სასამართლო თუ არბიტრაჟი?

არბიტრაჟი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდია და ამ მეთოდით სარგებლობა შესაძლებელია, თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან, რომ მათი დავა გადაწყვიტოს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა და არა სასამართლომ.

მნიშვნელოვანია იმ უპირატესობების განსაზღვრა, რომლებიც მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას „დავების განმხილველ ცენტრს“ (DRC) აშკარად გამოარჩევს, როგორც დავის გადაწყვეტის საუკეთესო ალტერნატივას სასამართლოსთან შედარებით.

დავის განხილვის სისწრაფე – არბიტრაჟი ძალიან მოქნილი ფორმალური პროცესია და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია განსახილველი დავის სირთულეზე, დავაში ჩართული მხარეების რაოდენობაზე, გამოსაყენებელ სამართალზე და ა.შ. ამასთან, „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საარბიტრაჟო განხილვა უნდა დასრულდეს 6 თვის განმავლობაში. „დავების განმხილველ ცენტრს“ განხილული აქვს 8 000-ზე მეტი საქმე და საქმის განხილვის საშუალო ვადა შეადგენს 2 თვეს.

შედარებისთვის, სასამართლოში დავის განხილვა, როგორც წესი, რამდენიმე წელი გრძელდება.

გასათვალისწინებელია, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსობრივი გასაჩივრება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაუშვებელია.

DRC-ის საქმის წარმოების წესები ითვალისწინებს მოქნილ პროცედურებს –  DRC-ის საქმის წარმოების წესები წარმოადგენს ნორმათა კრებულს, რომელიც აწესრიგებს კონკრეტული დავის განხილვისთვის საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირების, ასევე საარბიტრაჟო განხილვისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს. ის გაცილებით მოქნილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან შედარებით და მხარეებს, მათ ადვოკატებს აძლევს მეტ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ თავიანთი პოზიციები, მიიღონ დავის განხილვაში მონაწილეობა კომფორტულ გარემოში პროფესიონალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრების წინაშე. მხარეებს აქვთ უფლება ერთმანეთთან შეათანხმონ:

  • საარბიტრაჟო განხილვის ადგილი;
  • საარბიტრაჟო განხილვის ენა;
  • გამოსაყენებელი სამართალი;
  • არბიტრთა რაოდენობა;

კონფიდენციალურობა

 სასამართლო პროცესისაგან განსხვავებით, არბიტრაჟში საქმისწარმოება კონფიდენციალურია. სხდომები მიმდინარეობს დახურულად, რაც გულისხმობს, რომ დავის განხილვაში მხოლოდ პროცესის მხარეები იღებენ მონაწილეობას. ტრიბუნალი და მხარეები ვალდებულნი არიან, დაიცვან დავის მიმდინარეობის პროცესში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

არბიტრი თუ მოსამართლე?

„დავების განმხილველი ცენტრის“ საქმის წარმოების წესები საშუალებას აძლევს მხარეებს თავად განსაზღვრონ, თუ ვინ უნდა იყოს მათი დავის განმხილველი არბიტრი, იმის გათვალისწინებით, რომ არბიტრი უნდა იყოს მხარეებისაგან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირი.

სასამართლოში მხარეებზე დამოკიდებული არ არის, თუ რომელი მოსამართლე განიხილავს დავას. აქ კი მხარეებს შესაძლებლობა აქვთ, არბიტრად დანიშნონ ის პირი, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ნიუანსებამდე ჩაწვდეს დავის არსს, სწრაფად და ხარისხიანად გამოიტანოს დასკვნები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრზე, DRC-ი ნიშნავს მხარეებისაგან დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ არბიტრს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია.

აპელაციის უფლება და აღსრულებადი გადაწყვეტილება DRC-ის წესები გამორჩეულია იმითაც, რომ ითვალისწინებს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალური შემოწმების პროცესს. სანამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გადაეცემა მხარეებს, გადაწყვეტილებამ უნდა გაიაროს ფორმალური შემოწმების პროცესი. შედეგად `დავების განმხილველი ცენტრის“ წესებით განხილულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებულია და შეესაბამება ყველა ფორმალურ საკანონმდებლო მოთხოვნას.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე ფორმალური საფუძვლით. „დავების განმხილველი ცენტრის“ საქმის წარმოების წესები უზრუნველყოფს ამ წესების მიხედვით მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების 100%-ით აღსრულებას.

მომსახურების ღირებულება

 საქმის გარემოებების გამოკვლევისა და პროცესის დასრულებისთვის გონივრული ვადების გამო არბიტრაჟი უმეტეს შემთხვევაში შეუდარებლად იაფია, ვიდრე სასამართლოში საქმისწარმოება.

სასამართლოში დავის ღირებულება 3%-ია, DRC-ში კი- 3.5%, თუმცა სასამართლოს შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა ინსტანციაში გადასახდელი თანხის ჯამური ოდენობა, რაც მინიმუმ სამჯერ სამ პროცენტს შეადგენს და ბევრად მეტია, ვიდრე DRC-ის საარბიტრაჟო წესებით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა;

DRC-ში „ინსტანცია“ არ არსებობს, რადგან გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, შესაბამისად, ზოგავთ დროსა და თანხას.

 

თქვენთვის მოგვინდია განსაჯოთ, რა უფრო ეფექტურია ბიზნესისათვის?

დავის განხილვა სამი ინსტანციის სასამართლოში, რამდენიმე წლის განმავლობაში, იმ მოსამართლეების მიერ, რომელთა შერჩევის პრო­ცე­სში მხა­რეები არ არიან ჩართული, თუ დავის გადაწყვეტა საშუალოდ 2 თვის გან­მა­ვლობაში კომფორტულ გარემოში, საქმის სპეციფიკის მიხედვით შერჩეული შე­საბამისი ცოდნისა და გამოცდილების, და­მო­უკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის მიერ?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი