მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობამ ივანიშვილს მწვანე კონცხზე კიდევ მიწის ხუთი ნაკვეთი მიჰყიდა

11.11.2017 • 6488
აჭარის მთავრობამ ივანიშვილს მწვანე კონცხზე კიდევ მიწის ხუთი ნაკვეთი მიჰყიდა

შპს „ბიზნეს დეველოპმენტმა“, რომელიც მწვანე კონცხზე იმ პროექტს ახორციელებს, რომლის ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია, საკუთრებაში მიწის ახალი ნაკვეთები დაირეგისტრირა. მიწის ნაკვეთები კომპანიას აჭარის მთავრობამ მიჰყიდა. ამ ნაკვეთებთან ერთად კომპანია მწვანე კონცხზე კიდევ 6 346 კვ/მ პლაჟსაც ითხოვს იჯარით.

„ბიზნეს დეველოპმენტის“ მიერ საკუთრებაში ახლადარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 7 944 კვ/მ-ია. აქედან 650 კვ/მ მახინჯაურში, ხოლო დანარჩენი მწვანე კონცხზეა.

ნაკვეთი, რომელიც „ბიზნეს დეველოპმენტმა“ შეისყიდა მახინჯაურში, სს „აჭარის კურორტების“ საკუთრებაში იყო. 2016  წელს ეს ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად დარეგისტრირდა [„ყაზახური ინვესტიციის“ განხორციელების პირობით გადაცემული ქონების ნაწილი აჭარამ შარშან უკან დაიბრუნა. „აჭარის კურორტები“ და მისი ქონება ფაქტობრივად „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკუთვნის. „სილქ როუდ ჯგუფის“ კუთვნილ ტერიტორიაზე კი ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ დაფინანსებით „სილქ თაუერი“ აშენდება].

აღნიშნულ ნაკვეთზე აჭარის მთავრობასა და „ბიზნეს დეველოპმენტს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება კი მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაფორმდა. ნაკვეთი აჭარის მთავრობამ იპოთეკით დატვირთა „ბიზნეს დეველოპმენტის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე. ერთ-ერთი ვალდებულებაა ამ ნაკვეთის საპრივატიზაციო საფასურის გადახდა.

რაც შეეხება მწვანე კონცხზე 6003 კვ/მ მიწის ნაკვეთს, რომელიც უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მიმდებარედაა, საქართველოს მთავრობამ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ის მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გადასცა საკუთრებაში. მაშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ამ ნაკვეთითაც სწორედ „ბიზნეს დეველოპმენტი“ იყო დაინტერესებული.

„ბიზნეს დეველოპმენტს“ აჭარის მთავრობამ მწვანე კონცხზე, მაგნოლიას ქუჩაზე მდებარე შენობაში 32,67კვ/მ ფართობიც მიჰყიდა [ეს შენობა 2015 წლის ამონაწერით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაშია].

შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ ამ დროისთვის, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში საკუთრებაში უკვე ფლობს ჯამში 55 991 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ყველა გადაცემულ ქონებაზე „ბიზნეს დეველოპმენტს“ საინვესტიციო ვალდებულება გააჩნია.

მწვანე კონცხი / მანანა ქველიაშვილის ფოტო


დოკუმენტების მიხედვით, შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ 2015 წლის ივნისში დააფუძნა შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებმა“. მიმდინარე წელს კი, კომპანიის 100% წილი შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა“ შეისყიდა. „ბიზნეს დეველოპმენტის“ დირექტორად დაინიშნა ირაკლი ქარსელაძე, ხოლო კომპანიის იურიდიულ მისამართად განისაზღვრა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ქონება, რომელიც სს „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის [ამავე მისამართზეა რეგისტრირებული „ქართუ ჯგუფიც“, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის]. ირაკლი ქარსელაძე შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორიცაა.

წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, „ბიზნეს დეველოპმენტის“ მთლიანი წილი 5 000 აშშ დოლარად შეფასდა. ამასთან, ხელშეკრულების დადების დღისთვის კომპანიას გააჩნდა 6 809 737 ლარის, 3 662 630 აშშ დოლარისა და 59 500 ევროს სასესხო დავალიანება [სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი].

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ მათი შვილობილი კომპანიაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის 8 მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

ამ პროექტებიდან ერთ-ერთია სწორედ მწვანე კონცხზე მშენებარე კომპლექსი და საბაგირო გზა, რომელიც „ბიზნეს დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე შენდება. „ბიზნეს დეველოპმენტის“ 100% წილის მფლობელი კი, როგორც აღვნიშნეთ, თავად შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია“.

კომპლექსი, რომელიც მწვანე კონცხზე შენდება / „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: