მთავარი,სიახლეები

ორშაბათიდან ბათუმის მერიას ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს

11.11.2017 • 4484
ორშაბათიდან ბათუმის მერიას ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს

შემდეგი კვირიდან ბათუმის მერიას, ახალარჩეული მერი, ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს. მოქმედი მერის, გიორგი ერმაკოვის გაცილებისა და ახალ მერთან შეხვედრის ცერემონიალი ბათუმის მერიას ხვალ, 12 ნოემბერს, სასტუმრო „ჰილტონში“ აქვს დაგეგმილი.

ახალი მერები გადაიბარებენ ასევე მუნიციპალიტეტების გამგებლების თანამდებობებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტს მირიან ქათამაძე, ხელვაჩაურს – ჯუმბერ ვარდმანიძე, ქედას – ლევან გორგილაძე, შუახევს – ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს კი გოჩა მელაძე უხელმძღვანელებს.

ახალ მერებს მუნიციპალიტეტების სამსახურების ხელმძღვანელ თანამდებობებზე წინა მერისა და გამგებლების მიერ შერჩეული კადრები დახვდებიან. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია თვითმმართველობის კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ახალი მერის უფლებამოსილების ცნობისთანავე მერიის ან გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელების ავტომატურად გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

საკადრო პოლიტიკაზე საუბრისას ბათუმის ახალარჩეულმა მერმა ლაშა კომახიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ არ  ჰყავს კონკრეტული  გუნდი, რომელთან ერთადაც მერიაში მისვლას გეგმავს. ის ამბობს, რომ მასთან ერთად მერიაში არა კონკრეტულ პირებს, არამედ კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე პირებს მოიაზრებს: „თუკი ასეთები არიან მერიაში, ისინი დააკმაყოფილებენ ჩემს მოთხოვნებს, თუ არ არიან, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება ახალი კადრები. “

სამსახურების მუშაობის ეფექტურობის პირველ ეტაპზე ვერმიღწევის შემთხვევაში ლაშა კომახიძე მერიაში რესტრუქტურიზაციასაც არ გამორიცხავს.


მთავარი ფოტო: გიორგი ერმაკოვი და ლაშა კომახიძე / მანანა ქველიაშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: