ფუტკრის ენაზე მოლაპარაკე

ზაფხულის პაპანაქება დღეა. ქედაში, სოფელ კუჭულაში, 64 წლის დავითი სახლიდან გასასვლელად ემზადება. სახლთან ახლოს, ფერდობზე, მწვანე ფერად შეღებილი ათობით სკაა ჩამწკრივებული. დავითმა ფუტკარს უნდა მიხედოს, სკას გადახედოს.

გორგაძეები მეფუტკრეები არიან. უკვე წლებია თაფლია მათი ოჯახის მთავარი შემოსავალი. ამ ოჯახის მეურნეობა იმით გამოირჩევა, რომ ადგილზე გამოჰყავთ „დედო“, იგივე დედა ფუტკარი და ფიჭასა და სკას თავადვე ამზადებენ. გორგაძეები წლის განმავლობაში ტონამდე თაფლს ყიდიან.

დავით გორგაძე პირველ კლასში იყო, როცა ფუტკრის მოვლა ისწავლა. ძველი მეფუტკრეების ოჯახში ამ საქმეს ყველა ძალდაუტანებლად სწავლობდა, ასეც უნდა ყოფილიყო, ფუტკარზე ყველას უნდა ეზრუნა, საქმე გაენაწილებინათ.

„მაშინ ბავშვი ვიყავი და მხოლოდ ოჯახს ვეხმარებოდი. მახსოვს, ოცი სკა ფუტკარი გვყავდა. იმ დროს სოფელში ერთი-ორი სკა ფუტკარი თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა, გამოცდილსა თუ გამოუცდელ მეფუტკრეს, მაგრამ ოცი უკვე ბევრი იყო. სკოლიდან რომ მოვდიოდი, ფუტკართან გავიქცეოდი, ბაბუას მარჯვენა ხელი ვიყავი,“ – იხსენებს დავითი.

საკუთარ მეურნეობაში გატარებულმა წლებმა დავითს „ფუტკრის ენა“ ასწავლა. სკას ისე უახლოვდება და მუშაობს, რომ არც პირბადეს იკეთებს და არც – ხელთათმანებს.

დავით გორგაძე. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

„მეუბნებიან, ფუტკრის ენა იციო. ფუტკარმა დამახსოვრება იცის, თუ ცუდად მოექცევი, დაგიმახსოვრებს და დაგკბენს. მე მათთან მუშაობის, მოქცევის წესი ვიცი. ვიცი და ვხედავ როგორ შრომობენ. მეც საკუთარი შრომით ავაწყე ცხოვრება, ჩემი ცხოვრება შრომაა, ვშრომობ და ცხოვრების არც ერთ ეტაპზე სიდუხჭირე არ განმიცდია, დახმარება თითქმის არასდროს მითხოვია სახელმწიფოსგან. ერთადერთი, რაც ვითხოვე, ეს თაფლოვანი მცენარეები იყო და ისიც არ მხვდა წილად,“ – ამბობს დავითი.

გორგაძეები, ძირითადად, წაბლის თაფლს ამზადებენ.

„მინდვრის თაფლის დამზადება თუ გინდა, ფუტკარი მთაში უნდა გადაიყვანო, შარშან წავიყვანე, იწვიმა და არ გაამართლა. თუ ამინდი არ შეგხვდა, შრომა შეგრჩება ხელებში, მაგრამ წაყვანა იმით არის კარგი, რომ მთაში ორჯერ ამოგაქვს თაფლი, ისე – მხოლოდ ერთხელ. პრობლემა წაბლის ხეების ხმობაა, ხეებთან ერთად თაფლიც იკლებს,“ – ყვება დავითი.

დავითმა ფუტკრის მეურნეობა ორჯერ, სულ რამდენიმე სკა ფუტკრიდან ააწყო. პირველად მაშინ, როდესაც ბაბუას ოჯახიდან მამასთან ერთად ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო მეორედ მაშინ, როცა მამის ოჯახი დატოვა და საკუთარი სახლის აშენება დაიწყო.

„ცარიელ სკებს ტყეში ხეებზე დავდებდით და ტყიდან ფუტკრით სავსე სკა მოგვქონდა. როცა ბაბუას ოჯახიდან გავნაწილდით, ერთი სკა ფუტკარი მოგვცა, იმ ერთი სკიდან 50-მდე სკა გავამრავლე, ცოლი მოვიყვანე, შვილები გაგვიჩნდა და მამაჩემის ოჯახიდან წამოვედი, იმავე სოფელში სახლი ავიშენე და გადმოვედი საცხოვრებლად, ფუტკრის მეურნეობა ძმას დავუტოვე, მხოლოდ ათი სკა წამოვიღე, ახლა 200 სკა ფუტკარი გვყავს,“ – ამბობს დავითი.

სკა. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

გორგაძეების ოჯახი ფუტკრის მეურნეობაში მთლიანადაა ჩართული. კაცები, ძირითადად, სკისა და ფიჭის დამზადებით, სკის დათბუნვით, თაფლის ამოღებით და სკის გადატანით არიან დაკავებული. ქალების საქმე, კაცების დახმარებასთან ერთად, გაზაფხულზე ფუტკრის დაცვაა, მაშინ როცა სკიდან ფუტკრის ნაყარი, მართვე, გამოსვლას იწყებს.

„ასეთ დროს დილიდან საღამომდე უნდა იყო სკასთან. თითქოს მარტივია ეს საქმე, მაგრამ დრო არ გადის. უნდა იჯდე და უდარაჯო, ფუტკარი არ გაგექცეს. კითხვა მიყვარს, მიმაქვს წიგნი და კითხვით გამყავს დრო,“ – ამბობს მერიკო, დავითის მეუღლე.

მერიკო. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

დავითსა და მერიკოს სამი შვილი ჰყავთ, მათთან მხოლოდ გოჩა ცხოვრობს. გოჩა მამის მარჯვენა ხელია. ამბობს, რომ სხვა საქმე არასდროს უკეთებია. ყვება, რომ როგორც ახალგაზრდა ფერმერს, არაერთი შემოთავაზება ჰქონია საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად წასულიყო, სწავლის, გზისა თუ სხვა ხარჯებსაც უფინანსებდნენ, თუმცა ოჯახში საქმე ბევრია და, ჯერჯერობით, წასვლა ვერ შეძლო.

„პატარა რომ ვიყავი, მამას ვეხმარებოდი. შემოსავალი გვქონდა და სხვა საქმის კეთებაზე აღარ მიფიქრია. რაც შეეხება სწავლის შემოთავაზებას, კარგი იყო წავსულიყავი, მაგრამ იმდენ საქმეს მამას როგორ დავუტოვებდი,“ – მიყვება გოჩა.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

მერიკოსა და დავითის კიდევ ერთი ვაჟი, თემური, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მეზღვაურია, მეფუტრეობითაა დაკავებული. იგი ხელვაჩაურში ცხოვრობს და უკვე ხუთი წელია მეფუტკრეა. ზაფხულობით სოფელში რჩება, ხოლო ზამთარში, როდესაც სოფელი თოვლით იფარება, ყოველკვირეულად ამოდის, რომ სკებს მიხედოს.

დავითი ახლა ფუტკრის მასიურ დაავადებებზე წუხს. ამბობს, რომ რაც დრო გადის, ფუტკრის მოვლა რთულდება:

„ახალი წამალი რომ შემოდის, ვერ ვრისკავ მთლიან მეურნეობაში გამოვიყენო, მხოლოდ რამდენიმე სკაზე ვიყენებ, ვაკვირდები შედეგებს. არ მქონია დაზარალების შემთხვევა, რადგან ასეთ საკითხში ფრთხილი ვარ. ისე, ყველა თანამედროვე ტექნოლოგიას ვცდი საკუთარ მეურნეობაში. თერმული სკა რომ შემოვიდა, გამოვცადე, მაგრამ ჩვენს პირობებში, ვფიქრობ, ჩვეულებრივი სკა უფრო კარგია. დედოც (დედა ფუტკარი) გამომყავს, ამას ცოდნა სჭირდება, ადრე ვყიდდი კიდეც, თუმცა არ გაამართლა. ფიჭას მე ვამზადებ, ხელის სპეციალური დაზგა მაქვს ფირფიტების დასამზადებლად,“ – ყვება დავითი.

გორგაძეებს სკა მეზობელ სოფელშიც აქვთ განთავსებული, სახლიდან ოთხ კილომეტრში, სადაც მანქანით მიდიან ფუტკრის მოსავლელად.

თაფლის გაყიდვა ბოლო 3-4 წელია არ უჭირთ, მეფუტკრეების ოჯახს იცნობენ და ხშირად აკითხავენ თაფლის საყიდლად, ქართველებიცა და უცხოელებიც. ევროპაში თაფლის გატანაზეც უფიქრიათ, მაგრამ თაფლის ლაბორატორიული კვლევა არ ჩაუტარებიათ, ფიქრობენ, რომ ეს უკვე მომავლის საქმეა.

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი