სიახლეები

SMS და ვიდეო ზარის სერვისის პრეზენტაცია ბათუმშიც გაიმართება

31.03.2015 • 1410
SMS და ვიდეო ზარის სერვისის პრეზენტაცია ბათუმშიც გაიმართება

 

პროექტის პრეზენტაციაზე

 

 

 

ახალი სერვისი, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ხელს შეუწყობს სმენადაქვეითებული პირების დამოუკიდებლობას და ინტეგრაციას საზოგადოებაში. მსგავსი კომპლექსური მომსახურება – SMS და ვიდეო ზარი, მხოლოდ სამ ევროპულ ქვეყანაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და მალტაშია დანერგილი. 

 

112-ის ახალი მომსახურება, როგორც პროექტის ინიციატორები აცხადებენ, შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და პირდაპირ პასუხობს, როგორც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.  

 

დღევანდელ პრეზენტაციაზე, რომელიც აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში 12 საათზე გაიმართება წარმოდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია 112-ის ახალი სერვისის შესახებ, მათ შორის, ვიდეო რგოლები და საინფორმაციო მასალები, რომლებიც მარტსა და აპრილში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელდება. პრეზენტაციის დროს სერვისის მომხმარებელ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დარეგისტრირდნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში და თავად შეამოწმონ ახალი მომსახურების გამართულობა.

 

112-ის ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. სერვისის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ყრუთა კავშირი. ხოლო გაეროსა და შვედეთის ელჩებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ახალი სერვისის შესახებ ვრცელდება სატელევიზიო ეთერსა და სოციალურ მედიაში.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, 112“-ის უფასო SMS და ვიდეო ზარის სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge. ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში აქვთ შესაძლებლობა მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ 112-ს. გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: