მთავარი,სიახლეები

ართვინის გუბერნატორი: საბაჟოზე ინციდენტის გამო თანამშრომლების ნაწილი გათავისუფლებულია თანამდებობებიდან

16.11.2017 • 4127
ართვინის გუბერნატორი: საბაჟოზე ინციდენტის გამო თანამშრომლების ნაწილი გათავისუფლებულია თანამდებობებიდან

„მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლის ფარგლებშიც, ინციდენტის მონაწილე თანამშრომლების ნაწილი გათავისუფლებულია თანამდებობებიდან, ხოლო ნაწილი – სხვა ლოკაციაზეა გადაყვანილი“ – განაცხადა დღეს, 16 ნოემბერს,  ართვინის გუბერნატორმა ომერ დოღანაიმ იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტსა და თურქ მებაჟეებს შორის. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით თურქეთში, ართვინის გუბერნიაში სამუშაო ვიზიტით მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დელეგაციასთან ერთად იმყოფება. აჭარის დელეგაციას ართვინის გუბერნატორი მასპინძლობს.

შეხვედრა ართვინის გუბერნატორთან / აჭარის მთავრობის ფოტო

„სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ორი სასაზღვრო რეგიონის აქტიურ თანამშრომლობას საბაჟო სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს განახლებული „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაც, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ართვინის გუბერნატორთან შეხვედრისას.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ართვინის, რიზესა და ტრაპიზონის რეგიონების გუბერნატორებთან და მერებთან. ასევე, შეხვედრები გაიმართება ხოფისა და ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებში, რიზეს უნივერსიტეტში და საქართველოს გენერალურ საკონსულოში“.


სარფში საზღვრის გადაკვეთაზე მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უარი უთხრეს. როგორც ისინი ამბობდნენ, მათ მებაჟეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, პასპორტისა და მობილური ტელეფონის წართმევაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტიც საუბრობდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: