ქედის საბავშვო ბაღების პერსონალი შესაძლოა გადაამზადონ

ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ქედის მუნიციპალიტეტში არსებულმა საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია გაიარონ, ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა გადამზადებასა თუ სკოლამდელი განათლების დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაქცევად, საჭირო ფინანსურ რესურს გამგეობა მომავალი წლის ბიუჯეტში ასახავს.

ლევან გორგილაძე ამბობს, რომ თანხების ზუსტი ოდენობა, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა დასჭირდება თანამშრომელთა გადამზადებასა თუ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, საკითხის შესწავლის შემდეგ დაზუსტდება.

„ავტორიზაციის პრინციპი ისეთია, რომ  ის, რაც არ აკმაყოფილებს მოთხოვნას, უნდა გამოსწორდეს, თუ სისუსტეები გამოვლინდება  საბავშვო ბაღში დასაქმებულ კადრებთან დაკავშირებით, თანამშრომლებს გადავამზადებთ, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურის კუთხით იქნება ცვლილებები საჭირო, შესაბამისად გატარდება. ჩვენი პირველი ამოცანაა სკოლამდელი განათლების დაწესებულებებმა თანამედროვე სტანდარტები დააკმაყოფილოს,“ – ამბობს ლევან გორგილაძე.

რა სახით მოხდება ბაგა-ბაღის თანამშრომელთა გადამზადება და სწავლების რა ფორმას აირჩევს გამგეობა, ახალარჩეული მერი ამბობს, რომ შესაბამისი პროექტი მომზადდება და კადრების გადამზადებაც პროგრამულად გაიწერება:

„ეს იქნება როგორც საუნივერსიტეტო განათლება, რომელიც ტრადიციულად არსებობს, ასევე იქნება ტრენინგკურსები, მივლინება სამუშაო ადგილებზე… ვფიქრობ, კადრების გადამზადება დიდ ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული. გადამზადების საუკეთესო ფორმას ავირჩევთ, შესაბამისი პროექტი დამუშავდება, რომელიც შეიძლება როგორც თანადაფინანსებით, ასევე სრული დაფინანსებით განხორციელდეს“.

საბავშვო ბაღების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები ქედის საკრებულომ წელს,  29 სექტემბერს, საკრებულოს მორიგ სხდომაზე დამტკიცა. ქედის საკრებულოს დადგენილებით, საბავშვო ბაღის აღმზრდელ პედაგოგს უმაღლესი განათლება მოეთხოვება, რაც შეეხება აღმზრდელ-ასისტენტს, მას საშუალო განათლება უნდა ჰქონდეს და ამასთან, გადამზადებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; ჯანდაცვის მიმართულებით უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს მედდას ან პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია. განათლებასთან ერთად მედდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებში, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად სამედიცინო სფეროში არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილებაცაა ჩადებული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვრცელდება ტექნიკურ პერსონალზეც, რომლებსაც დაკავებული პოზიციის შესაბამისი პროფესიული განათლება ან დაწესებულებაში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება დაწესებულების დირექტორს, მთავარი მოთხოვნა უმაღლესი განათლება და მუშაობის ერთწლიანი გამოცდილებაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი