როგორ ნადგურდება არჩევნების შემდეგ გამოუყენებელი ქაღალდები

ცესკოს ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 39 მილიონ 11 ათას 899 ლარი დაიხარჯა. ცესკოს  ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებზე 9 მილიონზე მეტი ბიულეტენი დაიხარჯა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ხდება გამოუყენებელი ან გამოუსადეგარი მასალების მართვა არჩევნების შემდეგ, ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე ამბობს, რომ კონვერტები სადაც ბიულეტენები დევს, ხმების დათვლის შემდეგ, ნაგავში იყრება.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ მორჩენილი ქაღალდის დოკუმენტები ოლქებში ერთი წლის განმავლობაში ინახება, შემდეგ კი ნადგურდება.

„რაც შეეხება განადგურებას, შესაძლებელია  ეს ქაღალდები  ჩაბარდეს მაკულატურაში, თუმცა ასი პროცენტით ამ ქაღალდების ჩაბარება მაკულატურის მიმღებ პუნქტებში ვერ მოხერხდება, რადგან ამდენი პუნქტი ქვეყანაში არ არსებობს. ამიტომ, ამ შემთხვევაში შეიძლება დაიწვას“ – გვეუბნება ცესკოს  პრესსპიკერი ანა მიქელაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, აბარებს თუ არა ცესკო მორჩენილ ქაღალდის მასალებს მაკულატურაში, ანა  მიქელაძე ამბობს, რომ  ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს. „მე როგორც ვიცი, როცა ქაღალდები გვიგროვდება ბარდება თბილისში არსებულ მაკულატურის მიმღებ პუნქტებში და როგორც ვიცი ცესკო მაკულატურის საფასურს არ იღებს“ – გვეუბნება ის.

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა რუხაია ამბობს, რომ სასურველია ქაღალდის ნარჩენების გადამუშავება მოხდეს და არა მისი გადაყრა ან დაწვა.

„ნაგვის ურნებში ქაღალდის ნარჩენების ჩაყრას, კანონმდებლობა არ კრძალავს მაგრამ, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, უმჯობესია ნარჩენები მიდიოდეს გადასამუშავებლად და არა ნაგავსაყრელზე.

რაც შეეხება დაწვას, ნებისმიერი ღია ტიპის წვა არის აკრძალული. ბათუმშიც არის მაკულატურის ჩაბარების საშუალება და თბილისშიც, ამიტომ უმჯობესია საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების შემდეგ ეს პუნქტები გამოიყენონ“ – ამბობს კახა რუხაია.

საქართველოში სხვადასხვა დონის არჩევნები ყოველ 3-4 წელიწადში ტარდება. ერთი არჩევნებისთვის კი მილიონამდე ლარის ქაღალდის მასალის შესყიდვა ხდება სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სახელმწიფო ნარჩენების მართვის ეფექტურ პრაქტიკას არჩევნების შემდეგ არ მიმართავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com