მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად სანაპიროზე ინერტულ მასალას შეიტანენ

04.11.2017 • 3260
ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად სანაპიროზე ინერტულ მასალას შეიტანენ

ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად აუცილებელია სანაპირო ზოლის ავარიულ უბნებზე პლაჟშემქმნელი მასალის საკომპენსაციო ჩაყრები. ამჯერად გათვალისწინებულია 60 000 კუბური მეტრი ინერტული მასალის ერთჯერადად შეტანა, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტში 824 ათს 700 ლარია გათვალისწინებული. ჩაყრები ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს.

სამუშაოების ჩატარებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომელმაც შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ წარსულში, ბათუმის საპორტო ნაგებობების მშენებლობამდე, მდ. ჭოროხის ნატანი ბუნებრივად გადაადგილდებოდა ჩრდილოეთისკენ 50 კმ მანძილზე, აღწევდა მდ. ნატანების შესართავს და ქობულეთში ქმნიდა განიერ პლაჟებს:

„პორტის მშენებლობამ პლაჟშემქმნელი მასალის ნაპირგასწვრივი გადაადგილების ბლოკირება მოახდინა. ამის შედეგად, ბათუმის პორტის ჩრდილოეთით დაიწყო მახინჯაური-ქობულეთის სანაპიროების წარეცხვები. 1900-1980 წლებში ამ მონაკვეთზე წაირეცხა დაახლოებით 200 ჰა ზღვისპირა ტერიტორია. პლაჟური მასალის დეფიციტმა შეადგინა დაახლოებით 12 მლნ კუბ/მ. ამასთან,  მილიონობით კუბ. მეტრი ინერტული მასალაა გატანილი მახინჯაური-ქობულეთის სანაპირო ზონაში წარსულში არსებული კარიერებიდან სამშენებლო მიზნებისთვის“.

აღსანიშნავია ასევე რომ ჰესების მშენებლობამ ჭოროხსა და აჭარისწყალზე, ნატანის მოცულობა საგრძნობლად შეამცირა.

პლაჟების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება ე.წ. „პლაჟების კვება“ პლაჟამგები მასალის მდინარეთა მყარი ნატანის გემებითა და ავტოტრანსპორტით შევსების გზით.

ამ შემთხვევაშიც, ქობულეთის ნაპირის დასაცავად, დაგეგმილია მდინარეებიდან ხრეშის შეტანა პლაჟის ზოლში, ავტოთვითმცლელებისა და ბულდოზერის გამოყენებით.

ქობულეთის „პლაჟების კვება“ ხელოვნურად

[checklist]

  • „1982-1991 წლებში, ნატანის დეფიციტის შევსების მიზნით გახორციელდა მდ. ჭოროხის შესართავიდან პლაჟშემქმნელი მასალის ტრანსპორტირება ქობულეთის ავარიულ უბნებზე გემებით – „შალანდებით“. მასალა იყრებოდა 4,5-5 მ სიღმეებზე, საიდანაც შტორმული ტალღების ზემოქმედებით გადაადგილდებოდა ნაპირისკენ და მონაწილებდა პლაჟფორმირების პროცესში.
    ამ ღონისძიების ფარგლებში, ქობულეთის სანაპირო ზონაში შეტანილი იქნა დაახლოებით 850 ათასი კუბ/მ მდ.ჭოროხის მასალა. მიუხედავად უმნიშვნელო ვიზუალური ეფექტისა წყალზედა პლაჟის სიგანემ მოიმატა მხოლოდ 2-4 მეტრით.
  • 2007 წელს ქობელეთის პლაჟებზე ინერტული მასალის შეტანა ხელმეორედ განხორციელდა. მდ. კინტრიშის ჭალა-კალაპოტის ჭარბი აკუმულაციის კერებიდან ავტოთვითმცლელებით ტრანპორტირებული იქნა 143 000 კუბ/მ ინერტული მასალა. პლაჟის სიგანემ 2007-2008 წლებში მოიმატა: სამხრეთ უბანზე 10-12 მ, ცენტრალურზე – 1-3 მ და ჩრდილოეთზე 5-6 მ.
  • 2015 წელს ქობულეთის სანაპიროზე შეტანილი იქნა 30 000 კუბ/მ ინერტული მასალა.
  • 2017 წლის თებერვალში შეტანილი იქნა 195 000 კუბ/მ.  ამ ჩაყრების შედეგად ზღვის კიდის ხაზმა მნიშვნელოვნად წაიწია წინ სამხრეთ ნაწილში, შედარებით ნაკლებად ცენტრალურ ნაწილში“.

[/checklist]

შტორმული სეზონი ქობულეთის სანაპიროსთან

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ქობულეთის სანაპიროსთან „შტორმული სეზონი დგება ზამთარში, როდესაც 2 მ და მეტი სიმაღლის ტალღების განმეორადობა აღწევს 30%, ზაფხულში ეს მონაცემი მცირდება 5-13 %-მდე, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე 15-17%-მდე.

დაფიქსირებულია ძლიერი შტორმების ერთეული შემთხვევები ზაფხულში და გაზაფხულზე, როდესაც ტალღის სიმაღლე ღია ზღვაში 7-8 მ-ს აღწევს.

ტალღების ზემოქმედება სანაპირო ზონაზე ხორციელდება პრაქტიკულად ტალღების ტრანსფორმაციის დაწყებასთან ერთად 15-20 მ სიღრმეებიდან. სანაპირო ზონაში შტორმული ტალღების ენერგია მაქსიმუმს აღწევს თებერვალში. შემდგომ ის თანდათან კლებულობს და მინიმუმი მოდის მაისი-ივნისი-ივლისში.

მაქსიმუმის მეორე პიკი აღინიშნება ოქტომბერ-ნოემბერში.

ამავე თემაზე:

ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება

როდის მოწესრიგდება ქობულეთის პლაჟი

2,6 მილიონი ლარი ქობულეთში დროებითი ნაპირდაცვისთვის

ქობულეთის სანაპირო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: