ბათუმი

წაკითხული აქვთ თუ არა დეპუტატებს აჭარის კონსტიტუცია?

24.03.2015 • 1916
წაკითხული აქვთ თუ არა დეპუტატებს აჭარის კონსტიტუცია?

 

წაკითხული აქვთ თუ არა აჭარის კონსტიტუცია უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს და თუ წაკითხული აქვთ, როგორ ესმით მისი შინაარსი? – ეს საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრის ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერად არჩევის კენჭისყრის კანონიერების ეჭვქვეშ დაყენების შემდეგ გახდა აქტუალური.

 

კონსტიტუციონალისტ მალხაზ ნაკაშიძის განმარტებით, დათქმა, რომ ვიცე-სპიკერი სიითი შემადგენლობის ერთმა მესამედმა (ანუ 11-მა დეპუტატმა) უნდა აირჩიოს აჭარის კონსტიტუციითა განსაზღვრული. რეგლამენტი, რაც კონსტიტუციიდან გამომიდინარეობს, ადგენს მხოლოდ პროცედურას და არა ვიცე-სპიკერად არჩევისთვის საჭირო ხმათა ოდენობას. უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების შემდეგ კი კონსტიტუციონალისტს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რა მიზეზით დაიწყეს დავა უმაღლესი საბჭოს წევრებმა იმაზე, რაც კონსტიტუციით უკვე განსაზღვრულია. „ამის მიზეზი კონსტიტუციის კარგად არწაკითხვა, მისი არცოდნა თუ რაიმე სხვაა, ეს მე არ ვიცი“, – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

 

ისტორისკოს ემზარ  კახიძის შეფასებით კი, მისთვის როგორც ამომრჩევლისთვის, რაც უმაღლეს საბჭოში ხდება, სიბნელეა. ის ამბობს, რომ უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს სხვა სახელს ვერ არქმევს. „მე ისიც ვერ გავიგე რა ხდება, მართლა დაარღვიეს კონსტიტუცია თუ არ დაარღვიეს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. თვითონაც ვერ ჩამოყალიბებულან. უბრალოდ, პირადი სიმპათიების მიხედვით ახდენენ კონსტიტუციის განსაზღვრებას. ასე არ შეიძლება“, – ამბობს ემზარ კახიძე.

 

უმაღლესი საბჭოს სხდომას, რომელზეც ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევას უყარეს კენჭი, 13 წევრი ესწრებოდა – რვა `ნაციონალური მოძრაობიდან~, თავად ჯემალ ფუტკარაძე, მედეა ვასაძე და ორიც `თავისუფალი  დემოკრატებიდან~. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ბესო შერვაშიძე `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბრისას ირწმუნება, რომ მართალია, `თავისუფალმა დემოკრატებმა“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, მაგრამ ისინი სხდომაზე დასასწრებად დარეგისტრიდნენ.

 

ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერად არჩევას მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, რაც აჭარის კონსტიტუციის თანახმად მის ასარჩევად საკმარისი არ იყო. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ განმარტა, რომ პროცედურა არ შედგა და სხდომა დახურულად გამოაცხადა, რასაც დეპუტატები შეეწინააღმდეგნენ.

 

კითხვაზე არის თუ არა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციის სწორად წაკითხვის ან თუნდაც, ზოგადად, მისი წაკითხვის პრობლემა? – აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე პასუხობს:

 

„მე-15 მუხლის დარღვევაზე სხდომაზევე გავაკეთე განცხადება, თუ რატომ არ შემეძლო არჩევნები ჩატარებულად ჩამეთვალა. ერთ-ერთი ძირითადი მოტივი იყო ის, რომ დაირღვა აჭარის კონსტიტუციის მე-15 მუხლის მოთხოვნა. როდესაც კანონქვემდებარე აქტი, ანუ რეგლამენტი არ ექვემდებარება კონსტიტუციის ნორმას, მოქმედებს კონსტიტუციის ნორმა. რაც შეეხება იმას, რატომ არ არის რეგლამენტი კონსტიტუციასთან თანხვედრაში, მე პირველივე სხდომაზე ვთქვი და ყოველთვის ვამბობდი, რომ აჭარის კონსტიტუცია და ასევე რეგლამენტი არის უხარისხო, ეს ოქმშიცაა ჩაწერილი. ჩვენ კონსტიტუციის შეცვლაზე ხელი არ მიგვიწვდება. რადგან ამას სჭიდებოდა 14 ხმა, რაც ჩვენ არასდროს გვქონდა. რაც შეეხება რეგლამენტს, როდესაც დავინახეთ, რომ საჭირო იყო რეგლამენტის საფუძვლიანი ცვლილება, შევქმენით რეგლამენტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მთლიანად შევიყვანეთ იურიდიული კომისია. მე არ გამიცდენია ამ ჯგუფის არც ერთი შეხვედრა. მისი წაკითვის პრობლემა მე არ მგონია იდგეს დღეს წესრიგში, მათ ასე საკითხი მანამდე ბიუროს სხდომაზე არ დაუყენებიათ. ეს შეგნებული ქმედება იყო“.

 

ჯემალ ფუტკარაძის არჩევას კანონიერად მიიჩნევდა აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე. თუმცა ახლა ის ამბობს: „მე თავიდანვე განვაცხადე, რომ კონსტიტუცია უპირატესია. მე ამოვდიოდი კონსტიტუციიდან, სადაც ცალსახად წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღება 11 ხმით. მაგრამ არის ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერები, რაც განსაზღვრავს, რომ თუ 11 ხმას ვერ იღებს ვერც ერთი კანდიდატი, მეორე კანდიდატი, ვინც მიიღებს ხმათა უმრავლესობას არანაკლებ ერთი მესამედისა, არჩეული იქნება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. ჩვენ, `თავისუფალი დემოკრატები“, ვფიქრობთ, რომ ამომავალი წერტილი არის კონსტიტუცია“.

 

კონსტიტუცია, რომ უპირატესია ვიდრე რეგლამენტი, ეს თავიდანვე იცოდა პეტრე ზამბახიძემ. ის ბევრი დეპუტატისგან განსხვავებით განათლებით იურისტია. ის ამბობს კიდეც, რომ სადავოა, რაც გასულ კვირას უმაღლეს საბჭოში მოხდა. მაგრამ ამის მიუხედავად, კონსტიტუციასთან შეუსაბამო წესით ვიცე-სპიკერის არჩევის ორგანიზება ძირითადად მან წარმართა, რასაც ერთადერთი ახსნა აქვს – ეს მისი პარტიის, `ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედიოდა.

 

არსებული ქაოსი არ ყოფილა დაბრკოლება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის მათთვის აქამდე ცნობილი, მაგრამ საზოგადოებისთვის უცნობი სხვა დოკუმენტებიც გამოეტანათ დღის სინათლეზე – საქმე ეხება უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად დავით ბაციკაძის კანონდარღვევით არჩევას. რეგლამენტის თანახმად, ვიცე-სპიკერის არჩევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაციას 14 დეპუტატი გაივლის. დეპუტატებმა გამოაქვეყნეს ოქმი, რითაც დასტურდება, რომ რეგლამენტი ყოფილი ვიცე-სპიკერის არჩევის დროსაც დაირღვა, რადგან რეგისტრაცია მხოლოდ 13-მა დეპუტატმა გაიარა. გასულ კვირას ამ ოქმის გამოქვეყნების შემდეგ დეპუტატები ნიშნისმოგებით საუბრობდნენ, რომ თურმე დავით ბაციკაძეც უკანონოდ ყოფილა არჩეული. თითქოს მათი ვალდებულება არ არის კანონის დაცვით აირჩიონ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი, იმის მიუხედავად ბაციკაძე იქნება, ფუტკარაძე თუ ვინმე სხვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: