მთავარი,სიახლეები

3 მილიონი ლარი შსს-ს მიერ ზოგადი ხედვის კამერების შესაძენად

11.11.2017 • 1921
3 მილიონი ლარი შსს-ს მიერ ზოგადი ხედვის კამერების შესაძენად

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2056 ზოგადი ხედვის კამერა უნდა შეიძინოს [შესაბამისი აღჭურვილობით და თანმდევი მომსახურებით]. კამერების შესაძენად სამინისტროს 3 მილიონ 84 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტრო კამერებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემოსვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შემსყიდველ ორგანიზაციებთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ყიდულობს.

შეთანხმების მიხედვით, უშუალოდ შსს თავისი ბიუჯეტიდან მხოლოდ 75 ათას ლარს გადაიხდის, დანარჩენი თანხა კი შემსყიდველი ორგანიზაციების [მუნიციპალიტეტების] ბიუჯეტებიდან დაიხარჯება.

შესაბამის მომსახურებას სამინისტროს 5 კომპანია სთავაზობს. შეთავაზებული ღირებულებებიდან ყველაზე მაღალია – 3 061 880 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალი – 1 821 880 ლარი. დანაჩენი სამი კომპანია მომსახურებას სამინისტროს 2,3 მილიონიდან 2,9 მილიონ ლარამდე ფარგლებში სთავაზობს.

სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებულია და სატენდერო კომისიამ გამარჯვებული უნდა გამოავლინოს. სამინისტროს უფლება აქვს მიმწოდებელს მოსთხოვოს დღეში არაუმეტეს 20 კამერის მონტაჟი „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ პროექტის ფარგლებში.

ზოგადი ხედვის, მკაცრი პირობების კამერები და ამ კამერებთან თავსებადი კვების ბლოკების დამონტაჟება უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში; ზოგადი ხედვის კამერების ინსტალაცია უნდა მოხდეს, კამერების მოწოდების შემდეგ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 30 კალენდარული დღის ვადაში, 2018 წლის 1-ლი მაისის ჩათვლით.
საქონლის მიწოდება მონტაჟი განხორციელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შსს-ს მოთხოვნის შესაბამისად, კონკრეტული ლოკაციები კი დაზუსტება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: