მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს ბოლოსწინა სხდომა საქორწილო მოსაწვევების დარიგებით დასრულდა

31.10.2017 • 3959
ბათუმის საკრებულოს ბოლოსწინა სხდომა საქორწილო მოსაწვევების დარიგებით დასრულდა

სხდომის დაწყებამდე ბათუმის საკრებულოს წევრებმა რამდენიმე წუთი მოანდომეს იმის გარკვევას, იყო თუ არა დღეს 2014-2017 წლების მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა. საბოლოოდ საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ განმარტა, რომ „სავარაუდოდ, სხდომა კიდევ იქნება და შესაძლოა იყოს სიურპრიზებიც“. რა შეიძლება იყოს სიურპრიზი, ამით არც საკრებულოს წევრები დაინტერესებულან და არც თავმჯდომარეს დაუკონკრეტებია.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე სიტყვით გამოსვლის სურვილი საკრებულოს რამდენიმე წევრმა გამოთქვა, მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც მანამდე აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ, ასეთი იყო, მაგალითად, თემურ ორაგველიძე. გამომსვლელებმა საკრებულოს მუშაობა მოკლედ შეაჯამეს და მადლობა უთხრეს კოლეგებს.  შემდეგ კი თავადვე აღნიშნეს, რომ გამოსვლები სევდიანი იყო: „ნეკროლოგს ჰგავდა“

ბათუმის საკრებულოს სხდომა

საკრებულოს წევრმა თამაზ თურმანიძემ ჯერ მოქმედი საკრებულოს იმ წევრებს მიულოცა, რომლებიც შემდგომი მოწვევის საკრებულოშიც აირჩიეს – „ქართული ოცნებიდან“ ნატალია ზოიძეს, საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძეს, მისი მოადგილე ირაკლი მიქელაძეს და ნოდარ დუმბაძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

შემდეგ კი საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ, თამაზ თურმანიძემ საკრებულოს მუშაობა არც თუ ისე დადებითად შეაფასა:

„შეიძლება ბევრი პირობა გვქონდა დადებული და ვერ შევასრულეთ, მაგრამ ყველა ჩვენთაგანმა რაღაც წვლილი შევიტანეთ ბათუმის განვითარებაში, განსაკუთრებული წარმატება მინდა ვუსურვო ქალბატონ ნატალიას.“

ნატალიამ მოლოცვისთვის მადლობა გადაიხადა, თუმცა იქვე დააკონკრეტა, რომ კოლეგის მოსაზრებას არ ეთანხმება: „ვერ ვიტყვი, რომ ცოტა გავაკეთეთ, პირიქით. ვფიქრობ, ლუკა ასათიანის სტიპენდიის დაწესება ეს იყო ძალიან კარგი ინიციატივა.“

საკრებულოს წევრმა კობა ჩხეიძემ ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც, მისი აზრით, ბათუმში მოქმედი საკრებულოს უფლებამოსილების ვადაში უნდა განხორციელებულიყო და არ განხორციელდა.

„ჰეფი ენდი გვაქვს, ესე იგი. პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ცხრა პარტიისგან შემდგარი საკრებულო გვქონდა და არ იყო უგემური საკრებულოს სხდომები. იმედს ვიტოვებ, რომ ახალი საკრებულოს წევრები მოახერხებენ იმ იდეების განხორციელებას, რისთვისაც  ჩვენ ვიბრძოდით. გულის ტკივილით მინდა აღვნიშნო პროექტებზე, რომლებიც არ განხორციელდა, ეს არის იაფი სახლი. ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ პროექტთან მიმართებაში გადაიდგა იყო მიმართული მის საზიანოდ და არა მისი განხორციელებისთვის. ურეხის მოხუცებულთა სახლის რეაბილიტაცია, სამწუხაროდ, დღემდე არ დაწყებულა. ასევე სამწუხაროდ იზრდება იმ მოხუცების რაოდენობაც, რომლებზეც სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვაა  საჭირო. ჩვენი ფრაქცია გამუდმებით ითხოვდა, რომ ექვსშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებზე მიგვეცა დახმარება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გამოვიდა. მიუხედავად ჩვენი და „რესპუბლიკელების“ მოთხოვნისა, მერია მაინც არ გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა სამშენებლო რეგულაციები ქალაქში, რომელიც მინიმუმ მოაწესრიგებდა ქაოტური მშენებლობების პრობლემას“, – განაცხადა კობა ჩხეიძემ სხდომაზე.

დღეს სხდომაზე განცხადება გააკეთა თემურ ორაგველიძემაც, უმრავლესობის წევრმა „ქართული ოცნებიდან“. მან თქვა ის, რაც მთელი სამი წლის განმავლობაში სხდომაზე არასდროს უთქვამს, რომ საკრებულო მერიის მიმართ უფრო კრიტიკული უნდა იყოს და ის, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური ცუდად მუშაობს. საკრებულოს უფლებამოსილების მიწურულს გავიგეთ ისიც, რომ თემურ ორაგველიძე ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ ბევრი ფული ბიუჯეტიდან უშედეგოდ იხარჯება:

„ამ მასშტაბის რეაბილიტაცია არ მომხდარა ჭაობის უბანში, რაც ახლა მიმდინარეობს, მაგრამ გისურვებთ, რომ უკეთესად ჩატარდეს მომავალში, რატომ იცით? – როგორც პრაქტიკამ დაგვანახა, ჯერ უნდა განხორციელებულიყო ეზოების რეაბილიტაცია და შემდეგ დაწყებულიყო საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. გამოვიდა, რომ ხდება უამრავი ფულის ხარჯვა უმიზნოდ. ეზოები იტბორება, დღეში რამდეჯერმე მოდის წყალკანალი წვიმის განმავლობაში, მაგრამ ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული, თავშივე რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი გათვალისწინებული, ამდენი უაზრო ხარჯის გაწევა ქალაქის ბიუჯეტიდან არ მოგვიწევდა.“

თემურ ორაგველიძე

სიტყვით გამოსვლა სხვებსაც უნდოდათ, თუმცა საკრებულოს რამდენიმე წევრმა საკითხებზე გადასვლა ითხოვა: „საკითხებს დავუბრუნდეთ ნეკროლოგის კითხვას დაემსგავსა, პოლიტიკურ ნეკროლოგზე ვლაპარაკობთ.“

საკითხების განხილვის შემდეგ კი ყველაფერი უფრო მხიარულ ნოტაზე დამთავრდა – საკრებულოს წევრმა თეიმურაზ ბასილაძემ კოლეგები შვილის ქორწილში დაპატიჟა, მოსაწვევებიც იქვე სხდომაზე დაარიგეს.

ლარისა ანდღულაძე

 

გიორგი კაკაბაძე

გიორგი კაკაბაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: