სიახლეები

„ჟილინის არხის“ სავარაუდო მშენებლის პრობლემები პოლიციასთან

22.03.2015 • 2687
„ჟილინის არხის“ სავარაუდო მშენებლის პრობლემები პოლიციასთან

 

„მშენებელი 80“ ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ჟილინის არხის სარეკონსტრუციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა.

 

ტენდერში მონაწილეობისთვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებას კიდევ ერთი კომპანია „ჯენერალ ბილდინგი“ ცდილობდა.  „ბათუმელებმა“ ვერ გაარკვია, რატომ აღარ მიიღო კომპანიამ ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობა. კომპანიაში ტელეფონის ზარს არ პასუხობენ, მერიაში კი გვითხრეს, რომ მიზეზი არც მათთვის არის ცნობილი. შესაბამისად, „მშენებელი 80“-ს კონკურენტი არ ჰყოლია.

 

ბათუმის მერიამ ჟილინის არხის რეკონსტრუქციისთვის 6 მილიონ 322 964 ლარი გამოყო. შპს „მშენებელი 80“ -ს კი ელექტრუნულ ვაჭრობაზე ეს თანხა არ დაუწევია და მერიას სამუშაოს შესრულება იმავე ფასად შესთავაზა. ამ სამუშაოს შესრულებას მილიონი ლარით ნაკლებად სთავაზობდა ბათუმის მერიას შპს „ჰიდრო“, რომელსაც გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულება წინანსწარ შეთანხმებულ გეგმა-გრაფიკზე ჩამორჩენის გამო გაუუქმეს.

სამუშაოს გაგრძელების მიზნით ახალ კომპანიასთან შესათანხმებლად, ბათუმის მერიამ „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,“  აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან, არჩილ ხაბაძისგან სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვაზე ნებართვა ითხოვა და დადებითი პასუხიც მიიღო. ამ ეტაპზე მერია კომპანიისგან დოკუმენტების წარდგენას ელოდება, რისი მიღების შემდეგაც მხარეები სამუშაობის შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას გააფორმებენ.

 

რეესტრში დაცული დოკუმენტების მიხედვით, მშენებელი 80“ ვასილ სანაძეს დაურეგისტრირებია 1999 წელს და კომპანიის ერთპიროვნულ მმართველადაც თავად ფიქსირდება. თუმცა დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოა.

 

 რეესტრში იძებნება ასევე დოკუმენტი, რომლის თანახმადაც „მშენებელი 80“ მსხვილ გადამხდელთა რეესტრში დარეგისტრირდა 2005 წელს. კომპანიის პროფილი თავიდანვე სამშენებლო სამუშაოები იყო. 2010 წლიდან „მშენებელი 80“ უკვე კერძო კომპანიაა და მის წილებს თანაბრად ინაწილებენ ვასილ სანაძე და ვალერი ბუცხრიკიძე. დოკუმენტებში დაშტრიხულია და არ იკითხება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფასად გაასხვისა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ კომპანია კერძო პირზე ან რა ფასად შეისყიდა მისი 50%-იანი წილი ვალერი ბუცხრიკიძემ. მან კომპანიის დირექტორის თანამდებობაც გადაიბარა და დღემდე ამ თანამდებობას იკავებს.

 

2010 წლიდან დღემდე კომპანია ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებლად ფიქსირდება. გასულ წლამდე ამ კომპანიას ათ მილიონამდე ლარის ღირებულების სამუშაოები აქვს შესრულებული. კომპანიას მილიონზე მეტი ლარის ღირებულების დაკვეთა ჰქონდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან, რამდენიმე მილიონიანი დაკვეთა _ შპს საქართველოს გაერთიანებული სამალიორაციო სისტემების კომპანიისგან, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდისგან. ამ პერიოდში კომპანიის მფლობელი და დირექტორი ვალერიან ბუცხრიკიძე სამართალდამცავების ყურადღების ქვეშაც მოექცა. მისი სახელი ფიგურირებს 2011 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეში. მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები და სამელიორაციო ასოციაციის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი დააკავა.

 

 გამოძიების ინფორმაციით, მაღალჩინოსნებს ბრალად ედებოდათ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით მეწარმეებისთვის ქრთამის გამოძალვის არაერთი ფაქტი. „მშენებელი 80“-ის დირექტორმა ვალერი ბუცხრიკიძემ 2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ითანამშრომლა – ქრთამის მიმცემის ვინაობა დაასახელა (საქმეში არ არის მითითებული, თუ რატომ გადაუხადეს კომპანიის დირექტორს ქრთამი, ის ამ დროს სამინისტროს საკუთრებაში არსებული კომპანიის დაკვეთას ასრულებდა), რის შემდეგაც სისხლის სამართლის პასუხისგებისგან გათავისუფლდა. ვალერი ბუცხრიკიძე ამ ფაქტს ნაწილობრივ ადასტურებს. ამბობს, რომ ასეთი ფაქტი იყო, მაგრამ არ უნდა გახსენება. „ამბის მიტანა რად უნდოდათ, მისმენდნენ და იცოდნენ… მაშინ ორი მილიონი წამართვეს და სასამართლოშიც ვჩიოდი, მაგრამ საქმე ქუთაისამდე არ მივიდა. ახლა რომ ვიჩივლო, რა აზრი აქვს, ვინმე დამიბრუნებს იმ ფულს?“ _ უთხრა მან  „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში. კომპანიის დირექტორი ახლა ბათუმის მერიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების შეგროვებით არის დაკავებული.

გადაბეჭდვის წესი