მთავარი,სიახლეები

ზურაბ პატარაძე ჰომოფობიაზე: არ ვიცნობ გურამ კაშიას და კომენტარს არ გავაკეთებ

31.10.2017 • 13039
ზურაბ პატარაძე ჰომოფობიაზე: არ ვიცნობ გურამ კაშიას და კომენტარს არ გავაკეთებ

როგორია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამოკიდებულება ფეხბურთელ გურამ კაშიას ქმედებაზე, როცა მან ლგბტ თემის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და არაძალადობრივ კამპანიაში ჩაერთო – ზურაბ პატარაძეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ მთავრობის სხდომის შემდეგ დაუსვა.

ჰომოფობიაზე საუბრის ნაცვლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აქცენტის გაკეთება ახალ სტადიონზე ამჯობინა.

„მე, ზოგადად, მიყვარს სპორტი. ბათუმში აშენდება არაჩვეულებრივი სტადიონი და იქ ძალიან კარგი თამაშები ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ სპორტსმენები და დანარჩენ კითხვებს მე არ ვპასუხობ“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შევახსენეთ, რომ შეკითხვა კონკრეტულ სპორტსმენს – გურამ კაშიას და ჰომოფობიას ეხებოდა. ზურაბ პატარაძემ დასმულ კითხვაზე ასე გვიპასუხა:

„მე არ ვიცნობ გურამ კაშიას და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ… ამ საკითხზე მე უკვე გაგეცით პასუხი“.


საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს:

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.

საზოგადოების ნაწილმა ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ  სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: