მთავარი,სიახლეები

სატრანსპორტო ლაბირინთი – გადაადგილება ინფორმაციის გარეშე

03.11.2017 • 3175
სატრანსპორტო ლაბირინთი – გადაადგილება ინფორმაციის გარეშე

საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს ტურიზმის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წელს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მხოლოდ საერთაშორისო მარკეტინგულ აქტივობებში 22 540 000 ლარი დახარჯა.

სარეკლამო კლიპებში, რომლითაც ქვეყანა უცხოელ  ტურისტებს აცნობს თავს, რა თქმა უნდა, არაფერია ნათქვამი იმ მოუწესრიგებელი სერვისების თაობაზე, რასთან შეჯახებაც ტურისტს ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე უწევს. და არამარტო ტურისტებს. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას გადაწყვეტს ქვეყნის შიგნით საქართველოს მოქალაქე თუ ტურისტი, ბევრ სირთულეს აწყდები.

თუ თქვენ საქართველოში ცხოვრობთ, მოგზაურობა გიტაცებთ და ერთ დღეს გადაწყვეტთ ქვეყნის რომელიმე კუთხეში წახვიდეთ, ვერსად იპოვით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ თქვენთვის სასურველ ადგილას სამარშუტო ტაქსი საიდან გადის. არ არსებობს ონლაინ ბაზა საქალაქთაშორისო მარშრუტების გადაადგილების შესახებ. არ არსებობს არც ტელეფონი, სადაც დარეკავთ და იკითხავთ თქვენთვის სასურველ ინფორმაციას. თუ მოგზაური არ ხართ, მაგრამ, უბრალოდ, ერთი დიდი ქალაქიდან მეორეში გსურთ გადაადგილება, სადგურზე მისული „მარშუტკის გავსებას“ ელოდებით.

ეს კარგად იცის იმედა დვალიძემ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბევრს მოგზაურობს, მაგრამ იმის გამო, რომ სამარშრუტო ტაქსით წასვლა ადვილი არ არის, ცდილობს კერძო ავტომანქანით გადაადგილდეს.

„პრობლემა  მართლაც არსებობს. სავარაუდოა, რომ არც განრიგები არსებობს და ყველა ტრადიციულ “გავსებას” ელოდება.  ალბათ ნაკლებად ათვისებული და მცირემოსახლეობიანი ადგილებიდან თუ გამოაღწიე, სხვა ადგილამდე მისასვლელად არაერთი გადაჯდომა დაგჭირდება… რადგან ინფორმაცია არ არსებობს, დაგეგმვა რთული უნდა იყოს,  მიახლოებითაც კი,“-  ამბობს იმედა.

საქართველოში არ არსებობს ერთიანი ბაზა, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია გადაადგილების შესახებ. ერთადერთი ინფორმაცია რომელიც ონლაინ არის ხელმისაწვდომი, საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანებს ეხება და დევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოს ვებგვერდზე – lta.gov.ge. სააგენტოში ამბობენ, რომ „იციან პრობლემის შესახებ, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ სიტუაციის შესაცვლელად“.

„ქვეყნის შიგნით გადაყვანებზე, სამწუხაროდ, არ არსებობს ინფორმაცია. 2005 წელს, როდესაც შეიცვალა კანონი რეგისტრაციის და ნებართვების შესახებ, ამ კანონიდან ამოიღეს ქვეყნის შიგნით სამგზავრო რეგულარული გადაყვანების განებართვიანება… იმის შემდეგ ეს სფერო მიშვებულია თვითდინებაზე და რაც მივიღეთ, ხედავთ. შესაბამისად, ეს ინფორმაცია – საიდან გადის, ვინ გადის, როდის გადის, პირდაპირი ფორმით არ დევს. ჩვენც ვაღიარებთ, რომ  ეს სფერო მოსაწესრიგებელია. საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს და აღდგეს ამ სფეროს რეგულაცია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოს სამგზავრო გადაყვანების სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე იანვარაშვილმა.

 

შატილის “მარშუტკის” მგზავრები ეხმარებიან მანქანის მძღოლს, რომელსაც ტურისტები მიჰყავს შატილში
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მეტნაკლებად მოწესრიგებულია საქართველოს რკინიგზაში. საიტზე www.matarebeli.ge შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი მიმართულება, გაიგოთ გასვლის დრო და ბილეთის ფასი. თუმცა, მატარებელი ყველგან არ მიდის და საქართველოს უმეტეს დასახლებულ პუნქტში მისვლა მხოლოდ მიკროავტობუსითაა შესაძლებელი.

„სამწუხაროდ, ძალიან რთულია ინფორმაციის ნახვა შიდა რეისებზე. ერთადერთი „მეტრო ჯორჯიას“ აქვს საიტზე თავისი რეისები. რაც შეეხება პატარა ქალაქებში ან სხვადასხვა რეგიონში მიკროავტობუსების რეისებს, არათუ უცხოელს, ქართველსაც კი გაუჭირდება ინფორმაციის ნახვა, რომ არაფერი ვთქვათ ონლაინ დაჯავშნაზე. ეს, ცხადია, დისკომფორტია ტურისტებისთვისაც – შეიძლება ბევრ ადგილას ან ვერ მოხვდეს ზოგი, ან საკმაოდ ძვირი დაუჯდეს ტრანსპორტირება (ტაქსის სერვისი)…  ეს პრობლემა სახელმწიფოს და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს. ეფექტური იქნება თუ შეიქმნება ერთიანი ონლაინ პლატფორმა, სადაც დეტალური და განახლებული ინფორმაცია დაიდება. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ონლაინ დაჯავშნაც იქნება შესაძლებელი,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი, “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის” თავმჯდომარე.

ჩოხატაურის ავტოსადგური
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

წესით, ტურისტებს და არამარტო მათ, გადაადგილების საშუალებების და გრაფიკის შესახებ ინფორმაცია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმაც უნდა მიაწოდონ, მაგრამ ეს ასე არ ხდება. თუ თელავის საინფორმაციო ცენტრს მიაკითხავთ და დაინტერესდებით, როგორ მოხვდეთ იყალთოში სამარშრუტო ტაქსით, პასუხად მიიღებთ, რომ ცენტრალურ ქუჩას უნდა გაჰყვეთ, მერე დიდი დაღმართია, ივლი ამ ქუჩაზე, მიადგები ავტოსადგურს და იქ უკვე ეცოდინებათ რა გადის იყალთოში. თუ მესტიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში დარეკავთ და იკითხავთ, აქვთ თუ არა ინფორმაცია შიდა სასოფლო სამარშრუტო ტაქსებზე, გეტყვიან, რომ სჯობს ტაქსი დაიქირაოთ. გამონაკლისია აჭარის რეგიონში განთავსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრები, რომელთაც სერვისი – ინფორმაცია გადაადგილების შესახებ, 2017 წელს დაამატეს.

„აჭარაში 9 ტურისტული საინფორმაციო ცენტრია, სადაც ტურისტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ყველა სახის ტრანსპორტთან დაკავშირებით. მაგალითად, იქნება ეს მუნიციპალური ტრანსპორტი (სოფლებში რა ტრანსპორტი დადის, რომელ საათებში, რა დრო სჭირდება გზას, რა ღირს ბილეთი, უკან რომელზე ბრუნდებიან) თუ უშუალოდ ქალაქში გადაადგილდება,“ – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მართვის  განყოფილების უფროსი მაია ქაშიბაძე.

მისი თქმით, ამ სერვისის დამატება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გაიზარდა ტურისტების მოთხოვნა ინფორმაციაზე, როგორ წასულიყვნენ ამა თუ იმ ადგილას.

„შარშან და შარშანწინ არ გვქონია ეს მომსახურება,“ – ამბობს მაია ქაშიბაძე.

„ბათუმელები“ დაინტერესდა როგორ ხდება ინფორმაციის შეკრება. აღმოჩნდა, რომ აჭარაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებს შეუძლიათ მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია გადაადგილების შესახებ, მაგრამ ერთიანი ბაზა არც აქ არსებობს.

„ქედის, შუახევის, ხულოს სადისპეჩეროებთან გვაქვს ურთიერთობა. არის შემთხვევები, როცა გვინდა რამის გადამოწმება, გადარეკავს ჩვენი თანამშრომელი და ზუსტად გაიგებს, რაიმე შეფერხება ხომ არაა კონკრეტული მიმართულებით. ჩვენი ვთანამშრომლობთ ასევე ავტოსადგურთან. ვცდილობთ მთლიანად მოვერგოთ ტურისტის მოთხოვნილებებს,“ – ამბობს მაია ქაშიბაძე.

განსხვავებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისგან, ინფორმაციის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან. „ბათუმელები“ სამი დღის მანძილზე ცდილობდა კითხვებზე პასუხის მიღებას, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მუდმივად „პრესკონფერენციაზე იყო“ ან „ერთ საათში დაგირეკავთ“ რეჟიმში გვპასუხობდა.

„ბათუმელებს“ აინტერესებდა აქვს თუ არა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქალაქთაშორისო (მათ შორის  შიდა სასოფლო და სარაიონო) მარშრუტების ბაზა და თუ აქვს, ხომ არ აპირებს მათ განთავსებას ონლაინ სივრცეში.

“მარშუტკა” ასრულებს მარშრუტს ჩირუხი- შუბანი. მძღოლს მგზავრებთან ერთად ხეც “გადაჰყავს”
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: