მთავარი,სიახლეები

როგორ გადანაწილდება თანამდებობები ბათუმის ახალ საკრებულოში

11.11.2017 • 4774
როგორ გადანაწილდება თანამდებობები ბათუმის ახალ საკრებულოში

თავმჯდომარის დაპირების მიუხედავად „სიურპრიზებით სავსე ბოლო სხდომის შესახებ“ ბათუმის მოქმედი საკრებულო კიდევ ერთი სხდომის ჩატარებას ვეღარ შეძლებს – ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა ვადა უკვე ამოწურულია და მომავალი კვირის დასაწყისშივე, ორშაბათს, 12 ნოემბერს ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის თარიღი უნდა ჩაინიშნოს. სხდომა შემდეგ კვირაშივე ჩატარდება.

არჩევნების შედეგების მიხედვით, ბათუმის 25-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 19 წევრი ეყოლება, 10 გამარჯვებული მაჟორიტარული სისტემით, 9 კი პროპორციული სიით. საკრებულოში 4 წევრი შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თითო წევრი ეყოლებათ „ევროპულ საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“.

პირველივე სხდომაზე ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულო აირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეებს, შესაძლოა ამავე სხდომაზე კომისიების თავმჯდომარეების არჩევასაც უყარონ კენჭი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა საკრებულოს თავმჯდომარედ პროპორციული სიის პირველ ნომერს, სულიკო თებიძეს დაასახელებს, „ბათუმელებს“ თავად სულიკო თებიძემ დაუდასტურა. იმის შესახებ თუ როგორ გადანაწილდება სხვა თანამდებობები მან საუბარი არ ისურვა: „ მონახაზი არსებობს, მაგრამ გთხოვთ არ მკითხოთ გთხოვთ“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „მონახაზი, რომელიც უკვე არსებობს“ ასეთია:

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებს დაიკავებენ, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე და  თამაზ სალუქვაძე.

თამაზ სალუქვაძე ახალი მოწვევის საკრებულოში ჩაქვის, მწვანე კონცხის, მახინჯაურისა და თამარის დასახლების მაჟორიტარია „ქართული ოცნებიდან“. ის ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარედ დიმიტრი ჭეიშვილი განიხილება. „ქართულ ოცნებაში“ გადასვლამდე ის ნინო ბურჯანაძის პარტიის – „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი იყო.

საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილებას სავარაუდოდ ირაკლი პატარიძე უხელმძღვანელებს. 2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე ის ბათუმის მერის წარმომადგენლად მუშაობდა ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში;

იურიდიულ კომისიას, სავარაუდოდ, ომარ მახარაძე უხელმძღვანელებს, ომარ მახარაძე პროფესიით იურისტია, ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ გოჩა მგელაძე განიხილება, გოჩა ბონი-გარადოკი, მანთაშევის მაჟორიტარია „ქართული ოცნებიდან“. ის ამ უბანში მერის რწმუნებულად მუშაობდა.

საფინანსო საბიუჯეტო კომისიას კი, სავარაუდოდ, ზურა ნაკაიძეს ჩააბარებენ, ის „ძველი ბათუმის“ მაჟორიტარია „ქართული ოცნებიდან“.  2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ზურა ნაკაიძე ბათუმის მერიის აიპი „ბათუმის კორპუსის“ დირექტორად მუშაობდა.

უმრავლესობის ფრაქციას კი, სავარაუდოდ, ნატალია ზოიძე უხელმძღვანელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: