მთავარი,სიახლეები

გაჩუმება, ჩრდილში დგომა – სოციალური მუშაკი ყოფილი პატიმრების არჩევანზე

27.10.2017 • 2152
გაჩუმება, ჩრდილში დგომა – სოციალური მუშაკი ყოფილი პატიმრების არჩევანზე

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდასაჭერი პროგრამა ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროექტს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს: აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და გურიაში. ორგანიზაცია სამი წლის განმავლობაში ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს სარეაბილიტაციო მომსახურებას გაუწევს. პროექტი 2019 წლის 31 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ნესტან კახაძე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის სოციალური მუშაკია. ამ სფეროში 2005 წლიდანაა ჩართული და ყოფილ პატიმრებთან მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს.

„18 წლის ვიყავი, როცა პირველად დავიწყე არასრულწლოვან პრობაციონერებთან მუშაობა, სასიამოვნოდ გამოგვდიოდა საქმე, რადგან თანატოლად მთვლიდნენ და მენდობოდნენ. ერთი წელი ვიმუშავე და მივხვდი: ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა თუნდაც ერთ ადამიანს მაინც უწვდი ხელს დასახმარებლად და ახალ გზაზე აყენებ. შეუძლებელია ასეთ დროს მათგანაც არ იგრძნო მადლიერება,“ – გვეუბნება ნესტანი.

პატიმართა დახმარების პროგრამები ევროპასა და ამერიკაში

ნესტანი უცხოეთის პრაქტიკაზეც გვიყვება, სადაც ასეთი პროგრამების საჭიროება ნაკლებადაა: ,,ყოფილ პატიმართა მხარდასაჭერი პროექტები ძალიან ცოტაა ევროპასა და ამერიკაში -სარეაბილიტაციო პროექტები პენიტენციურ სისტემაშივეა ხელმისაწვდომი. ციხეშივე ამზადებენ ადამიანებს გათავისუფლებისთვის, მერე უკვე სახელმწიფო სთავაზობს ყოფილ პატიმრებს უამრავ საშუალებას ცხოვრების თავიდან დასაწყებად. ჩვენთან კი, ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ამარა რჩებიან და ელოდებიან, როდის დაეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები.’’

ნესტანი მიიჩნევს, რომ პრევენციის ცენტრის შექმნა სახელმწიფოს მხრიდან წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი რესურსი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რეინტეგრაციისთვის.

„დემოკრატიის ინსტიტუტს“ არ აქვს უფლება ციხეში შესვლის და მონიტორინგის წარმოების. მით უფრო, რომ ბათუმის მესამე საპყრობილე ნახევრად დახურული ტიპის ციხედ  გადაკეთდა. თუმცა, კოლონიებში შედიან ორგანიზაციები, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები და ატარებენ სემინარებს, დაინტერესებული პირები ესწრებიან ტრენინგებს და იღებენ სერტიფიკატებს. მაგრამ იმდენი ვერ კეთდება, რამდენიც საჭიროა.

როცა ციხეში დაბრუნება გიჯობს

არის შემთხვევები, როცა ციხიდან გათავისუფლება ყოფილი პატიმრისთვის სულაც არ ასოცირდება დადებით ემოციებთან. როგორც ნესტან კახაძის გამოცდილებიდან ვიგებთ, „ყველაზე რთული საპატიმროდან გათავისუფლებული ადამიანების დასაქმებაა, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა გაუკეთო ადამიანს: ასწავლო, გადაამზადო, სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამაში ჩართო, მთავარ პრობლემად რჩება დასაქმება და თუ ადამიანს საცხოვრებლის პრობლემაც აქვს, ამ დროს უკვე ძალიან მძიმდება გარემოება. სამი ადამიანი გვყავს ასეთი, რომლებსაც სახლი არ აქვთ. ერთი ჩვენი დახმარებით ურეხის თავშესაფარში მოათავსეს. ერთი ბერს შეეკედლა და მასთან ერთად კელიაში ცხოვრობს, მესამე ახლა ელოდება თავშესაფარს.

სახელმწიფო საპატიმროდან გამოსულ, მიუსაფარ ყოფილ პატიმრებს საცხოვრისით ვერ უზრუნველყოფს. თავშესაფარში ყოფილი პატიმარი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი ძალისხმევით მოხვდა: ქუჩაში დარჩა, იქვე ეძინა, წასასვლელი არ ჰქონდა და პატრული გამოვიძახეთ, ამის შემდეგ გადაიყვანა ეკიპაჟმა თავშესაფარში. ასეთი ადამიანები სამომავლოდ ისევ პოტენციური პატიმრები არიან. ურჩევნიათ ისევ დანაშაულის ჩადენაზე იფიქრონ, რომ ციხეში მაინც შეძლონ ღამის გათევა. თითქმის ყველას ჰყავს ოჯახი და ნათესავები, მაგრამ არ სურთ ,,ცუდი წარსულის’’ ყოფილი პატიმრების შინ მიღება. გააჩნია, ვის როგორი ოჯახი ჰყავს. სამი მაგალითიდან ერთს ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ არ იღებენ, არ პატრონობენ.

სახელმწიფოს სუსტი მხარე

„წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც 15 წელი გაატარა ციხეში, შევიდა 20 წლის და გამოვიდა 35-ის – გამოტოვა პერიოდი, როცა შეიძლებოდა საინტერესო გამოცდილება დაეგროვებინა. სად შეიძლება დასაქმდეს ეს ადამიანი? ხშირად დარაჯებად, მუშებად იწყებენ მუშაობას და თუ დამსაქმებელი არ არის ახლობელი ან ვინმე თავდებად არ უდგება, ყოფილ პატიმრებს დამსაქმებლები უარით ისტუმრებენ, რახან ციხეში აქვთ გატარებული ცხოვრების გარკვეული პერიოდი. ეს პრობლემა ნამდვილად დგას. ყველაფერი ინდივიდუალურია, გააჩნია იმასაც, ადამიანს როგორი პირობები ჰქონდა ციხეში. ზოგიერთი ისეთი დათრგუნული და გაუბედურებული გამოდის, რომ  სერიოზული მუშაობა სჭირდება, იმედი და მოტივაცია რომ გავუჩინოთ.

ერთეულებს შეუძლიათ დახმარების გარეშე ფეხზე დადგომა, მაგალითად, თუ 5000 ადამიანთან გვიმუშავია, ამათგან მხოლოდ 2-3 თუ იყო ისეთი, ვინც მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით დასაქმდა. არიან ისეთებიც, რომლებიც ჩვენამდე არ მოსულან და ცხოვრება თავისუფლად გააგრძელეს.

ყველაზე რთული შემთხვევები

სოციალური მუშაკის თვალით ყველაზე რთულია, როცა ადამიანი ციხიდან თავისუფლდება, არც საცხოვრებელი აქვს, არც სამსახური და ხვდება სრულიად განსხვავებული, შეცვლილი გარემო. ამას ემატება ისიც, რომ არ ჰყავს არავინ, სოციალურად დაუცველია და თან ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს.

,,ასეთ დროს, პირველ რიგში, გვიწევს ვიფიქროთ მის საცხოვრებელზე, მერე სოციალურ სტატუსზე, რომლის საშუალებითაც, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს უფლება ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის და ამ მნიშვნელოვანი საჭიროებების მოგვარების შემდეგ უკვე იწყება სამომავლო ნაბიჯების გადადგმა. ტრენინგები, სემინარები მისთვის საინტერესო სფეროში და ა.შ.’’ – ამბობს ნესტანი.

რატომ სდუმან ყოფილი პატიმრები

ნესტანი გვიხსნის, რატომ არჩევენ ყოფილი პატიმრები დუმილს საკუთარ წარსულზე:

„ფიქრობენ, რომ ლაპარაკი მათ არაფერს მოუტანს და გაჩუმებას, ჩრდილში დგომას არჩევენ. ტელევიზია ან ფოტოაპარტი მათზე ცუდად მოქმედებს. ხშირად არ სიამოვნებთ საკუთარი თავის აფიშირება, რადგან საზოგადოებას მაინცა და მაინც დადებითი რეაქციები არ აქვს ყოფილ პატიმრებზე. როცა ადამიანს დანაშაულის გამო არ ენდობა საკუთარი ცოლ- შვილი, ის ფიქრობს, რომ ნდობა არც არავისგან ექნება და ჩაკეტვას არჩევს. ვერ წარმოუდგენია, რომ ვინმე არ გაკიცხავს. თუ ხვდებიან ისეთ გარემოში, სადაც არ იციან, რომ პრობაციონერები ან ყოფილი პატიმრები არიან, საერთოდ არ საუბრობენ ამაზე.

ვფიქრობ, საზოგადოება ნებისმიერი ადამიანის მიმართ უნდა იყოს შემწყნარებელი, მათ შორის განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ, მერე რა რომ ვიღაც ყოფილი პატიმარია, ან რა მნიშვნელობა აქვს სტატუსებს. მაგრამ საზოგადოება ჯერ ვერ გაიზარდა, სხვების კრიტიკაზე მაღლა ვერ ვდგებით, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ ყოველთვის ყველაფერი შევაფასოთ და რაღაცაზე, ვიღაცაზე ვთქვათ, რომ კარგია ან ცუდი.“

საუკეთესო შედეგები

მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, ყოფილი პატიმრების გასაძლიერებელ პროგრამაში უამრავი შედეგი მიიღწევა.

,,ვინც არასდროს ეგუება მარცხს, ესენი არიან ქალები, ქალები გამოდიან ციხიდან, საკმაოდ დიდ სასჯელსაც იხდიან, რეაბილიტაციას გადიან, მუშაობას იწყებენ. რამდენიმე ქალი მახსენდება, რომლებსაც იქეთ შეუძლიათ დაეხმარონ სხვებს ფიზიკურად, ფინანსურად თუ მორალურად.“

„სახელმწიფოს წარმომადგენელი რომ ვიყო“

ნესტანი იმ საჭიროებებზეც საუბრობს, რომელთა მოთხოვნაც დიდია, მაგრამ არ არის რესურსი.

„ადამიანი, რომელსაც სულიერი პრობლემა აქვს და არ არის ჯანმრთელი, როგორი სახალისო აქტივობაც უნდა შესთავაზო მას, რა ღონისძიება და ექსკურსიაც არ უნდა მოუწყო, არ არის დაინტერესებული ჩაერთოს ამ ამბებში. ამიტომ, პირველ რიგში, რაშიც დიდი თანხა უნდა იხარჯებოდეს, ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. ციხიდან დაავადებების სხვადასხვა ნაკრებით, ტრავმებით გამოდიან. პირველი, რაც ამ ადამიანებს სჭირდებათ, ეს არის საფუძვლიანი მკურნალობის პროგრამები, რადგან ბევრი ყოფილი პატიმრის ჯანმრთელობა სავალალო მდგომარეობაშია. ამას ემატება გაჭირვება, უსახლკარობა და ა.შ.

ძალიან ბევრჯერ დავფიქრებულვარ, სად შეიძლება ვიყო, რომ არა მათი გაძლიერების პროგრამაში? და ყოველ ჯერზე მხოლოდ ისეთი სამსახურები მაფიქრდება, სადაც სხვისი დახმარებაა საჭირო. მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო“.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: