მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოს გასასვლელთან 5 ტონაზე მეტი მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

10.11.2017 • 4143
ხულოს გასასვლელთან 5 ტონაზე მეტი მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის გზის 55-ე კილომეტრზე [ხულოს გასასვლელი] აკრძალულია 5 ტონაზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მიზეზი ოქტომბრის თვეში მოსული უხვი ნალექია, „რის შედეგადაც ადიდებულმა მდინარე აჭარისწყალმა გამორეცხა გზის მონაკვეთის საფუძველი, გზის სავალი ნაწილი ჩაწყდა და გზა 3 მეტრამდე შევიწროვდა“.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „აღნიშნული გზის მონაკვეთით სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის და დიოკნისი-რიყეთის თემის მოსახლეობა, სამთო-სათხილამურო კომპლექსის დამსვენებლები, მრავალი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი, შესაბამისად, აღნიშნული გზის მონაკვეთის ნორმალური ფუნქციონირება მნიშვნელოვანია“.

„ვინაიდან გზის მონაკვეთი გადის რთულ მაღალმთიან რელიეფზე და დამახასიათებელია მკაცრი კლიმატური პირობები [დიდთოვლობა, ყინვები], მიზანშეწონილია აღდგენითი სამუშაოები ჩატარდეს უმოკლეს ვადებში“. შესაბამისად, საპროექტო მომსახურებისა და სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას დეპარტამენტი ტენდერის გარეშე აპირებს, რაზედაც თანხმობას შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს.

შესყიდვების გვერდზე ატვირთულ დოკუმენტებში დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ნიადაგის გამორეცხვას ხელი შეუწყო იმან, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტში და ხევში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას, მშენებელი ორგანიზაციის მიერ მოწყობილი იქნა გვირაბიდან გამოტანილი გრუნტის მასების ყრილი, რამაც გაამრუდა მდინარის დინება კალაპოტში და დააჩქარა გამორეცხვის პროცესი“.

ბათუმი-ახალციხის გზის დაზიანებული მონაკვეთი /ხულოს გასასვლელი / საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: