სიახლეები

პატიმრები ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებენ და შესაბამის პირთა დასჯას მოითხოვენ

06.04.2015 • 1493
პატიმრები ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებენ და შესაბამის პირთა დასჯას მოითხოვენ

 

პატიმართა მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მსჯავრდებულები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, დახშული აქვთ ყველა ფანჯარა, საიდანაც უნდა ხდებოდეს საკნების განიავება. ასევე, შეზღუდული აქვთ წყლის მიწოდება, სასურსათო მაღაზიით სარგებლობა, ვერ ახერხებენ ელემენტარული ჰიგიენური საშუალებების შეძენასაც კი. მათივე თქმით, საკანში არის უმძიმესი სუნი, რადგან იქ არსებული საპირფარეშო არის სრულიად ღია და არ ფუნქციონირებს ჰაერის სავენტილაციო სისტემა. ასევე, მათი გადმოცემით, საპირფარეშოს თავზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა, რაც ადამიანის უფლების, პატივისა და ღირსების აშკარა უხეში შელახვაა.

 

ამ ყველაფერთან ერთად, მათი თქმით არსებული გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, შეექმნათ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, რისთვისაც მსჯავრდებულებს ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება, რაზეც დაწესებულების სამედიცინო პერსონალისაგან უარს ღებულობენ. მსჯავრდებულები ასევე მიუთითებენ ე.წ. ’’საწამებელი’’ საკნის არსებობაზე. 

 

არსებული პრობლემების გამოსასწორებლად, როგორც წერილიდან ჩანს, იყო მცდელობა, რომ მსჯავრდებულებს მიემართათ პროტესტის უკიდურესი ფორმისათვის – შიმშილობისთვის, რასაც არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, არ მომხდარა ელემენტარული რეაგირება და მსჯავრდებულები მისულან გრძნობის დაკარგვის მდგომარეობამდეც. 

 

აღნიშნული წერილების ავტორი პატიმრების დიდი ნაწილი, არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გადმოყვანილი (ეტაპირებული), რისი მიზეზიც, როგორც თვითონ ამბობენ მათთვის უცნობია (,,პატიმრობის კოდექსის’’ მიხედვით, პირი სასჯელის მოსახდელად უნდა გაიგზავნოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან უახლოეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში). 

 

პატიმართა მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია კონკრეტული თანამდებობის პირები, რომლებიც წერილების ხელმომწერთა განცხადებით, უშუალოდ აღრვევენ მათ უფლებებს და სჩადიან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.

 

ზემოთაღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების მიზნით, ’’დემოკრატიის ინსტიტუტი’’ ოფიციალური კორესპონდენციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს სასღელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახალხო დამცველს.

 

 

 

 

პატიმართა თხოვნის შესაბამისად, ’’დემოკრატიის ინსტიტუტი’’ აქვეყნებს იმ წერილებს, რომლის გამოქვეყნებასაც პატიმრები წერილობით ითხოვენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: