სიახლეები

ბათუმში სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება დაიწყო

27.03.2015 • 2270
ბათუმში სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება დაიწყო

 

 

პირველი სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც დღეს შემოწმდა ”ინდიგოა”.

 

 

”სანიტარული მონიტორინგის ფარგლებში, მიმიდინარეობს სტომატოლოგიური კაბინეტების და კლინიკების შემოწმება ინსტრუმენტების სტერილობაზე, თუ როგორ ხდება სტომატოლოგიური იარაღების წინასასტერილიზაციო დამუშავება, როგრო ხდება თავად ინსტრუმენტების სტერილიზაცია და დეზინფექცია. ასევე მოწმდება სამედიცინო ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებელყოფის წესები. ჩვენთან არსებული ლაბორატორიის სპეციალისტების მეშვეობით, ხდება კლინიკიდან სტერილური ინსტრუმენტებისა და იარაღების აღება სტერილობაზე, რომლებიც გადაიგზავნება ლაბორატორიაში და 10 დღის შემდეგ გვეცოდინება დასკვნა თუ, როგორ არის იარაღები გასტერილებული” – ამბობს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ნუგზარ ცეცხლაძე.

 

შემოწმების ძირითადი მიზანია C ჰეპატიტის პრევენცია.

 

”რა თქმა უნდა მივესალმებით ამ შემოწმებას, ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ამ ნორმატივებით და ჩვენთვის ახალი არაფერი ყოფილა ამ შემთხვევაში. ვფიქრობ, რაკი სტომატოლოგიური მოსმახურება არის მაღალი რისკის შემცველი, ამისთვის აუცილებლად უნდა მოხდეს, წელიწადში ერთხელ მაინც სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა დაავადებები და გართულებები” – ამბობს სტომატოლოგიური კლინიკა ”ინდიგოს” ხელმძღვანელი, თათია ანდღულაძე.

 

სპეციალისტები ინსტრუმენტებს სტერილობაზე ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში ლაბორატორიულად შემოწმებენ. 


მერია მსგავს შემოწმებებს პერიოდულად ახორციელებს. ბათუმში 80-მდე სტომატოლოგიური კაბინეტი ფუნქციონირებს და დღეისთვის მათგან 7 კაბინეტია შემოწმებული. ნუგზარ ცეცხლაძის თქმით, ამათგან ერთ-ერთ ობიექტზე გამოვლენილია დარღვევები. 

 

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სტომატოლოგიურ კაბინეტებს მიეცემათ წერილობითი გაფრთხილებები და გარკვეული ვადა ხარვეზის აღმოფხვრისთვის. ”გადამოწმების შედეგად თუ არ აღმოიფხვრება ჩვენს მიერ დასახული ღონისძიებები მითითებულ ვადებში, მაშინ შესაბამისად განხორციელდება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობები” – თქვა ნუგზარ ცეცხლაძემ.

მერიის ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.

 

სტომატოლოგიური კაბინეტების გარდა, გარემოსდაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება რეგულარულად ახორციელებს მუნიციპალური სასადილოების, სკოლების, ბაღების, სავადმყოფოების, პოლიკლინიკების, სასტუმროების, სილამაზის სალონების, ბავშვთა გასართობი ცენტრებისა და საცურაო აუზების ლაბორატორიულ შემოწმებას.

 

ამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 77 ათას 526 ლარია გათვალისწინებული.

გადაბეჭდვის წესი