სიახლეები

სამედიცინო გამოკვლევები ბათუმის ბავშვთა ბაღებში

02.04.2015 • 1597
სამედიცინო გამოკვლევები ბათუმის ბავშვთა ბაღებში

 

დღესვე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენეიშვილი და ბათუმის  მერის მოადგილე ბაგრატ მანველიძე აჭარის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის – ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში” – ფარგლებში ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს.

 

ქალაქ ბათუმის N7 საბავშვო ბაღში (აღმაშენებლის ქ. N17)

 

მემორანდუმის მიხედვით ბათუმის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას ტენდერში გამარჯვებული სს „საზღვაო ჰოსპიტალი“ განახორციელებს  .

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ბაღის აღსაზრდელებს ჩაუტარდებათ პედიატრის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგისა და ნევროლოგის კონსულტაციები. საჭიროების შემთხვევაში პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით (მთელი წლის განმავლობაში), განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიოგრაფია და სხვა.

 

დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, ასევე ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია, შეიქმნება მონაცემთა რეგისტრი (ელექტრონული ბაზა), ჩატარდება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი/ინტერპრეტაცია.

 

 ბათუმის თვითმმართველობა კი იღებს ვალდებულებას, ბაღების გაერთიანების მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობას და ორგანიზება გაუწიოს ბაღის აღსაზრდელთა მობილიზაციას.

 

ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღებში რეგისტრირებულია 6705 აღსაზრდელი.

 

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეშვეობით უზრუნველყოს ბენეფიციართა სამედიცინო-პროფილაქტიკური სკრინინგის, სკრინინგის შემდგომი დამატებითი კონსულტაციების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევების განხორციელება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

 

 პროგრამა ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში”  2015 წლის განმავლობაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.  

გადაბეჭდვის წესი