სიახლეები

დემოკრატიის ინსტიტუტი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გადადებას ითხოვს

02.04.2015 • 1547
დემოკრატიის ინსტიტუტი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გადადებას ითხოვს

 

 

ხვალ, 3 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დანიშნულია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები. 

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ წინასწარვე არსებობს არჩევნების შედეგების გაუქმების მაღალი რისკი:

“აკადემიური საბჭო არჩევნების ჩატარებას გეგმავს იმ წესით (რექტორის 2014 წლის 20 ივნისის N01-08/25 ბრძანება), რომელიც საერთოდ არ ეხება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს და იგი სრულიად სხვა ორგანოების/პირების არჩევნების წესებს ადგენს, რაც ამ შემთხვევაში არ გამოდგება;

 გაურკვეველია კონკრეტულად სად ტარდება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები (ფაკულტეტებზე, რექტორის კაბინეტში, სააქტო დარბაზში და ა.შ.);

 გაურკვეველია საარჩევნო პროცესი (ბიულეტენი, ხმის მიცემის პროცედურა, ფარულობა, და ა.შ.);

 გაურკვეველია რექტორის მოვალეობის არჩევნების პროცესში მონაწილე, საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციის, დამტკიცების, სიების გამოქვეყნებისა და ამ პროცესის გასაჩივრების წესი;

 არ არსებობს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების განმსაზღვრელი რაიმე ერთიანი პროცედურული დოკუმენტი (დებულება, ინსტრუქცია და ა.შ.), რაც არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას თავიდანვე საფრთხეს უქმნის.

 

რადგანაც, ამ ეტაპზე (2 აპრილი, 2015 წელი) შესაძლებელია პროცესის სამართლებრივ, გამჭვირვალე და ობიექტურ პირობებში გაგრძელება, მიგვაჩნია, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების თარიღი უნდა გადავადდეს საარჩევნო პროცედურების დამტკიცებამდე (სურვილის შემთხვევში, ასეთი პროცედურა მიიღება საშუალოდ 2 დღეში, ხოლო კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს ორი კვირის ვადაში) “- წერია განცხადებაში.  

 

 ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა რამდენიმე თვის წინ, ასევე არასწორად გამოაცხადეს რექტორის არჩევნები (ალიოშა ბაკურიძის განცხადების შემდეგ), რადგანაც კანონმდებლობის მოთხოვნა იყო არა რექტორის არჩევნების გამოცხადება, არამედ თავიდანვე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა.

(საქართველოს კანონი ’’უმაღლესი განათლების შესახებ’’, მუხლი 22, პუნქტი 3: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი)

გადაბეჭდვის წესი