კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

მოქალაქე: ციხისძირში ისტორიულ სახლებს ანადგურებენ

30.10.2017 • 5354
მოქალაქე: ციხისძირში ისტორიულ სახლებს ანადგურებენ

ციხისძირში, ზღვასთან ახლოს, სასტუმრო „კასტელო მარისთან“ ახლოს მდებარე ისტორიული აგარაკები ნადგურდება. 6 აგარაკს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2016 წელს მიანიჭა ძეგლის სტატუსი. სტატუსის მინიჭების შემდეგ აგარაკების მდგომარეობა არ შეცვლილა. პირიქით, ადგილობრივები ამბობენ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებულ აგარაკებს მიზანმიმართულად ანადგურებენ.

„არ ვიცი, ვინ ანადგურებს, მაგრამ ამ სახლს ფანჯარა ჰქონდა და მოხსნეს, მალე ალბათ სახურავსაც გადახსნიან. ვიღაცას დანგრევა უნდოდა და ამ სახლების მოშორება აქედან. რომ დაინგრევა, მერე რაღა აზრი აქვს, არ აქცევს არავინ ყურადღებას,“ – ამბობს ციხისძირში მცხოვრები ილია ევანი. მან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს რამდენიმე დღის წინ მიმართა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ ციხისძირის აგარაკები შაბათს, 28 ოქტომბერს მოინახულეს, ძეგლები ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ იქ არ უნახავთ ვინმე, ვინც ყოფილ აგარაკებს ანადგურებდა. სააგენტოში ირწმუნებიან, რომ სახლები დაახლოებით იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც იყო გასულ წელს, ძეგლის სტატუსის მინიჭების დროს.

„ამ აგარაკებს ჰყავს კონკრეტული მესაკუთრეები, რომლებსაც კანონის მიხედვით აქვთ ძეგლის მოვლა-შენახვის ვალდებულება. მოვლის განუხორციელებლობაზეც მესაკუთრე აგებს პასუხს. ჩვენ მესაკუთრეებს წერილობით მივმართავთ და შევატყობინებთ ამის შესახებ. ამის შემდეგ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო ხელშეკრულებებს გააფორმებს მესაკუთრეებთან მოვლა-პატრონობაზე. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა ძეგლის გადასარჩენად, “ – აღნიშნა მირზა ცეცხლაძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლზე ნებართვის გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა.

რატომ არ მიმართა სააგენტომ ყოფილი აგარაკების მესაკუთრეებს აქამდე? – მირზა ცეცხლაძე ამბობს, რომ ამ კითხვას პასუხი ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გასცეს, რომელსაც აქვს ძეგლის მესაკუთრეებთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება.

„იქ უნდა დადგინდეს, ვინმე მიზანმიმართულად ანადგურებს ამ ძეგლებს, თუ ბუნებრივი პირობების გამო ზიანდება. გეთანხმებით, რომ ამ სახლებს სასწრაფო წესით სჭირდება შველა და სააგენტო ყველაფერს გააკეთებს მათ გადასარჩენად,“ – გვითხრა მირზა ცეცხლაძემ.

ვინ დაადგენს, რა აზიანებს ძეგლებს და მიმართა თუ არა სააგენტომ პოლიციას – სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან ადგილზე კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტი არ შეუნიშნავთ, საჭიროების შემთხვევაში კი, არ გამორიცხავენ სამართალდამცველებიც ჩართონ ამ პროცესში. მირზა ცეცხლაძის თქმით, ისინი უახლოეს დღეებში დაუკავშირდებიან ყოფილი აგარაკების მესაკუთრეებს და საქმის მასალებს რეაგირებისთვის ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნიან.

სააგენტოს ინფორმაციით, მესაკუთრეები კერძო ფიზიკური პირები არიან, რომლებთანაც ნასყიდობის ხელშეკრულებები 2015 წელსაა გაფორმებული.

ყოფილი აგარაკის შენობები ციხისძირში / აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფოტოები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: