მთავარი,სიახლეები

სიმაღლეზე მუშაობის დროს უსაფრთხოების მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა

01.11.2017 • 4057
სიმაღლეზე მუშაობის დროს უსაფრთხოების მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა

მიმდინარე წლის 30 ოქტომბრიდან ამოქმედდა სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს უსაფრთხოების მოთხოვნებსა  და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს იმ სამუშაოებზე, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „ტექნიკური რეგლამენტი აწესებს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან“.

ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი უფლებამოსილების ფარგლებში  უნდა განახორციელონ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისმა ორგანოებმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა.

ამასთან, სამშენებლო მოედნებზე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევას. სამშენებლო მოედნებზე სამშენებელო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი ხშირად ირღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა  ვალდებულებებს, მოთხოვნებს დამცავი მოაჯირების, ხარაჩოების მოწყობისა და ექსპლუატაციის, ასევე ხარაჩოს ტვირთამწეობისა და შემოწმების მიმართ; უსაფრთხოების ბადეების განთავსებას და სხვ.

რეგლამენტით განსაზღვრულია, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, დამჭერი მოწყობილობები, მაფრთხილებელი ბარიერები, გადასატანი კიბეები.

ამავე რეგლამენტით ღიობები [ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა] დაფარული უნდა იყოს სპეციალური ხუფებით ან/და ფენილებით. ხუფები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

[checklist]

  • ყველა ხუფი უნდა უძლებდეს მასზე მდგარი დასაქმებულის და განთავსებული ხელსაწყოსა და ნივთის გაორმაგებულ წონას;
  • ხუფები უნდა დამონტაჟდეს ისე მყარად, რომ შეუძლებელი იყოს მისი შემთხვევითი გადაადგილება;
  • ხუფებს უნდა ჰქონდეს გამაფრთხილებელი წარწერა − „ორმო“ [„HOLE“] და „ხუფი“ [„COVER“].

[/checklist]

მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნაა სიმაღლეზე მომუშავე ყველა თანამშრომელს ჰქონდეს გავლილი შესაბამისი სწავლება, „რომელიც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო მოდულებს“, თუმცა, სწავლების ის მუხლი რეგლამენტში, რომელშიც ეს მოთხოვნაა, 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.

ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

ამავე თემაზე:

უსაფრთხოების ნორმები მშენებლობებზე კონტროლს მიღმა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: