მთავარი,სიახლეები

ბეტი – ტაქსის მძღოლი გოგო ბათუმის ქუჩებში

30.10.2017 • 9759
ბეტი – ტაქსის მძღოლი გოგო ბათუმის ქუჩებში

ძლიერება და გაბედულება ცხოვრებისეული ცვლილებების უშფოთველად მიღება, თავგადასავლებისთვის მუდმივი მზადყოფნაა, რის გარეშეც ვერ ვვითარდებით. ბეტი ხოხიაშვილი ასეთი გოგოა. მან ოთხი წლის წინ დატოვა ხალხმრავალი პეტერბურგი, მამის სამშობლოში, საქართველოში ჩამოვიდა, ბათუმში დასახლდა და „ტაქსი პლუსში“ დაიწყო მუშაობა. ბეტი აქაურობაზე გვიყვება.

„ბათუმში განსაკუთრებული, განსხვავებული ატმოსფეროა, რომელსაც დიდი ქალაქის ხმაურზე ვერ გაცვლი. მთა და ზღვა ერთად, სიმყუდროვე, ირგვლივ ყურადღებიანი, თბილი ადამიანები და გემრიელი კერძები, მეტი რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? როცა ამ ყველაფერს ეჩვევი, ძნელია სადმე წასვლა მოგინდეს. საქართველოში ულამაზესი ბუნებაა, ფოტოებით ვერ გადმოსცემ სიამოვნებას, რომელსაც აქაურობა განიჭებს. პერტერბურგი ძალიან მიყვარს, მაგრამ იქ აჩქარებული ცხოვრების რიტმი, ბევრი ხალხი და ცოტა მზეა, ყოველთვის ყველა ჩქარობს და ადამიანებს ერთმანეთისთვის თითქოს არ სცალიათ. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, სად გვეჩქარება? რა არის ურთიერთობებზე და ცხოვრებით ტკბობაზე უფრო მნიშვნელოვანი? მძღოლობაც ამიტომ ავირჩიე: აუჩქარებლად დაკვირვება მიყვარს ყველაფერზე,  მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ გზა დაუკვირვებლობას და აჩქარებს არავის პატიობს”.

თამარ ნერგაძის ფოტო

ბეტი ტაქსის მძღოლობას შემოქმედებითად აღიქვამს. ქალაქის ყველა წერტილში უწევს მისვლა, სხვადასხვანაირ ადამიანს ხვდება ყოველდღე, გამოცდილებასთან, თავგადასავლებთანაა დაკავშირებული მისი საქმიანობა. როცა ტაქსის იძახებენ და ქალი მიდის გამოძახებაზე, ხშირად უკვირთ, ზოგი ხმამაღლა, მხიარულად გაიძახის, სურვილი უნდა ჩავიფიქრო, პირველად ვმგზავრობ ქალის ტაქსითო. ბეტის მოსწონს, დროდადრო ადამიანების მხიარულებანარევი გაკვირვების მიზეზი რომ ხდება.

„პეტერბურგში ასე არ იყო“, – ამბობს ის. – „დიდი ქალაქია და ხშირად დაინახავთ ქალებს ტაქსის, ავტობუსის მძღოლებად. გზა უნდა გიყვარდეს, მისი უნდა გესმოდეს, მხოლოდ ასე შეიძლება მშვიდი მძღოლი იყო და საფრთხე არავის შეუქმნა. მიყვარს გზა, მამშვიდებს, თუმცა რთულია სიმშვიდის შენარჩუნება, როცა მოძრაობის წესებს არღვევენ. კარგადაც  რომ მართავდე საჭეს, ყოველთვის ჩნდება ვინმე, ვინც ცდილობს დაგიმტკიცოს რა შეუძლია და გასწრებს ან თავხედურად გიჭრის გზას. არ უნდა აყვე და არ უპასუხო ასეთებს, ადამიანებზე ხარ პასუხისმგებელი, შენი მანქანით რომ მგზავრობენ. ამიტომაცაა ტაქსისტობა ცოტათი სახიფათო საქმე. ძალიან ცუდი მდგომარეობაა გადასასვლელებზე. შემინიშნავს, სკოლის მოსწავლეები უფრო დაკვირვებით გადადიან, ვიდრე მოზრდილები და უფროსები. ალბათ სკოლაში ასწავლიან ბავშვებს მოძრაობის წესებს. ყოველთვის ელოდებიან შუქნიშანს, უფროსები ხანდახან არც აკვირდებიან, არ უყურებენ  მანქანა მოდის თუ არა. ვერ აცნობიერებენ დაუდევრობა როგორი სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვისაც და მძღოლისთვისაც“.

ბეტის მეორე პროფესია ფოტოგრაფობაა. ადამიანებს და დღესასწაულებს იღებს. ორი საქმე ცოტა თავისუფალ დროს უტოვებს, თუმცა ფიქრობს, რომ ეს რაღაცისთვის კარგია: აფასებს დროს და  გრძნობს ზღვარს მნიშვნელოვანსა და მეორეხარისხოვანს შორის, ხვდება რა უფრო სჭირდება და რაში სჯობს დროის ხარჯვა, კლუბში წასვლა ურჩევნია კონკრეტულ მომენტში თუ წიგნის კითხვა, რომლის წაკითხვაც დიდი ხანია უნდოდა.

თამარ ნერგაძის ფოტო

მოსწონს ქართული ცეკვა და სიმღერა, მაგრამ ზოგი ტრადიცია მისთვის გაუგებარია.

„ცოტა ხნის წინ პარკში, ტბის პირას ისხდნენ ახალგაზრდები, გიტარაზე უკრავდნენ და მღეროდნენ, ნელ-ნელა უამრავი ხალხი შეუერთდა და საოცრებებს მღეროდნენ ერთად, ვიჯექი და მთელი საღამო ვუსმენდი, ჩემთვის ესაა შინაგანი თავისუფლება და სილაღე. მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ ქორწინდებიან საქართველოში ადრეული ასაკიდანვე. მამაჩემი ქვედა სიმონეთიდანაა, ქუთაისის მახლობელი სოფლიდან, იქ მინახავს 16, 17 წლის წყვილების ქორწილი. არ უნდა ამბობდნენ ადამიანები უარს დაქორწინებულის სტატუსის გამო თვითგანვითარებასა და განათლებაზე. თუმცა, არ ვიცი, ვერ განვსჯი, იქნებ ეს არის, რაც უნდათ და მორჩა.

რას გაიგებ, ყველას თავისი ბედნიერება აქვს. მე მინახავს, მაგალითად, ბედნიერი მეძავი და გამკვირვებია, მაგრამ ფაქტია, რომ ბედნიერი იყო თავისი საქმით. მაშინ პეტერბურგში ვმუშაობდი და ტაქსი გამოიძახეს, მივედი, დამხვდა ძალიან ლამაზი ქალი, უზომოდ მოწესრიგებული თავიდან ფეხის ფრჩხილამდე, აღმოჩნდა, რომ მერსედესი გზაში გაუფუჭდა და სახლამდე უნდა მიმეყვანა. მომიყვა, როგორ ატარებდა მთელ თავისუფალ დროს სპა-სალონებსა და სილამაზის ცენტრებში. ძვირადღირებული მეძავი იყო, უზომოდ მოვლილი, ამაყობდა საკუთარი პროფესიით და აშკარად ბედნიერი იყო. მაშინ დავფიქრდი, თუკი ეს პროფესია სულ არსებობდა და სულ იარსებებს, ბარემ ყველა ასეთი მოწესრიგებული და ბედნიერი იყოს და არა გასაცოდავებული-მეთქი. ასეა, ყველამ თავისი ბედნიერება უნდა იპოვოს ცხოვრებაში, ყველა ადამიანი თავად წყვეტს რა გააბედნიერებს“, – ასე ფიქრობს ბეტი.

უბრალო, ყოფითი სურვილები აქვს, სურს არასოდეს იჩქარონ მოქალაქეებმა გადასასვლელებზე და გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს. ბეტი არ გამორიცხავს ბათუმში სამუდამოდ დარჩეს საცხოვრებლად. როგორც ამბობს ბედნიერია, როცა ირგვლივ გახარებულ ადამიანებს ხედავს, თითონ კი ბედნიერების და სიმშვიდის განცდა აქვს, როცა საჭეს მართავს და მყუდრო სალონიდან აკვირდება სამყაროს. შეიძლება ვიღაცისთვის მანქანა უბრალო რკინის კონსტრუქცია იყოს, მაგრამ მისთვის მანქანა მეგობარია, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

თამარ ნერგაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: