მთავარი,სიახლეები

ვიდეოკონტროლი: თუ ჯარიმას დროულად არ გადაიხდით, შსს ვიდეოჩანაწერს გამოაქვეყნებს

01.11.2017 • 3274
ვიდეოკონტროლი: თუ ჯარიმას დროულად არ გადაიხდით, შსს ვიდეოჩანაწერს გამოაქვეყნებს

პირველი ნოემბრიდან ვიდეოჯარიმებზე ახალი წესი ამოქმედდა. „ჭკივიანი კამერებით“ სხვადასხვა სამართალდარღვევის ავტომატურად დაფიქსირდება. დღეიდან ასევე ამოქმედდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, თუკი პირი საჯარიმო ქვითარს არ ჩაიბარებს, ან ჯარიმას დროულად არ გადაიხდის, სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეო ან ფოტომასალა საჯაროდ გამოქვეყნდება.

ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება. სამართალდამრღვევს ქვითარს ისევ ფოსტით გაუგზავნიან. თუ ქვითრის ჩაბარება ვერ ხერხდება, დაბრუნებიდან ერთ თვეში ქვითარს ხელახლა გაუგზავნიან.

„პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.police.ge-ზე „საჭირო ინფორმაციის“ ველში. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით,“ – ვკითხულობთ შს მინისტრის ბრძანებაში.

დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე, ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს.სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითართან ერთად ნახავთ ასევე კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერს. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.

ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში  ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია ისიც, რომ სამინისტრო უფლებამოსილია ვიდეოჩანაწერი ან ფოტომასალა მიაწოდოს კომერციულ ბანკებსა და საგადასახადო მომსახურების სხვა პროვაიდერებს პერსონალურ მონაცემთა კანონმდებლობის დაცვით.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმააცით, დამრღვევი მძღოლი ვიდეოჯარიმით შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:

• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;

• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;

• სიჩქარის გადაჭარბება;

• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;

• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით:

საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;

ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: