მთავარი,სიახლეები

IUHB – ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგთა გუნდი 24/7 თქვენს სამსახურში

01.11.2017 • 5075
IUHB – ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგთა გუნდი 24/7 თქვენს სამსახურში

მაჰირ ბალაქიშიევი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგია. იგი ჰოსპიტალში გახსნის დღიდან მუშაობს და ამჟამად კარდიოქირურგიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს. IUHB-ი წელიწადნახევრის წინ გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში კარდიოქირურგებმა 500 ოპერაცია გააკეთეს გულზე.

  • ბატონო მაჰირ, როგორ არის დაკო­მპლექტებული კარდიო­ქი­რ­ურგთა გუნდი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში?

ჰოსპიტლის დირექტორის, ისმეთ დინდარ-მიქელაძის დიდი ხნის ოცნება იყო ბათუმში უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰოსპიტლის ამოქმედება, რომელიც სამედიცინო მომსახურების უმაღლესი სტანდარტების დანერგვაზე იქნებოდა ორიენტირებული.

ჰოსპიტალი წელიწადნახევარზე მეტია რაც გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ასობით პაციენტს გავუწიეთ დახმარება.

ჩვენ თურქეთის წამყვანი სამედიცინო ცენტრების პარტნიორები ვართ. ეს თანამშრომლობა კი, გვეხმარება დროულად დაინერგოს ნოვაციები, მკურნალობის ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. კარდიოქირურგთა გუნდი ქართველი და უცხოელი მედიკოსებითაა დაკომპლექტებული. მიმართულებას ამჟამად მე ვხელმძღვანელობ. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჰოსპიტლის კარდიორეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის სამსახური. ახალგაზრდა ექიმებმა: გიორგი არჯევანიძემ და შალვა ბაშარულმა აშშ-ისა და ისრაელის ცნობილ კლინიკებში გაიარეს სტაჟირება. დღეს ისინი ჩვენ გვერდით წარმატებულად მუშაობენ.

  • კვირაში საშუალოდ რამდენი კარ­დიოქირურგიული ოპერაცია ტარდება ჰოს­პი­ტალში? ასევე, დაარსებიდან დღემდე საშუალოდ რამდენი კარდიოქირურგიული ოპ­ერაცია ჩატარდა ჰოსპიტალში და როგორია შედეგები?

500 ოპერაცია ღია გულზე – ასეთია გახსნიდან დღემდე კარდიოქირურგიული მიმართულების საქმიანობის სტატისტიკა. ამ ყველაფრის უკან საოპერაციო მაგიდასთან გატარებული უმძიმესი საათები და ასობით გადარჩენილი სიცოცხლეა.

აღსანიშნავია, რომ IUHB-ის გახსნამდე რეგიონში ურგენტულ რეჟიმში კარდიოქირურგიული ოპერაციები არ ტარდებოდა. პაციენტების უმრავლესობა დედაქალაქში ან უცხოეთში მიემგზავრებოდა შესაბამისი სერვისისათვის. ამჟამად ჰოსპიტლის კარდიოქირურგიული გუნდი დღე-ღამის ნებისმიერ დროს მზადაა, პაციენტს კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩაუტაროს.

  • ჩაგიტარებიათ თუ არა განსაკუთრებით რთული ოპერაციები?

ერთი წლის განმავლობაში არაერთი უნიკალური ოპერაცია გავაკეთეთ, პირველად აჭარაში სწორედ ჩვენ გავაკეთეთ TEVAR-ი (Thoracic Endovascular Aortic Repair). გულის დაღმავალი აორტის განშრევების მქონე პაციენტს სტენტ-გრაფტი ქირურგიული კვეთის გარეშე ჩავუდგით. უნიკალური და ურთულესი ოპერაცია ბათუმში მშენებლობის დროს დაშავებულ მამაკაცს ჩაუტარდა. ის მშენებარე სახლიდან ჩამოვარდა, სამშენებლო ბლოკებში მოექცა და მრავლობითი ტრავმა მიიღო, მათ შორის ყველაზე რთული გულის დაღმავალი აორტის განშრევება იყო – სახეზე გვქონდა სისხლდენა და ნებისმიერ დროს დაღუპვის დიდი რისკი არსებობდა. დღეს ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ ოთხი ანალოგიური ოპერაცია გავაკეთეთ.

10 პროცენტი ჩვენ მიერ ჩატარებული ოპერაციებისა იმ პაციენტებზე მოდის, რომლებიც მდგომარეობის სირთულისა და მაღალი რისკის გამო სხვა კლინიკებში არაოპერაბერულად მიიჩნიეს. დახმარება მათ ჩვენმა გუნდმა აღმოუჩინა.

ჩვენს პრაქტიკაში ხშირია აორტის დისექციის ოპერაციები. აორტის განშრევება, სიკვდილიანობის გამო, მსოფლიო მასშტაბის პრობლემადაა მიჩნეული. პაციენტი ტრანსპორტირებისას ნებისმიერ დროს შეიძლება დაიღუპოს. ამ დროს ყოველი წუთი გადამწყვეტია და მხოლოდ დროულ ოპერაციულ ჩარევას შეუძლია მისი გადარჩენა. ჩვენ ურგენტულ რეჟიმში 10-ზე მეტი ასეთი ოპერაცია ჩავატარეთ წარმატებით.

ის, რაც აქამდე გაკეთდა, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ახალი სერვისების, ტექნოლოგიებისა და სხვა სიახლეების დანერგვით გვსურს, რაც შეიძლება მეტმა პაციენტმა მიიღოს თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო მომსახურება.

მთავარ ფოტოზე: ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგთა გუნდი 

გადაბეჭდვის წესი