ხულოში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი სოფელ დეკანაშვილებში აშენდება

ხულოს მუნიციპალიტეტში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი სოფელ დეკანაშვილებში აშენდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. სამინისტროს შპს ბალანსი XXI მომსახურების ცენტრის აშენებას 279 175 ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 315 167 ლარი იყო.

სოფელ დეკანაშვილებში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 დღეში უნდა აშენდეს.

აჭარის სოფლებში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდად  ალტერნატიული სისტემის შექმნა აჭარის მთავრობამ გასულ წელს დააანონსა. შესაბამისი პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში ხუთი მომსახურების ცენტრისა და ბათუმში ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობას.

თავდაპირველი გეგმით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდი ახალი სისტემა აჭარაში 2017 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ჯერ შესაბამისი ცენტრებიც კი არ არის მოწყობილი. ამასთან, ახალი სისტემით, წელს, რძის გარდა, ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზაცია უნდა დაწყებულიყო. რაც შეეხება ციტრუსს, ამ ახალი სისტემით ის არ გაიყიდება.

აღნიშნული  პროგრამისთვის აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრების ასაშენებლად ადგილები შერჩეული იყო მუნიციპალიტეტებშიც, თუმცა ხულოში მიწის გადაცემის საკითხი დაგვიანდა.

სოფელ დეკანაშვილებში მომსახურების ცენტრის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მშენებლობა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 და 2018 წლების ბიუჯეტებიდან დაფინანსდება, შესაბამისად, მთლიანი თანხის 40 და 60 პროცენტით.

ფოტოები საპროექტო დოკუმენტაციიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com