სიახლეები

სწავლა საზღვარგარეთ – რაში ეხმარება სამინისტრო სტუდენტებს

01.04.2015 • 2495
სწავლა საზღვარგარეთ – რაში ეხმარება სამინისტრო სტუდენტებს

 

საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად აჭარის განათლების სამინისტროს შეუძლია მხოლოდ აჭარაში მცხოვრებმა მოქალაქემ მიმართოს. უცხოეთში მაგისტრატურაზე, დოქტორანტურასა და ბაკალავრიატზე სწავლის მსურველები ასაკობრივ კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ: სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი 21-დან 35 წლამდე, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი 25-დან 45 წლამდე, ხოლო საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი 18-დან 25 წლამდე ასაკის უნდა იყოს.

 

აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ კონკურსში უპირატესობა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულებს მიენიჭებათ, რადგან ამ პროგრამებზე სწავლა უფრო მოკლევადიანია.

 

„როდესაც აპლიკანტს ვუშვებთ და ორი სემესტრის შემდეგ ბრუნდება რეგიონში, მასში ჩადებული ფული უფრო მიზანმიმართულია სამინისტროს მხრიდან“, – ამბობს ნინო ნაკაშიძე, განათლების დეპარტამენტის თანამშრომელი.

 

ერთი სასწავლო სემესტრისთვის გათვალისწინებული თანხა მაქსიმუმ 12 500 ლარია, თუმცა ნინო ნაკაშიძე ამბობს, რომ სამინისტრო დაფინანსებას გაუგრძელებს იმ სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური შეფასება ექნებათ.

 

უცხოურ უნივერსიტეტს თავად სტუდენტი ირჩევს. მისივე საზრუნავია უნივერსიტეტში შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვა, აჭარის განათლების სამინისტრო ამ ნაწილში მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევს მსურველებს. „ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ რეკომენდაციები, როგორ ჩაირიცხონ, როგორ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, მივცეთ მიმართულებები, მაგრამ უნივერსიტეტი თვითონ უნდა მოიძიოს, თვითონ განსაზღვროს, რა მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. ჩვენ ხელს ვუწყობთ სწავლის დაფინანსებაში და ეს არ არის მხოლოდ სწავლის დაფინანსება, იქედან გამომდინარე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში სწავლა თითქმის უფასოა, სტუდენტს შეუძლია სამინისტროსგან მიღებული თანხა გამოიყენოს საცხოვრებელი ფართობის ქირაში, სასწავლო რესურსის შეძენაში, ტრანსპორტირებაში, სამედიცინო დაზღვევაში და ა.შ. მაგრამ ეს ხარჯვა უნდა იყოს მიზანმიმართული და სემესტრის დასრულების შემდეგ ხარჯების დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოადგინოს სამინისტროში“, – ამბობს ნინო ნაკაშიძე.

 

აჭარის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე მოცემულია იმ უცხოური უმაღლესი სასწავლებლების სია, სადაც ჩარიცხულ სტუდენტებს აჭარის განათლების სამინისტრო უპირატესობას მიანიჭებს. ნინო ნაკაშიძე ამბობს, რომ ეს მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებია, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრო იყენებს. „თუ სტუდენტი ჩააბარებს რომელიმე აღნიშნულ უნივერსიტეტში, მას მიენიჭება პრიორიტეტი შეფასების დროს, მაგრამ თუ სტუდენტმა ჩააბარა უნივერსიტეტში, რომელიც ჩამონათვალში არ არის, მას ასევე შეუძლია მონაწილეობის მიღება კონკურსში, მაგრამ 5-10 ქულით ნაკლები დაეწერება“, – განმარტავს ნინო ნაკაშიძე.

 

უნივერსიტეტების ჩამონათვალში მოცემულია ისეთი ცნობილი უმაღლესი სასწავლებლები, როგორიცაა: ჰარვარდის, სტენფორდის, ოქსფორდისა და სხვა ცნობილი უნივერსიტეტები, სადაც სწავლა ძვირადღირებულია. რამდენად საკმარისია სამინისტროს დაფინანსება ასეთ უნივერსიტეტებში სწავლისათვის?

 

ნინო ნაკაშიძე ამბობს, რომ ბევრ, ძვირადღირებულ, პრესტიჟულ უნივერსიტეტში უცხოელი, წარმატებული სტუდენტებისთვის დაფინანსების პროგრამებიც მოქმედებს და იმ ოთხი სტუდენტიდან, რომელიც გასულ წელს სამინისტრომ დააფინანსა, სამს სწორედ უნივერსიტეტის შიდა გრანტი ჰქონდა მიღებული. „მაგალითად, ერთ-ერთ სტუდენტს, ანა ქასრაშვილს, რომელიც სწავლობს ბერკლიში სამუსიკო მიმართულებით, იმდენად კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდა, რომ უნივერსიტეტმა სწავლის 70 პროცენტი დაუფინანსა. ასევე იყო მეორე აპლიკანტის შემთხვევაშიც, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამართლის სკოლაში სწავლობს. თუ აპლიკანტი კარგად შეავსებს სააპლიკაციო ფორმას, კარგი ქულები ექნება, თითქმის ყველა უნივერსიტეტს აქვს შიდა დაფინანსება და სტუდენტს შეუძლია მოხვდეს ძალიან ავტორიტეტულ უნივერსიტეტში, პლუს ჩვენგან ექნება ხელშეწყობა 12500 ლარის ოდენობით, რომელიც შეუძლია დახარჯოს არა მხოლოდ სწავლაში, არამედ სხვა მიმართულებით, რაც სჭირდება მას სწავლის პროცესში“, – ამბობს ნინო ნაკაშიძე.

 

იმისათვის, რომ სამინისტრომ აპლიკანტი დააფინანსოს, ორი საფეხურის გავლაა საჭირო: დოკუმენტაციის წარდგენა და კომისიასთან გასაუბრება, ორივე ტურის შედეგების შეჯამების საფუძველზე კი კომისია, რომელიც 11 წევრისგან შედგება, გადაწყვეტილებას იღებს.
გასულ წელს აჭარის განათლების სამინისტრომ უცხოეთში სასწავლებლად ოთხი სტუდენტი დააფინანსა. აკაკი ბერიძე, რომელიც ილინოისის ტექნიკური უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის (აშშ) მაგისტრანტია, ანა ქასრაშვილი – ბერკლის სამუსიკო კოლეჯის (აშშ) მაგისტრანტი, ზურაბ თანდილავა – ფრიდრიხ ალექსანდერის ერლანგენ – ნიურბერგის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის (გერმანია) სტუდენტი და ერეკლე მუჯირი, ჯონ კაბოტის უნივერსიტეტის (იტალია) მარკეტინგის ფაკულტეტის სტუდენტი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: