კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 40%-იანი ფასდაკლებით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილ შენობას 40-პროცენტიანი ფასდაკლებით და პირობით ყიდის.  სამინისტრომ აუქციონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გაყიდვაზე მეხუთედ გამოაცხადა. ბოლო მცდელობისას სამინისტრო ძეგლს 15 მილიონ ლარად და პირობით ყიდდა, ამჯერად კი ძეგლის საწყისი ფასი 9 მილიონი ლარია.

აუქციონის პირობების მიხედვით, იყიდება ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე #25-სა და გამსახურდიას #12-ში მდებარე 2380, 7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა და დამხმარე ნაგებობები, ჯამში  2 623, 4 კვ.მ. ვაჭრობის ბიჯი 200000 ლარია.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა საპრივატიზებო საფასური 2018 წლის 3 იანვრიდან 31 დეკემბრამდე უნდა დაფაროს. არაუმეტეს  ხუთი თვის ვადაში კი, ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით  შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან  გააფორმოს ხელშეკრულება.

მყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში ევალება ასევე სამინისტროს წარუდგინოს საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში განთავსებული საათის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან  გაფორმებული ხელშეკრულება. საათი ბათუმის მერიის საკუთრებაა.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით, მყიდველმა 24 თვის ვადაში ამ შენობაში არანაკლებ ოცნომრიანი სასტუმრო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა გახსნას და  არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს;

გარდა ამისა, მყიდველს დაევალება 30 მოქალაქის დასაქმება სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში. დასაქმებულთა არანაკლებ  90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი