მთავარი,სიახლეები

15 ათასი ლარი დაზიანებული დეკორატიული ღობეების აღსადგენად

10.11.2017 • 2140
15 ათასი ლარი დაზიანებული დეკორატიული ღობეების აღსადგენად

ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტომ გზაგამყოფი დეკორატიული ღობეების სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა15 280 ლარია. სააგენტოში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებისა თუ სხვა მიზეზების გამო დაზიანებული ღობეების აღდგენას, როცა კონკრეტული პირი გამოვლენილი არ არის, სააგენტო უზრუნველყოფს.

„როცა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დადგენილია კონკრეტული პირი, ამ შემთხვევაში ამ პირს ავალდებულებენ დაზიანებული ღობის აღდგენას და ასეთი შემთხვევები ხშირია. თუმცა არის ღობის დაზიანების შემთხვევები, მათ შორის ზოგი დაუდევარი მოქალაქის მხრიდან, როცა არ ვიცით კონკრეტულად ვინ დააზიანა. ასეთ დროს გვაქვს გათვალისწინებული თანხა, ვავლენთ ტენდერში გამარჯვებულს და პერიოდულად ხდება დაზიანებული ადგილების შეკეთება,“ – გვითხრეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში.

„სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დაზიანებების გამო საჭირო ხდება ბათუმში, თამარის გზატკეცილზე, რუსთაველის, ბაქოს, ტბ. აბუსერიძის, შ. ხიმშიაშვილისa და გოგებაშვილის ქუჩებზე მდებარე გზაგამყოფი დეკორატიული ღობეების სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება, კერძოდ: გზაგამყოფი დეკორატიული ღობის მონტაჟი ან/და დაზიანებული გზაგამყოფი დეკორატიული ღობის აღდგენა [შეკეთება] – მონტაჟი ან/და ახალი ღობის დამზადება – მონტაჟი. ღობეების სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების შემდგომ უნდა მოხდეს მათი შეღებვა,“ – აღნიშნულია სატენდერო პირობებში.

ამავე პირობების მიხედვით, მიმდინარე ტენდერში გამარჯვებულმა „სამუშაოები საჭიროების შემთხვევაში უნდა შეასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მიმართვიდან გონივრულ ვადაში“.

 

მთავარი ფოტო: ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: