სიახლეები

ლარის კურსის გავლენა ტენდერებზე და საკანონმდებლო ხარვეზი

17.03.2015 • 1438
ლარის კურსის გავლენა ტენდერებზე და საკანონმდებლო ხარვეზი

 

ფული
ფული

შპს “გზები” ერთ-ერთია მათ შორის, რომელმაც ბათუმის მერიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად ნაკისრი ვალდებულება 2015 წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს. კომპანიამ მილიონამდე ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა გასული წლის დეკემბერში აიღო. მაშინ ლარის კურსი სტაბილური იყო, ლარის კურსის ვარდნამ კი, კომპანია პრობლემის წინაშე დააყენა. ახლა შპს “გზებში” არა მოგებაზე, არამედ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება ისე, რომ კომპანიამ არ იზარალოს.

 

“მერიასთან ამაზე საუბარი არ მქონია, ხელშეკრულებით მიმწოდებელს არ აქვს უფლება მისი გადახედვა მოითხოვოს. ძალიან ვნერვიულობ. აღებული ვალდებულება უნდა შევასრულოთ”, – განაცხადა “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში კომპანიის დირექტორმა ირაკლი აბაშიძემ.

 

კომპანია “აისბერგის” დირექტორის რეზო გორაძის თქმით, “აუცილებლად უნდა გადაიხედოს უკვე არსებული ხელშეკრულებები და ახალი ტენდერებიც, რადგან ისინი ძველი ტარიფებითაა დაანგარიშებული, სამშენებლო მასალების ფასი კი, 30 პროცენტით გაიზარდა”.

 

გასულ კვირას “ბათუმელები” კიდევ არაერთ კომპანიას დაუკავშირდა, რომლებსაც ბათუმის მერიასა და მუნიციპალიტეტებთან მსხვილბიუჯეტიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული, მათ შორის ბევრს საუბარი შემსყიდველთან შესაძლო დაპირისპირების თავის არიდების მოტივით არ სურს. ზოგიერთ კომპანიაში იმედი აქვთ, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში მთავრობა დათმობაზე წავა და ხელშეკრულებებს გადახედავს. მათ კი, ვისაც ამის იმედი არ აქვს, “შავ სიაში” მოხვედრას “ზარალზე წასვლა” ურჩევნია. არიან ისეთებიც, რომლებიც ახლა განიხილავენ საკითხს დიდ ფინანსურ ზარალზე თავის ასარიდებლად ხომ არ უღირთ ხელშეკრულება წესების დარღვევით შეაჩერონ.

 

ცოტა ხნის წინ მერიამ შპს “ჰიდროსთან” დადებული ექვსმილიონიანი ხელშეკრულება ჩაშალა, გადაწყვეტილების მიზეზად სამუშაოების წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკზე ჩამორჩენა დაასახელეს. მერიაში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს. “ჰიდრო” სასამართლოში სარჩელს ამზადებს, თუმცა კომპანიის დირექტორის უჩა ფუტკარაძის თქმით, საკითხი დღის წესრიგში სხვაგვარადაც დგას:

 

“ეს იყო ექვსმილიონიანი ტენდერი და ჩვენ ხუთ მილიონამდე დავწიეთ, თუ მერია ახალ ტენდერს გამოაცხადებს, დარწმუნებული ვარ, ექვს მილიონად გაურიგდება ახალ კომპანიას. ახლა ჩვენ იმაზეც ვფიქრობთ, ხუთ მილიონად გვიღირს თუ არა ამ სამუშაოს შესრულება”.

 

მერიამ “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა, შესყიდვის ღირებულებად 6 მილიონ 300 000 ლარი მიუთითა.

 

ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურში მიიჩნევენ, რომ ლარის კურსის ცვლილება ფასების ზრდასთან პირდაპირპროპორციული არ არის და “ერთგვარ მოლოდინთან დაკავშირებული გარანტიები” კონტრაქტორებისთვის არავის მიუცია. თუმცა აღიარებენ იმასაც, რომ კომპანიებმა, რომლებთანაც მერიას შეთანხმება საქონლის მიწოდებაზე აქვს, ფასების გაზრდის გამო ხელშეკრულებების ღირებულების გაზრდა მოითხოვეს. ოღონდ ეს არა უკვე გაფორმებულ, არამედ გამარჯვებულად გამოცხადებულ კომპანიებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებს ეხება:

 

“საუბარია ისეთ წვრილმან შესყიდვებზე, როგორიც არის, მაგალითად, საკანცელარიო ნივთები. სავარაუდო მომწოდებლებმა მოითხოვეს ფასების გაზრდა, არა იმიტომ, რომ ფასები გაზრდილია, არამედ რისკების დასაზღვევად. კიდევ უფრო რომ გაიზარდოს კურსი, შესაძლოა ზარალი მიიღონ. რაც შეეხება უკვე გაფორმებულ შეთანხმებებს, აქ ცხადია, ვალდებულებები უკვე ნაკისრია და მის შესრულებაზე უარს ვერ იტყვიან. ხელშეკრულებას შესაბამისი საგარანტიო მექანიზმები ახლავს”, – ამბობს არჩილ ვანაძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი.

 

საგარანტიო მექანიზმი, რაზეც საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი საუბრობს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციაა, ამის შემდეგ კი ე.წ. “შავ სიაში” მოხვედრას ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. საჯარიმო სანქცია კი კომპანიისთვის ხელშეკრულების ღირებულების 0,5 პროცენტის გადახდის დაკისრებას გულისხობს.
უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არა, მაგრამ მიმდინარე ტენდერების გამო “ნერვიულობენ” სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ ორგანიზაციებშიც. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა ძველი ტარიფების მიხედვით გამოცხადებული ტენდერები ჩაიშალოს, რაც დაგეგმილ სამუშაოებს გააჭიანურებს: “ძველ ხელშეკრულებებში არაფერი შეიცვლება. ეს კანონითაა განსაზღვრული და მე კანონს ვერ შევცვლი. თუმცა ვშიშობ და მაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე ტენდერები ჩაიშლება”, – ამბობს შპს “ბათუმის წყლის” ფინანსური დირექტორი თემურ ბედინაძე. 


კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ისეთი მიზეზი, როგორიც ლარის კურსის ვარდნის გამო სამშენებლო მასალების გაძვირებაა, ხელშეკრულების გადახედვის საფუძველი გახდეს და არის თუ არა შემსყიდველი ორგანიზაცია კანონმდებლობით უპირატეს მდგომარეობაში? – არასამთავრობო ორგანიზაცია “გამჭვირვალობა საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა პასუხობს:

 

“სამწუხაროდ კანონმდებლობაში სრული რეგლამენტირება არ არის თუ რა შემთხვევაში და რა პირობებში შეიძლება გადაისინჯოს ხელშეკრულება. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შესყიდვებთან დაკავშირებით ქართულ კანონმდებლობაში გვაქვს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანებით, ტენდერის ჩატარების შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების განხორციელების შემთხვევაში, პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, გარდა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ეს მუხლიც ზოგად გარემოებებზე საუბრობს. ნებისმიერ შემთხვევაში უპირატეს მდგომარეობაში არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გაუფორმა ხელშეკრულება კომპანიას ტენდერში გამარჯვების შედეგად.”

 

მალხაზ ჭკადუა შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს ხედავს, რაც მერიის მხრიდან კეთილი ნების გამოჩენით შეიძლება გამოიხატოს: “შეიძლება გაუგრძელოს მათ ვადები, ან არ გაატაროს მკაცრი სანქციები დაგვიანების გამო”.

 

არჩილ ვანაძის თქმით, მერიისთვის კონტრაქტორებს ჯერ არ მიუმართავთ, იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორები პრობლემების მოსაგვარებლად მერიას მიმართავენ, მერიაში საკითხს შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: