მთავარი,სიახლეები

ვინ აპირებს საკადრო ცვლილებებს – ახალი მერების პირველი სამუშაო დღე

13.11.2017 • 2326
ვინ აპირებს საკადრო ცვლილებებს – ახალი მერების პირველი სამუშაო დღე

არჩეული მერები დღეს, 13 ნოემბერს უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგნენ. ახალ მერებს კაბინეტებში ძველი გამგებლები და მერი დახვდათ. აჭარის რეგიონში არჩეული მერებიდან ჯერ არავინ ამხელს, ვინ იქნებიან ვიცე-მერები. საკადრო ცვლილებებს ღიად მხოლოდ ქობულეთის ახალი მერი აანონსებს.

„ამ ეტაპზე რეორგანიზაცია და ცვლილებები არ იგეგმება. არსებობს რამდენიმე ვაკანსია და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი. დავაკვირდები მუშაობის პროცესს და თუკი საჭიროება იქნება, თანამშრომელს შევთავაზებთ გადამზადებას, ტრენინგს. გათავისუფლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ,“ – ამბობს ხულოს ახალი მერი გოჩა მელაძე.

სამსახურიდან ვინმეს გაშვებას არც ლევან გორგილაძე გეგმავს, ქედის მუნიციპალიტეტის მერი. „ასეთი შეხედულება არ მაქვს, რომ ვინმე უნდა შევცვალო გამგეობაში, ამ მიზნით და მიზეზით არ მოვდივარ,“ – უთხრა მან დღეს „ბათუმელებს“.

„შესაძლებელია რაღაც მონაცვლეობები იყოს. კონსულტაციებს გავდივარ და ჯერ ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა შუახევის ახალმა მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ.

საკადრო ცვლილებებზე პოზიციის დაფიქსირება არ ისურვა  ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ: „თავის დროზე გაიგებთ ყველაფერს. ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. გამარჯობა ხომ უნდა ვუთხრა თანამშრომლებს?“

„საკადრო ცვლილებები იქნება და ეს პირველი სამუშაო კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი,“ – ამბობს მირიან ქათამაძე, ქობულეთის მერი. მისი თქმით, ცვლილებები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულ უწყებებსაც შეეხებათ, თუმცა რა სახით და რა მასშტაბით, ამას მირიან ქათამაძე ამ დროისთვის არ აკონკრეტებს.

„გავდივარ კონსულტაციებს… მოადგილეებს დღეს შეუწყდათ უფლებამოსილება. შესაძლოა ხვალისთვის უკვე ცნობილი იყოს, ვინ იქნებიან მოადგილეები. ამას ჯერ ვერ გეტყვით,“ – გვითხრა მირიან ქათამაძემ.

ვიცე-მერებს არც ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ასახელებს. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კი იგი ამბობს, რომ ეს მოსალდენლი იმ შემთხვევაში იქნება, თუკი მის ტემპს მერიაში ვერ აყვებიან.

ხულოს ყოფილი გამგებელი და ახალი მერი გოჩა მელაძე / 13.11.2017 / ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე / 13.11.2017/ ფოტო: შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

 

ქედის ყოფილი გამგებელი და ახალი მერი ლევან გორგილაძე / 13.11.2017 / ეკა ბარამიძის ფოტო

 

ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე თანამშრომლებს ხვდება / 13.11.2017 / ფოტო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

 

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე / 13.11.2017/ ფოტო მირიან ქათამაძის ფეისბუქ გვერდიდან

 

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე / 13.11.2017/ ფოტო: ბათუმის მერია

მთავარ ფოტოზე: აჭარის რეგიონის ახლადარჩეული მერები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად / ფოტო: აჭარის მთავრობა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: