსგავსად მიაჩნიათ, რომ ინვესტორისგან მიღებული სიკეთე უფრო მეტია, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობა. ბათუმში, ევროპის მოედანზე განთავსებული ყოფილი #1 აფთიაქის შენობის დანგრევის სურვილი ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა. ახლა ჯერი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოზეა. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოც ვერ შეძლებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას – საზოგადოების ჯერი დადგება. 

პირველი აფთიაქი

ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა ევროპის მოედანზე
ყოფილი პირველი აფთიაქის შენობა ევროპის მოედანზე

პირველი აფთიაქი – დღემდე ასე უწოდებენ მემედ აბაშიძის გამზირზე #34-ში მდებარე შენობას, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს ბათუმში. სხვადასხვა წყაროს ცნობით, შენობაში თავიდანვე ფუნქციონირებდა „პეტკევიჩის აფთიაქი“ და „სოკოლოვსკის სამკურნალო“. ამ აფთიაქს მოიხსენიებს ცნობილი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი წიგნში „ზღაპრული ქვეყანა“. ჰამსუნი ბათუმში 1899 წელს ჩამოვიდა, მწერალი ავად გამხდარა, ამიტომაც დასჭირვებია აფთიაქი.

აბაშიძის ქუჩას XX საუკუნის დასაწყისში მარიას გამზირი ერქვა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ განაშენიანებული და საქმიანი ქუჩა ყოფილა ძველ ბათუმში. XX საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდნენ ქალაქის შეძლებული ოჯახები და ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი დანიშნულების სხვადასხვა ობიექტი. მოედანზე (დღეს – ევროპის მოედანი) აშენებული სახლების ფასადები მდიდრულად და გემოვნებით ყოფილა გაფორმებული.

პირველი აფთიაქი თავდაპირველად ერთსართულიანი შენობა ყოფილა, მეორე სართული მოგვიანებით დაუშენებიათ, მაგრამ როგორც სპეციალისტები წერენ – ისე, რომ „სართულების მასშტაბი და დანაწევრების რიტმი სავსებით შეესაბამებოდა ერთმანეთს“.

კიდევ ერთი სართული პირველ აფთიაქს 2010 წელს დააშენეს. ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის ინიციატივით შეიცვალა როგორც აფთიაქის შენობის, ისე მთელი მოედნის ურბანული ქსოვილი.

სწორედ ამ „ცვლილებას“ უწოდეს სპეციალისტებმა „ისტორიის გაყალბება“ და „კიჩი“.

პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესი

2010 წელს, ერას მოედნის, მათ შორის პირველი აფთიაქის რეკონსტრუქციაზე სააკაშვილის ხელისუფლებამ სოლიდური თანხა დახარჯა. რეკონსტრუქციის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, აფთიაქის ახალგარემონტებულ შენობაში წყალი ჩავიდა და შენობის შიდა ინტერიერი (ჭერი, კედლები) სრულიად დააზიანა. ქალაქის ცენტრში, კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შენობის ინტერიერის განადგურების შეჩერება არავის უცდია. სწორედ მაშინ გაჩნდა განცდა, რომ ამ შენობის, ისე როგორ ძველი ფოსტის ბედი გადაწყვეტილი იყო. მართლაც, 2011 წლის 28 იანვარს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ პირველი აფთიაქი გაყიდა 1 მილიონ დოლარად. პირობა ასეთი იყო: მყიდველს – კომპანია „ჟასმინს“ 16 თვის ვადაში 40-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა.

2012 წლის არჩევნების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება მოახერხებდა ბათუმში შეუნარჩუნებინა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შენობა, ინვესტორის დაზარალების გარეშე და ამას მთავრობა თუნდაც იმიტომ გააკეთებდა, რომ არ მოუნდებოდა გაეიგივებინათ ყოფილ ხელისუფალთან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა: ამჟამინდელი ხელისუფლება იზიარებს ყოფილის გამოცდილებას – კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ხარჯზე მოიზიდოს ფული.

პროექტი
პროექტი

სწორედ ამის დასტურია, 2013 წლის 25 სექტემბერს ახალი ხელისუფლების მიერ „ჟასმინთან“ მიღწეული ახალ შეთანხმება: კომპანიას ყველა საგადასახადო ვალდებულება, ჯარიმა ჩამოაწერა და კიდევ უფრო მოცულობითი შენობის აშენების უფლება მისცა – ნაცვლად 40 ნომრისა, ახლა 50-ნომრიანი სასტუმრო უნდა აშენდეს.

„იმ მოედანზე ძეგლი აღარ დარჩა. აფთიაქის შენობა რაც იყო 15 წლის წინ, ის აღარ არის. მე, პირადად მშენებლობას არ ვეწინააღმდეგები, მთავარია, იქაურობას მოუხდეს“, – ეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ლადო მგალობლიშვილის პოზიციაა.

მინისტრის მოადგილის (ანუ ზემდგომი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის) პოზიციის მიუხედავად, „ჟასმინს“ აფთიაქის შენობის ადგილას მშენებლობის წარმოებაზე ერთხელ უკვე უთხრეს უარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. „ჟასმინის“ თხოვნას – მიეცათ მშენებლობაზე თანხმობა, 2015 წლის 27 იანვარს სააგენტოს დირექტორის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა თენგიზ ცინცაძემ ხელი არ მოაწერა. კატეგორიული უარი თქვა სააგენტოს დირექტორთან არსებულმა სარეკომენდაციო საბჭომაც – უარყოფით დასკვნას საბჭოს ექვსმა წევრმა მოაწერა ხელი.

მას შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ერთი არსებითი ცვლილება მოხდა – თენგიზ ცინცაძე სააგენტოდან დაითხოვეს, „ჟასმინმა“ კი, პარალელურად სააგენტოს უარი აჭარის განათლების სამინისტროში გაასაჩივრა. სამინისტრომ გასულ კვირას იმსჯელა საჩივრის გარშემო და დაკუმენტები განმეორებითი განხილვისთვის ისევ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაუბრუნა. ამჯერად ჯერი მირანდა ჩარკვიანზეა, სააგენტოს უფროსად თენგიზ ცინცაძის შემდეგ სწორედ ის დანიშნეს. შესაბამისად, არქიტექტურული, კულტურული თუ ისტორიული თვალსაზრისით ბათუმისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული ძეგლის ბედი, ამ ეტაპზე სწორედ იმ ადამიანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ვინც არაერთი წლის განმავლობაში იბრძოდა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის.

სააგენტოს დირექტორი საკმაოდ რთულ სიტუაციაშია, რადგან „ჟასმინსა“ და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2015 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული შეთახმებით ერთი რამ სრულიად ნათელია: ამ ხელშეკრულებით სამინისტრო არც კი უშვებს, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა შეიძლება ხელი არ მოაწეროს კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას, ანუ არ დათანხმდეს მშენებლობას (კულტურული მემკვდრეობის დაცვა სწორედ სააგენტოს მოვალეობაა, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან წელს 733 ათას 102 ლარი აქვს გამოყოფილი). აჭარის ფინანსთა სამინისტრო `ჟასმინთან~ გაფორმებულ შეთანხმების აქტში პირდაპირ წერს: „2014 წლის 20 მაისამდე აიღოს მშენებლობის ნებართვა არანაკლებ 50-ნომრიან სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის“.

ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს #1 აფთიაქის ბედი. ურყევია მინისტრ დავით ბალაძის პოზიციაც – მან გასულ კვირას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ასეთი პროექტებისთვის უარის თქმა არ გამოვა“. 

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ინვესტიციები მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. იგივე განცდა აქვთ კულტურული მემკვიდრეობის დამცველებსაც. მაგრამ მათ ხედვებს შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა – ისე როგორც ხელისუფლებას (ყოველ შემთხვევაში ეს საჯაროდ არის გაცხადებული), არც კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს სურთ ინვესტორი დაზარალდეს, ამიტომ ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავენ ინვესტორს სხვაგან შესთავაზოს მშენებლობისთვის ფართობი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მოქალაქეებს სურთ აფთიაქის შენობის ნაცვლად კომპანია „ჟასმინს“ ბათუმის ცენტრალურ უბანში, ზღვასთან ახლოს გამოუყოს ხელისუფლებამ მიწის ნაკვეთი.

სხვათა შორის, მსგავსმა პრაქტიკამ ერთხელ უკვე გაამართლა ბათუმის ცხოვრებაში – 2012 წელს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თავისი მრევლის მონაწილეობით არაერთი აქცია და წირვა გამართა გოგებაშვილისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ბათუმის გათავისუფლებისთვის მებრძოლთა ცხედრები იქნა აღმოჩენილი. სწორედ ეს ტერიტორია გადასცა ლევან ვარშალომიძემ კომპანია „სისთემ ინშაათს“ საკუთრებაში. კომპანია აქ მაღლივი კორპუსის მშენებლობას გეგმავდა. საპროტესტო აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა თავისი გადაწყვეტილება შეეცვლა და „სისთემ ინშაათს“ მოპირდაპირე მხარეს გამოუყო მიწის ნაკვეთი. „სისთემ ინშაათი“ მრავალსართულიან კომპლექსს დღესაც აშენებს, ანუ მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის შეთავაზებას ინვესტორი არ დაუფრთხია.

რამდენად არის შესაძლებელი ხელისუფლებამ „ჟასმინსაც“ იგივე წინადადება შესთავაზოს, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთხელ ეფექტურად გამოიყენა, მით უფრო, რომ თავად „ჟასმინმაც“ დაარღვია თავდაპირველი ხელშეკრულების პირობები. ამ კითხვაზე პასუხს ძეგლის ქომაგები ვერ იღებენ ხელისუფლებისგან. არაოფიციალურ ვერსიად კი ის განიხილება, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა კონკრეტულმა პირებმა „ჟასმინთან“ მიღწეული შეთანხმებით“ ძალიან კონკრეტული ფულადი სარგებელი ნახეს.

პირველი აფთიაქი და კულტურული მემკვიდრეობის დამცველი აქტივისტები

კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ყოფილი პირველი აფთიაქის დათმობას არ აპირებენ. აქტივისტებს ჯერ კიდევ ხელისუფლების გონიერების იმედი აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება საპროტესტო აქციები აფთიაქის შენობის გადასარჩენად. აქტივისტებს საპროტესტო აქციების გამოცდილება იქედან მოყოლებული დაუგროვდათ, რაც 2011 წელს ბულვარის დასაცავად გამოვიდნენ, მაგრამ დამარცხდნენ. ერთ-ერთი ბოლო აქციის ჩატარება კი „რვაფეხას გადასარჩენად“ გახდა აუცილებელი. ახლა ჯერი აფთიაქის შენობის გადარჩენაზე. აქტივისტებმა იციან (მრავალწლიანი პრაქტიკა ასეთია, საქართველოში ყველა დროის ხელისუფალს მხოლოდ ერთად შეკრებილი ბევრი ხალხის ხმა ესმის), რომ აფთიაქის გადასარჩენადაც მოუწევთ მასშტაბური აქციების ჩატარება.


პირველი აფთიაქი
პირველი აფთიაქი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ეთერ თურაძე