სიახლეები

2 მილიონი ლარი სკვერებისთვის

20.03.2015 • 1746
2 მილიონი ლარი სკვერებისთვის

 

სტადიონის ნაცვლად აქ სკვერი უნდა გაშენდეს
სტადიონის ნაცვლად აქ სკვერი უნდა გაშენდეს

ყველაზე დიდი სკვერის მოწყობა ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში იგეგმება. სკვერი დაახლოებით ოთხ ჰექტარზე უნდა გაშენდეს და კეთილმოეწყოს. როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, ვიზუალითა და კონცეფციით ახალი სკვერი გამორჩეული იქნება.

 

„სკვერს საკმაოდ ორიგინალური ფორმა ექნება, მოპირკეთდება როგორც გრანიტის, ასევე დეკორატიული ფილებით. გაკეთდება ბაზალტის ბორდიურები. სკვერში განთავსდება სკულპტურები და დეკორაციები. იქნება სათამაშო მოედანი, ატრაქციონები და ტრენაჟორები“.
თენგიზ პეტრიძის განცხადებით, სკვერი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც: „იქნება ადაპტირებული ატრაქციონები შშმ ბავშვებისთვის, ასევე გაკეთდება ადაპტირებული საპირფარეშო და სასმელი წყლის შადრევნები. კეთილმოეწყობა სკვერის მიმდებარე ქუჩაც“.

 

თენგიზ პეტრიძის განცხადებით, სკვერის პროექტი უკვე მზადაა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მონოლითი 2005“-ი სამუშაოებს მაისის ბოლომდე დაასრულებს.

სკვერის ბიუჯეტი ორი მილიონ 50 ათასი ლარია.

შედარებით პატარა სკვერის გაკეთება იგეგმება დემეტრე თავდადებულისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში, სადაც მინისტადიონი იყო განთავსებული, მოგვიანებით კი, ტერიტორიაზე პატარა ეკლესია აშენდა. სტადიონის დემონტაჟი უკვე დაწყებულია, რადგან როგორც თენგიზ პეტრიძე ამბობს, მის გადატანას მოსახლეობა და ეკლესიის წარმომადგენლებიც მოითხოვდნენ:

 

„ჯერ ერთი ქუჩის პირას იყო და უსაფრთხოება არ იყო დაცული, მეორეც, მოედანი ეკლესიასთან ძალიან ახლოსაა, ბიჭები თამაშის დროს ხან იგინებოდნენ, ხან რა და ცოტა უხერხულიც იყო. ამიტომ, სტადიონის ნაცვლად ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, დაიდგმება სკამები, განთავსდება სანაგვე ურნები“.

 

თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, სკვერში გაკეთდება დეკორატიული განათება და მოეწყობა შადრევანიც. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გზა 21“ შეასრულებს. სკვერისთვის ბიუჯეტიდან 192 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

რაც შეეხება სპორტულ მოედანს, თენგიზ პეტრიძე ირწმუნება, რომ მოედანი ამავე უბანში ახალგაზრდებს აუცილებლად ექნებათ, ოღონდ ტერიტორია ამ დროისთვის შერჩეული არ არის.

 

„სულ სამი სტადიონის გაკეთება გვაქვს დაგეგმილი, ერთი იქნება ე.წ „ჭაობის“ უბანში, ერთი – აეროპორტის დასახლებაში, ბონი-გოროდოკის და გონიო-კვარიათის ტერიტორიაზე გვინდა რომ გაკეთდეს, თუმცა ჯერ ზუსტი ადგილები შერჩეული არ არის“.
სტადიონების მშენებლობისთვის ბიუჯეტში 250 ათასი ლარია გათვალისწინებული.

 

მიმდინარე წელს განახლდება ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერიც. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადებულია, გამარჯვებული მარტის ბოლოს გახდება ცნობილი. სატენდერო თანხა 119 ათასი ლარია. სკვერში უნდა მოწესრიგდეს განათება, უნდა დაიგოს დეკორატიული ფილები, მოწესრიგდეს ფანჩატური და გაკეთდეს წყლის სასმელი შადრევანი. სკვერში არსებულ ეკლესიასთან კი დეკორატიული ღობე უნდა გაუკეთდეს და დაიდგას სანაგვე ურნები.

 

იმ შემთხვევაში, თუ ორი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებზე რაიმე ხარვეზი გამოვლინდება, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განცხადებით, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები ვალდებული იქნებიან, ეს ხარვეზები თავადვე გამოასწორონ. „ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიებს სახელშეკრულებო თანხის ხუთი პროცენტი უკავდებათ. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, თუ ისინი არ აღმოფხვრიან მას, მაშინ ამ თანხით მერია ჩაატარებს სამუშაოებს; თუ ხარვეზები არ გამოვლინდება, მაშინ დაკავებული თანხა კომპანიებს დაუბრუნდება“, – განაცხადა თენგიზ პეტრიძემ.

 

ადაპტირებული სკვერის რეაბილიტაცია დაგეგმილია მახინჯაურის დასახლებაშიც, ჯინჭარაძის ქუჩაზე, რისთვისაც ბიუჯეტში 53 ათას 757 ლარია გათვალისწინებული.

 

გადაბეჭდვის წესი