რაზე წყდება გული გიორგი ერმაკოვს

„გული მწყდება უბრალოდ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს, შეიძლება მეც, რაღაცას რომ გააკეთებ, გარკვეული დრო გავა და დაინახავს ადამიანი. უნდა ხედავდეს იქ მაცხოვრებელი. ზოგჯერ შენიშვნასთან ერთად იმდენ თბილ წერილს ვიღებ, იმდენ მესიჯს და სატელეფონო ზარს, რომ მეც მიხარია. მე არ ვაბრალებ იმას, რომ ვიღაცამ არასათანადოდ გააშუქა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო“, – აღნიშნა ბათუმის უკვე ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა ჟურნალისტებთან დღეს, 12 ნოემბერს გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ქალაქის ახალ მერს, ლაშა კომახიძეს ბათუმის სიმბოლური გასაღები გადასცა.

ბათუმის ყოფილმა მერმა მოკლედ შეაჯამა მისი მერობის პერიოდი და განაცხადა, რომ სამი წლის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, ნაწილს კი საფუძველი ჩაეყარა. მნიშვნელოვან პროექტებს შორის ყოფილმა მერმა სარეაბილიტაციო, სასპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტები და მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები დაასახელა. მან მისი მერობის დროს პოლიტიკურ კონტექსტსაც გაუსვა ხაზი:

„ეს იყო ძალიან რთული სამწლიანი პერიოდი. გახსოვთ, ეს იყო გარდამავალი ეტაპი, ხელისუფლება შეიცვალა. ძალიან რთულია, როდესაც თანამშრომლების ერთი ნაწილი მიდის მარცხნივ, მეორე მარჯვნივ. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ მემარჯვენე-მემარცხენეობაზე. ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი უკავშირდებოდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, ამიტომ ვაფასებ ამ პერიოდს, როგორც რთულ პერიოდს.

მე მადლობას ვუხდი პოზიციასაც და ოპოზიციასაც, რადგან ქალაქისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღებას მათ მხარი დაუჭირეს“, – აღნიშნა ყოფილმა მერმა.

„ბათუმელების“ შეკითხვაზე, სად აპირებს დასაქმებას, გიორგი ერმაკოვმა უპასუხა, რომ ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი.

„ეს არის, ასე ვთქვათ, სხვისი ინტერესისთვის მესამეხარისხოვანი და ჩემთვის პირველხარისხოვანი საკითხი და ამაზე არ ვისაუბრებ. რა გადაწყვეტილება იქნება, ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებ, გუნდისთვის სადაც საჭირო იქნება ჩემი გამოცდილება, ჩემი შრომისუნარიანობა, მე ჩემი ქვეყნის ინტერესებს ვემსახურები და ეს არ არის ლიტონი სიტყვები. ჩემგან, ალბათ, ვერ გამოვა დიდი ბიზნესმენი ვერაფრით, წლებია პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად სახელწიფო სამსახურში ვარ სხვადასხვა სტრუქტურაში, ბოლო დროს პედაგოგიურ საქმიანობასაც ვეწეოდი. ჯერ ადრეა, რაც იქნება, ვნახავთ“, – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com