მთავარი,სიახლეები

თაფლის მწარმოებელი ტრენერს: „კლიენტი შენზე იყოს“

03.11.2017 • 2504
თაფლის მწარმოებელი ტრენერს: „კლიენტი შენზე იყოს“

„- ამ თაფლს ჭამდა ბაბუაჩემი და 105 წლის გარდაიცვალა, დღეს რა შეიცვალა?

–  ფაროსანა იყო ბაბუათქვენის დროს?

–  თბილისი აცხადებს, არაა მავნე ფაროსანაო.

– ბაბუათქვენის დროს არ იყო ფაროსანა, არ იყო ამდენი დაავადება, ამდენი მანქანა, დარიშხანის ქარხანა და ატომური ელექტროსადგური.  იყო? ამდენი შეწამვლა იყო?

– მე, ქალბატონო, ისეთ სოფელში ვცხოვრობ, მანქანა რომ მოდის, ფანჯარასთან მივრბივარ, მანქანა დავინახო-თქვა. კაი ბატონო, ამდენ ამბავს თუ გავივლით, შემდეგ კლიენტი შენზე იყოს.“

ასე დაასრულა თაფლის მწარმოებელმა დიალოგი ტრენერთან, რომელიც თაფლის ევროპაში გატანასთან დაკავშირებულ ბარიერებზე საუბრობდა. მეწარმე ამტკიცებდა, რომ მისი თაფლი საუკეთესოა. „როცა შესაბამისი ანალიზიც აჩვენებს, რომ თაფლი მართლაც საუკეთესოა, მაშინ დაგიჯერებ და კლიენტის მოძებნაშიც დაგეხმარები,“ – ასეთი იყო ტრენერის საბოლოო პასუხი.

ევროპის ბაზარზე მოხვედრის შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული ბარიერები იყო დღეს, 3 ნოემბერს,  სასტუმრო „რადისონში“ მეწარმეებსა და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან შეხვედრის თემა. დასმული კითხვების შინაარსის მიხედვით შეხვედრას ძირითადად  თაფლის მწარმოებლები ესწრებოდნენ, ამიტომაც განხილვისას  მეტი დრო თაფლის ტექნიკურ რეგლამენტში არსებული საკითხების გავლას დაუთმეს. ასევე, ისაუბრეს თევზისა და სხვა პროდუქტების გატანასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც.

მეწარმეები ამბობდნენ, რომ მზად არიან შესაბამისი შემოწმება გაიარონ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ, რადგან ვერც ერთი სტრუქტურა მათ ამაში ვერ ეხმარება:

„ჩვენი მთავარი პრობლემა არის ბაზარი. მე მინდოდა თურქეთში გამეტანა თაფლი, მაგრამ ვერ ვახერხებ. ყველაზე დიდი ბაზარი თაფლის მოხმარების მხრივ თურქეთია. კარგი იქნება, ამაში ჩაერთოს ხელისუფლება და დაგვეხმაროს. თურქეთის მხარე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ თაფლი გავიტანოთ. ლაბორატორიულადაც შევამოწმებთ და შევაგროვებთ ყველა დოკუმენტს, რაც საჭირო იქნება ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი დღეს ვერ ხეხდება. შევხვდი სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს. გვეუბნებიან, რომ მოგვარდება, თუმცა დღეს თაფლის გატანა კანონის ფარგლებში ვერ ხერხდება. მე გატანა არ მიცდია, იმიტომ რომ დოკუმენტებს ვერ ვიღებ,“ – ამბობს ტარიელ თევთიძე.

ტარიელ თევთიძე

იგივე პრეტენზია აქვთ თევზის მწარმოებლებსაც. საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც თევზს შეამოწმებდა და შესაბამის სერტიფიკატსაც გასცემდა.

„საქართველოს შავი ზღვის ხამსაა აღიარებული ევროკავშირის მიერ, დანარჩენი სახეობების  გასატანად ჩვენ არ ვართ მზად. მაგრამ თუ ამ სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ, ეს კარგი იქნება არამხოლოდ ევროპაში პროდუქტის გასატანად, არამედ, ჩვენთვისაც. ჩვენ ვიცით, თევზი რამდენად საჭირო პროდუქტია, რამდენად მნიშვნელოვანია თევზის სწორად მოხმარება. მისი ნორმების  დაცვა გაზრდის პროდუქციის წარმოებას, რაც დღეს მინიმუმზეა დაყვანილი. პირველი პრობლემა არის ლაბორატორია, როგორც მეფუტკრეებისთვის, ასევე თევზის მწარმოებლებისთვის. სამწუხაროდ თევზს ვერც დაავადებებზე ვამოწმებთ, მთავრობა ამბობს, რომ ლაბორატორია გვექნება, ჩვენ მოვამზადეთ კვლევა ამასთან დაკავშირებით“. – ამბობს აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე.

სემინარს თემაზე – „თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის“  დღეს,  3 ნოემბერს, ბათუმის „რადისონში“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის სამრეწველო-სავაჭრო პალატა და ბათუმის ბიზნესინკუბატორი მასპინძლობდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: