მთავარი,სიახლეები

რამდენმა პირმა თქვა უარი ნარკოტესტირების დროს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე

13.11.2017 • 2170
რამდენმა პირმა თქვა უარი ნარკოტესტირების დროს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე

2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ნარკოტესტირების დროს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი უთქვამს 2 321 ადამიანს. ამ პერიოდში სამართალდამცველებს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე სულ 34 011 პირი გადაუყვანიათ განყოფილებაში. სტატისტიკური მონაცემი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნარკოტესტირებით შემოწმებული პირებიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა 13 972 ადამიანს. შსს-ს ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემი ასახავს, როგორც ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წარმოდგენილ პირებს, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს, სხვადასხვა დანაშაულისთვის აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილებით წარმოდგენილ პირებს, აგრეთვე ძალოვანი უწყებების უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილ მოსამსახურეებს.

ნარკოტესტირებისთვის დაკავებულ პირს უფლება აქვს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი თქვას. ცვლილება კანონში გასული წლის დასაწყისში შევიდა, რომლის მიხედვითაც პოლიციელს ისევ აქვს უფლება „ოპერატიუილი ინფორმაციის საფუძველზე“ ნარკოტესტირებისთვის პირი შემოწმებაზე გადაიყვანოს, თუმცა დაკავებულს ასევე აქვს უფლება უარი უთხრას პოლიციელს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე. ამის მიუხედავად, სამართალდამცველებს უფლება აქვთ ნარკოტესტირებისთვის განყოფილებაში გადაყვანილი პირი 12 საათის განმავლობაში არ გაათავისუფლონ.

ნარკოტესტირების არსებული მოდელს აპროტესტებს სახალხო დამცველი. მის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. სასამართლოს ჯერ არ შეუფასებია, რამდენად კონსტიტუციურია, როცა სამართალდამცავს შეუძლია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს დაუსაბუთებლად ნარკოტესტირების გავლა.

ამავე თემაზე:

სახელმწიფოს აგრესიული ნარკოპოლიტიკის ფასი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: