მთავარი,სიახლეები

„სუფთა” ენერგიის მომხმარებელი სახლები

13.11.2017 • 3044
„სუფთა” ენერგიის მომხმარებელი სახლები

ნულოვანი ენერგიის სახლები მხოლოდ სუფთა ენერგიას მოიხმარენ ყოველდღიური საჭიროებისთვის. ამგვარი სახლი მფლობელის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზოგავს.

მართალია, ნულოვანი ენერგიის სახლები ჯერჯერობით დიდი იშვიათობაა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ზრდადი ენერგეტიკული ხარჯები ენერგოეფექტურ სახლებსა და შენობა-ნაგებობებზე მოთხოვნილებას მალე გააჩენს.

სახლის მყიდველები ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას სამშენებლო მასალების ენერგოეფექტურობაზე და წინასწარ განსაზღვრავენ შესაძლო ენერგეტიკულ ხარჯებს. სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებიც მოთხოვნის შესაბამისად ცდილობენ ამ მხრივ სულ უფრო და უფრო დახვეწონ პროდუქტი.

კომპანიები KB Home და New Town Builders ნულოვანი ენერგიის სახლებს აგებენ, რომლებიც ჩვეულებრივ სახლებთან შედარებით ძვირი ღირს, თუმცა დიდ ენერგეტიკულ ხარჯებს ზოგავს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ენერგოეფექტური სახლის მოდელს, რომელიც მზის ენერგიას იყენებს და სხვა ტიპის ენერგომზოგავი სისტემებითაცაა აღჭურვილი.

E-Cube 

E-Cube ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტში შემუშავებული სახლის გეგმა, შედარებით ხელმისაწვდომია ფასის თვალსაზრისითაც ნულოვანი ენერგიის სხვა სახლებთან შედარებით და მზის ბატარეებითაა აღჭურვილი. ნაგებობის აწყობა, მარტივად, დიდი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი.

სახლს შეგიძლიათ კუბის გარდა სხვა ფორმაც მისცეთ და ფართობიც თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ საჭიროების, ფინანსური შესაძლებლობების და გემოვნების მიხედვით.

ფოტო: solardecathlon.ugent.be

Yannel Residence

Goldberg General Contract-ის მიერ აშენებული სახლი Farr Associates -ის დიზაინითაა შექმნილი. სახლი ჩიკაგოშია და მაიკლ იანელის ოჯახს ეკუთვნის.

2009 წელს აშენებული სახლის მშენებლობაში 1,6 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მასზე დამონტაჟებული მზის ბატარეები საჭიროზე 40% მეტ ენერგიას გამოიმუშავებს.

ggcinc.net

UC Davis West Village 

კალიფორნიის უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნულოვანი ენერგიის შენობათა ფართომასშტაბიანი პროექტი UC Davis West Village განახორციელა.

პროექტის პირველი ეტაპისთვის 300 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა. აშენდა 315 ბინა, დასასვენებელი კომპლექსი, მოეწყო სოფლის მოედანი და 42 500 კვადრატული მეტრი კომერციული ფართობი. ნულოვანი ენერგიის იდეაზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურული სივრცე 130 აკრ ფართობს მოიცავს და დაახლოებით 3000 ადამიანზეა გათვლილი. პროექტით აგებული კორპუსები 662 მცხოვრებს უზრუნველყოფს ბინით და 343 ოჯახს კერძო სახლით.

mashable.com

zHome

ვაშინგტონში, ისაკუა-ჰაილენდზე განთავსებულ ათბინიან საცხოვრებელ კომპლექსს zHome მისია აქვს დაამტკიცოს, რომ მზის ენერგიის ეფექტურად ათვისების გარდა ნულოვანი ენერგიის სახლების მცხოვრებლები წყალსაც 60 %-ით ნაკლებს მოიხმარენ და, შესაბამისად, მათ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანიც მინიმუმამდეა შემცირებული.

სახლებს აქვს კარგად იზოლირებული კედლები, ორმაგშუშიანი ფანჯრები, გარდა მზის ელემენტებისა აღჭურვილია აბაზანისა და საპირფარეშოსთვის წვიმის წყლის შემგროვებელი სისტემით, რომლის საშუალებითაც მტკნარი, სასმელი წყალი იზოგება.

 

ფოტო: kingcounty.gov

Harmony House

ეს სახლი კანადის ერთ-ერთი პროვინციის, ბრიტანეთის კოლუმბიის ყველაზე ენერგოეფექტურ სახლადაა მიჩნეული.

სახლი მეორადი, გადამუშავებული მასალებითაა აგებული და კანადის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია, როგორც მდგრადი, ენერიის დამზოგავი და მინიმალური დანახარჯებით აგებული საცხოვრებელი, რომელიც ახალი თაობის კანადური მწვანე საცხოვრებლის მოდელად შეიძლება იქცეს. საცხოვრებელი Harmony House ლი და ლინდა მონკრიფებს ეკუთვნით და მათი მეგობრის, არქიტექტორ კრის მატოკოს აგებულია.

Technion Cornell Campus

კორნელისა და ისრაელის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტებმა 2011 წელს მოიგეს ტენდერი ნიუ-იორკში, კუნძულ რუზველტიზე ასპირანტურისა და ინჟინერიის კამპუსების ასაშენებლად.

ეს შენობაც ნულოვანი ენერგიის იდეის მიხედვითაა აგებული და ნიუ-იორკის ერტ-ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური შენობაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: