მთავარი,სიახლეები

ქედის პირველი არჩეული მერი: „არ გამოვრიცხავ, მოადგილედ ოპოზიციონერი დაინიშნოს“

13.11.2017 • 4027
ქედის პირველი არჩეული მერი: „არ გამოვრიცხავ, მოადგილედ ოპოზიციონერი დაინიშნოს“

ქედის პირველ არჩეულ მერს – ლევან გორგილაძეს უფლებამოსილება ყოფილმა გამგებელმა დღეს, 13 ნოემბერს გადააბარა. გადაბარებას წინ უძღოდა საჯარო მოხელეებთან ყოფილი გამგებლის დავით დუმბაძის და მერის შეხვედრა სააქტო დარბაზში. პირველ შეხვედრაზე ლევან გორგილაძემ თანამშრომლებს უთხრა, რომ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს და მათ თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ლევან გორგილაძე ასევე არ აპირებს თანამშრომლების გათავისუფლებას ქედის გამგეობის ბალანსზე არსებულ ააიპ-ებსა თუ შპს-ებში.  კითხვაზე, ვის დანიშნავს მოადგილეების პოზიციებზე, პასუხობს, რომ ამას გუნდი გადაწყვეტს.

„ასეთი შეხედულება არ მაქვს, რომ ვინმე უნდა შევცვალო გამგეობაში, ამ მიზნით და მიზეზით არ მოვდივარ. მთავარია, პირველ ეტაპზე გავეცნო თანამშრომლებს, მათი მუშაობის სპეციფიკას. რაც შეეხება მოადგილეების სამ შტატს, ამ დროისთვის თავისუფალია, ყველა მიმართულებით გავივლით კონსულტაციას. შევჯერდებით იმ კანდიდატზე, ვინც კომპეტენტურია და ვისაც უკეთესად შეეძლება ამ პოზიციაზე მუშაობა. ამ დროისთვის სავარაუდო კანდიდატებიც არ გვყავს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნიშას, მართალია, ჩემი თანამდებობა პოლიტიკურია, თუმცა მე არ ვარ პოლიტიკური ფიგურა და რომელიმე პოლიტიკური ძალის აქტიური მიმდევარი, მე ხალხს უნდა ვემსახურო და ვფიქრობ, ჩემი მოადგილეც ისეთი უნდა იყოს, ვინც ხალხს სჭირდება, არ გამოვრიცხავ, ის ოპოზიციონერი, ან ჩემსავით პოლიტიკურად თავისუფალი იყოს,“ –  განაცხადა ლევან გორგილაძემ.

ქედის ახალი მერი საშტატო ნუსხის გადახედვას აპირებს. იგი ამბობს, რომ დააკვირდება თანამშრომლების მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში, კადრებს გადაამზადებს: „თუკი სტრუქტურული ცვლილება დარჩება საჭირო, ამაზეც ვიფიქრებთ, დავაკვირდები თანამშრომლების მუშაობას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომლის გადამზადების საჭიროებას დავინახავ, კვალიფიკაციის ამაღლებასა და კადრების გადამზადებაზე ვიზრუნებ. ეტაპობრივად ერთდონიანი მართვის სისტემიდან ორდონიან მართვის სისტემაზე გადასვლა მოგვიწევს. საჭიროა, სათემო საბჭოები შეიქმნას“, – დასძინა ლევან გორგილაძემ.

 

ქედის მერის ლევან გორგილაძის პირველი სამუშაო დღე/ 13.11.2017/ ფოტო: ეკა ბარამიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: